"ლარისა ივანოვნა და ვალიკო... შეხვედრა 40 წლის შემდეგ" - ექსკლუზიური ინტერვიუ ელენა პროკლოვასთან
"კვირის პალიტრის" არქივი, 2016 წელი
"ლარისუ ივანოვნუ ხაჩუ"
"დაახლოებით ერთი თვის წინ შევხვდით მე და ბუბა, დიდი სიყვარულით გადავეხვიეთ და მივხვდით, რომ ძალიან მოგვნატრებია ერთმანეთი. ამ ურთიერთობასა და სიყვარულს დრო და პოლიტიკა ვერ შეცვლის"
გიორგი დანელიას უკვდავი ფილმის - "მიმინოს" ფრაზები მარგალიტებივითაა მიმობნეული პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია "Ларису Ивановну Хачу". საბჭოთა სტიუარდესა ლარისა ივანოვნა კომაროვას ეპიზოდური როლი რუსი ლამაზმანის სიმბოლოდ იქცა, რომლის გულის მოსაგებადაც კავკასიელი მამაკაცები არაფერს იშურებდნენ.
ბევრი ვიფიქრე, რით გავახარებდი ქართველ მკითხველს წინასაახალწლოდ და მოვიფიქრე Лариса Иванова-ს როლის შემსრულებელთან, ელენა პროკლოვასთან ინტერვიუ შემეთავაზებინა მათთვის.
- 11 წლის ვიყავი, პირველად რომ გადამიღეს ფილმში "რეკავენ, კარი გააღეთ". ამ როლით საერთაშორისო პრემია დავიმსახურე. 12 წლისამ გერდას როლი ვითამაშე ფილმში "თოვლის დედოფალი". ამის შემდეგ სკოლა ექსტერნად დავამთავრე და სამსახიობო განათლების მიღებას შევუდექი. ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთე...
- თქვენი როლი ფილმში "მიმინო", მართალია, ეპიზოდურია, მაგრამ ძალიან ცნობილი, ხოლო ფრაზა "Ларису Ивановну Хачу" ფრთიან გამონათქვამადაც კი იქცა.
- მსოფლიოს მასშტაბით, სადაც კი ჩავფრენილვარ, ყველგან ეს ფრაზა მესმის. დამინახავენ თუ არა, ყოველთვის გაისმის, "Ларису Ивановну Хачу".
"მიმინოში" რომ ვითამაშე, 24 წლის ვიყავი. სიამოვნებით ვიხსენებ იმ დღეებს. როდესაც ეს როლი შემომთავაზეს, უკვე კინოში მუშაობის საკმარისი გამოცდილება მქონდა. ამ დროისთვის უკვე კარგად ვიცნობდი და უფრო მეტიც, მტკიცედ მჯეროდა, რომ გიორგი დანელია ყველა დროის საუკეთესო რეჟისორია. მას უკვე გადაღებული ჰქონდა ჩემი აზრით მსოფლიო კლასიკა - "არ იდარდო" და წარმოიდგინეთ, ერთ დღეს ამ ფილმის რეჟისორი მირეკავს და მეუბნება, მოხარული ვიქნები, თუ ჩემს ფილმში ითამაშებთო. "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ როლზე", - ასე, მოკლედ ვუპასუხე. "ეს ძალიან პატარა როლია", - დამიკონკრეტა დანელიამ. "თანახმა ვარ", - ვუთხარი დიდ რეჟისორს.
გადაღებები არცთუ დიდხანს გაგრძელდა. ძირითადად, ბერლინში ვიღებდით. თბილისში მოგვიანებით ჩამოვფრინდი, თუმცა გადაღებები ამ ქალაქში არ მქონია. კარგა ხანს შემოვრჩი, რადგან თქვენს ქალაქში ბევრი მეგობარი მყავდა.
- მაშინ პირველად ჩამოხვედით საქართველოში?
- არა, პირველად "მიმინომდე" ჩამოვედი. ძალიან მიყვარს საქართველო. ნამდვილი საქართველო კი მაშინ შევიგრძენი, როდესაც გიორგი დანელიამ გადამიღო "მიმინოში". ამ ეპიზოდურმა როლმა დადებითი როლი ითამაშა ჩემს სამსახიობო კარიერაში.
მახსოვს თქვენს ქვეყანაში გატარებული დღეები თავისი დაუსრულებელი ქორწილებით, დაბადების დღეებით, ქართულ სუფრასთან ურთიერთობის ლამაზი ტრადიციებით, მეგობრებით, შეხვედრებით.
ბუბა კიკაბიძე "არ იდარდოს" შემდეგ გავიცანი, ცხონებულ ფრუნზიკ მკრტიჩიანსაც ვიცნობდი, ლეონოვთან ერთად კი ბავშვობიდანვე არაერთხელ ვმდგარვარ გადასაღებ მოედანზე.
- რა შეიცვალა ვალიკო მიზანდარსა და ლარისა ივანოვნას, ან ელენა პროკლოვასა და ბუბა კიკაბიძის ურთიერთობაში 2008 წლის შემდეგ?
- არც არაფერი. დაახლოებით ერთი თვის წინ შევხვდით მე და ბუბა, დიდი სიყვარულით გადავეხვიეთ და მივხვდით, რომ ძალიან მოგვნატრებია ერთმანეთი. ამ ურთიერთობასა და სიყვარულს დრო და პოლიტიკა ვერ შეცვლის.
ორმოცი წლის შემდეგ...
"ლარისა ივანოვნა და ვალიკო... შეხვედრა 40 წლის შემდეგ"... ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი რატი აბზიანიძე "ფეისბუკში"...
- ერევანში ბუბა კიკაბიძის ახლობლის დაბადების დღე იყო. ელენა პროკლოვაც იქ იყო. ბატონი ბუბასთვის ეს დიდი სიურპრიზი გახლდათ. ადვილი წარმოსადგენია, რა ემოციური იქნებოდა მათი შეხვედრა. ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში "მიმინომ" იმხელა როლი ითამაშა, ცხოვრებასთან არის გაიგივებული. პერსონაჟების სახელებით მოიხსენიებენ ცხოვრებაშიც... ამდენი წლის შემდეგ შეხვედრას, სამწუხაროდ, დიდი სევდაც ახლდა, როგორც გაირკვა, ქალბატონ ელენას შვილი გარდასცვლია.
ბევრი ისაუბრეს, ბევრი სასიამოვნო მოგონებაც ჰქონდათ. ბატონმა ბუბამ ქალბატონი ელენა თავის იუბილეზე დაპატიჟა, რომელიც მომავალ წელს გაიმართება ბათუმში. ელენა პროკლოვაც დაჰპირდა, რომ ბათუმში აუცილებლად ჩამოვა... ფილმის გადაღებიდან 39 წელზე მეტი გავიდა, მალე 40 წელი სრულდება და ორივე მათგანი სინანულით აღნიშნავს, რომ ეს წლები მათთვის ძალიან სწრაფად გავიდა.
იხილეთ ფოტოგალერეა: იხილეთ ფოტოგალერეა: ლარისა ივანოვნა ფილმიდან "მიმინო"
ეკა სალაღაია
მანანა გაბრიჭიძე