სტუმრად დედის საყვარელ ქალაქში - დიმიტრი პევცოვის კონცერტი თბილისში - კვირის პალიტრა

სტუმრად დედის საყვარელ ქალაქში - დიმიტრი პევცოვის კონცერტი თბილისში

ცნობილ მსახიობსა და მომღერალს დიმიტრი პევცოვს მრავალი ათეული როლი აქვს განსახიერებული, როგორც კინოში, ისე თეატრში. თუმცა, ალბათ არ შემედავებით, თუ ვიტყვი რომ მისი სავიზიტო ბარათი უდაოდ 2000 წელს გადაღებულ სერიალ "Бандитский Петербург"-ში განსახიერებული როლია.

მსახიობს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს ჩვენს ქალაქში, რომელთაც გავახარებ და ვამცნობ, რომ სულ მალე დიმიტრი პევცოვი თბილისს ეწვევა. საყვარელ არტისტთან შეხვედრა -კონცერტი 12 იანვარს გრიბოედოვის თეატრის სცენაზე გაიმართება. "დაბრუნება თბილისში 30 წლის შემდეგ" - ასე დაასათაურა ქართველ მაყურებლებთან შეხვედრა მსახიობმა.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ძალიან ბევრი რამ აკავშირებს დიმიტრი პევცოვს თბილისთან და მისი ამჟამინდელი საქართველოში ვიზიტიც, მხოლოდ გასტროლებით არ შემოიფარგლება. არტისტი საქართველოს დედაქალაქში დედის, ნოემი სემონოვნა რობერტის თხოვნით ჩამოდის. ქალბატონი ნოემი 30-წლიანი განშორების შემდეგ ეწვევა თბილისს. საქმე იმაშია, რომ რუსული ეკრანის ვარსკვლავის, დიმიტრი პევცოვის მშობლები - არც მეტი, არც ნაკლები - ძირძველი თბილისელები არიან, ორივე მათგანი მთაწმინდაზე ცხოვრობდა, ხოლო მსახიობის უფროსი ძმა კი, ბორჯომში მოევლინა ქვეყანას. ასე რომ, დიმიტრი პევცოვი ოჯახის წევრთა შორის პირველი მოსკოველია.

იგი თბილისს არც თუ ისე ხშირად სწვევია. როგორც იხსენებს, ბოლოს 80-იანი წლების ბოლოს იმყოფებოდა ამ ქალაქში, როდესაც თანაკურსელებთან ერთად მოგზაურობდა საქართველოსა და უკრაინაში.

"დედა ხშირად მიამბობდა თბილისზე, კერძოდ მთაწმინდაზე, გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც მათი ოჯახი სახლობდა", - იხსენებს პევცოვი.

სხვათა შორის ქალბატონი ნოემი ცნობილი კომპოზიტორის, მიქაელ ტარივერდიევისა და მარლენ ხუციევის სკოლელი და მეგობარი გახლდათ. ნოემი რობერტი ხშირად ოცნებობდა სწვეოდა მშობლიურ ქალაქს და ვაჟმაც არ დააყოვნა, რომ დედის ოცნება რეალობად ექცია.

დიმიტრი პევცოვთან და მის დედასთან ერთად თბილისს მსახიობის მეუღლე, მშვენიერი ოლგა დრაზდოვა და 10 წლის ვაჟი ელისეი ეწვევიან.

ქართველ საზოგადოებას ცნობილი არტისტი ერთობ საინტერესო პროგრამას სთავაზობს. კონცერტზე გაჟღერდება ცნობილი ჰიტები ახლებური არანჟირებით, ახალი სიმღერები და ალექსანდრე ვერტინსკისა და ვლადიმერ ვისოცკის სიმღერები. პროგრამის განსაკუთრებული ნაწილი დაეთმობა ნიკოლაი პარფენიუკის მელოდიებს, რომლებიც სპეციალურად დიმიტრი პევცოვისთვის დაიწერა და მის პირველ სოლო ალბომში "მთვარის გზა" შევიდა. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მსახიობები და მომღერლებიც: მაია ბარათაშვილი, ნინო ძოწენიძე, თემო საჯაია, მსახიობი ლელა თელია და გრიბოედოვის თეატრის მსახიობები: ნინო კიკაჩეიშვილი, დეა მუმლაძე და ნინა ნინიძე.

ეკა სალაღაია