"გიორგის არასდროს უღიარებია მკვლელობა... ვიცი, ვინც არის ჩემი შვილის მკვლელი" - კვირის პალიტრა

"გიორგის არასდროს უღიარებია მკვლელობა... ვიცი, ვინც არის ჩემი შვილის მკვლელი"

ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში სასჯელაღსრულების მინისტრს კახი კახიშვილს პირდაპირ ეთერში შვილმკვდარი მამა გაესაუბრა, რომელმაც შვილის მკვლელობის და მკვლელობაში ბრალდებულის საქმის დეტალებზე ისაუბრა.

საქმე ეხება 2010 წელს, წყნეთში მომხდარ მკვლელობას. მაშინ ახალგაზრდების შელაპარაკებას 19 წლის თემურ ყურაშვილი ემსხვერპლა. გამოძიებამ მკვლელობის ბრალდებით შემთხვევის ადგილზე მყოფი 19 წლის გიორგი მარღანია დააკავა და 2011 წელს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმარიც, მისი ახლობლებიც და მკვლელობის მოწმეებიც დღემდე აცხადებენ, რომ ნამდვილი დამნაშავე სულ სხვა პირია და ის შემთხვევიდან რამდენიმე დღეში საქართველოდან გაიყვანეს.

2015 წელს გიორგი მარღანიას საქმის გადახედვის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოსთან აქციაც გაიმართა. ადვოკატის ინფორმაციით, სასურველი ჩვენების მისაღებად, მოწმეებზე თავის დროზე ზეწოლა განხორციელდა.

გადაცემაში, მოკლული ბიჭის მამამ, თემურ ყურაშვილმა, შვილის მკვლელობის დეტალები გაიხსენა და ისიც განმარტა, რომ ის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მარღანიას დამნაშავედ არ მიიჩნევს და მინისტრს მარღანიას გათავისუფლება სთხოვა.

"დიდხნას წაგვიყვანს იმაზე ლაპარაკი, ამ 5 წლის განამვლობაში რა მაქვს გავლილი. მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მარღანიას, არაფერი საერთო არ აქვს მკვლელობასთან, მაგრამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიე. ამ საქმეში ჩართული იყო ადვოკატი შალვა შავგულიძე, პრეზიდენტთან და პატრიარქთანაც ვითხოვეთ შეწყალება, ბოლოს, შარშან, მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს, სადაც ადვოკატმა ისევ შეადგინა საქმე და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ. 14 მოწმეა იმისა, რომ გიორგი მარღანია უდანაშულოა და 2 მოწმით არის დამნაშავე. ამბობენ, რომ ამ 2 მოწმეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა და ჩვენება ძალით იქნა მოპოვებული. მაგრამ სამწუხაროდ მოსამართლემ პირველი განაჩენი ძალაში დატოვა. ჩვენ სხვა არაფერს მოველოდით მისგან. არ არის ხშირი შემთხვევები, როდესაც დაზარალებული ითხოვს პატიმრის ციხიდან გამოყვანას, ამ 5 წლის განმავლობაში არასდროს დამირღვევია უდანაშაულობის პრეზუმცია, მაგრამ დღეს ვარღვევ და უნდა მაპატიოთ, ვიცი, ვინც არის ჩემი შვილის მკვლელი, ეს არის ერეკლე ჩიკვაიძე, და თუ ეს ასე არ იქნა, თანახმა ვარ სასჯელი მოვიხადო ციხეში.

ბატონო მინისტრო, პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრდა ის, რომ მკვლელობის მუხლით პატიმრებს არ ეხებით, მაქვს ასეთი კითხვა, რადგან თქვენს კომპეტენციაშია უდოთი პატირმის გათავისუფლება, დაუშვებთ თუ არა გიორგი მარღანიას მიმართ გამონაკლისს, მითუმეტეს, რომ მას არასდროს უღიარებია ჩემი შვილის მკვლელობა, მეტსაც გეტყვით, მას ორჯერ ჰქონდა საშუალება შეწყალებით გამოსულიყო ციხიდან, რაზე უარი თქვა, ამას გარდა, რამდენადაც ვიცი, ციხეში მას რაიმე სერიოზული დარღვევა არ აქვს", - განაცხადა თემურ ყურაშვილმა.

მინისტრმა კახი კახიშვილმა თემურ ყურაშვილს ის მექანიზმები განუმარტა, თუ რა შემთხვევაში თავისუფლდება პატიმარი საპატიმროდან.

"მინდა განვმარტო, რომ ჩვენ ვართ სასჯელის აღსრულების სამინისტრო და ვასრულებთ იმ სასჯელს, რომელსაც სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით მიუსჯის ამა თუ იმ პიროვნებას. აქედან გამომდინარე, სასჯელის რევიზიის მოხდენის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. არსებობს მსჯავრდებულის გათავისუფლების კანონით დადგენილი რამდენიმე პროცედურა. ერთია, როდესაც, კალენდრულად მოიხდის სასჯელს და გათავისუფლდება, მეორეა პირობით ვადამდე ადრე გათვაისუფლების გადაწყვეტილება, მესამე, როგორც უფრო მსუბუქი სასჯელით ეცვლება მას სასჯელი და მეოთხეა, შეწყალების აქტი, რამდენადაც მე გავიგე, კონკრეტულ შემთხვევაზე, თვითონ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი ჯერ არ დამდგარა, ვინაიდან მას არ მოუხდია კანონით დადგენილი კონკრეტული წლები. აქედან გამომდინარე, ვერ ვიმსჯელებთ მის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საკითხებს, აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიღება სცილდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომპეტენციას.

რაც შეეხება, კონკრეტულად პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებას, იცით რომ ადგილობრივი საბჭოები წყვეტს, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხებს, მაგრამ ჩვენ ამ სისტემაში ვნახეთ ხარვეზები, როდესაც მაგალითად, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება ერთის მხრივ თითქოს საჩივრდება ადმინისტრაციული წესით, მაგრამ მეორეს მხრივ, სასამართლო ვერ შედიოდა ამის განხილვაში, ჩვენ უკვე ინიცირებული გვაქვს საქართველოს მთავრობაში, მალე მისი ინიცირება მოხდება პარლამენტში და ამ მექანიზმებს დავხვეწავთ.

კონკრეტულად კი, ამ ბატონის საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია ვერ გავაკეთებ კომენტარს, პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვიცი საქმის დეტალები, ერთის მხრივ, როგორც იურისტი, ნამდვილად ვერ მივცემ რჩევას, მაგრამ როგორც სასჯელაღსრულების მინისტრი, შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მოგახსენეთ გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები".

როგორც თემურ ყურაშვილმა მინისტრს განუცხადა, დაკავებულ გიორგი მარღანიას სასჯელის ორ მესამედზე მეტი უკვე მოხდილი აქვს. "რამდენადაც მე ვიცი, მინისტრს უფლება აქვს განიხილოს ეს საკითხი და უდოთი გაათავისუფლოს ახალგაზრდა".

მინისტრმა კი უპასუხა, რომ ეს საკითხი შესასწავლია: "მე შემიძლია სპეციალურ სამსახურს მივცე დავალება, შეისწავლონ ამ მსჯავრდებულის გათავისუფლების ვადებთან მიმართებაში საკითხი, ისიც შემიძლია, რომ შევხდეთ ამ ბატონს და გავიაროთ ეს ვადები. კონკრეტულად საბჭოს ნაცვლად, მე გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ იმ შემთხვევაში, თუ მას ეკუთვნის ვადამდე ადრე გათავისუფლება".

ვიდეო