"სხვების სიცოცხლეს გაუფრთხილდა, საკუთარზე კი არც დაფიქრებულა" - ზვავში მოყოლილი მესტიელი მძღოლის გმირობის ამბავი - კვირის პალიტრა

"სხვების სიცოცხლეს გაუფრთხილდა, საკუთარზე კი არც დაფიქრებულა" - ზვავში მოყოლილი მესტიელი მძღოლის გმირობის ამბავი

"გია ხელებგადაშლილი იწვა თოვლში. მივვარდი, უბეში ხელი ჩავუყავი და ჯერ კიდევ თბილი იყო, მაგრამ პულსი აღარ ჰქონდა. მაინც ვიფიქრე, იქნებ სასწაული მოხდეს და გადარჩეს-მეთქი. ამიტომ დიდხანს ვუტარებდი ხელოვნურ სუნთქვას, არაფერი გამოვიდა. როგორც ჩანს, გიამ სახეზე ხელის აფარებაც ვერ მოასწრო, რომ სასუნთქი სივრცე დაეტოვებინა…"

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესტიაში ჩამოწოლილმა ზვავმა ადამიანი იმსხვერპლა, ერთი რიგითი "ნიუსი" იყო, რომელისთვისაც ბევრს ალბათ არც მიუქცევია ყურადღება, თუმცა kvirispalitra.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ გია მუშკუდიანმა საკუთარი სიკვდილით არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

ტრაგედია ზუგდიდი-მესტიის ტრასაზე სოფელ ბარჯაშისთან ახლოს მდებარე გვირაბთან მოხდა. მესტიელ მძღოლს, გია მუშკუდიანს მიკროავტობუსით ზუგდიდის მიმართულებით ზუგდიდის ის მაცხოვრებლები გადაჰყავდა, რომლებიც მესტიაში დროებით სამუშაოებზე მუშაობენ. ერთ მონაკვეთზე მთიდან დაძრული თოვლი შენიშნა, მიკროავტობუსი მოშორებით გააჩერა, თვითონ გზის დასათვალიერებლად წავიდა.

ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ მთიდან დაცურებულ მცირე თოვლს სულ რამდენიმე წუთში შესაძლოა, ყველაფრის წამლეკავი დიდი ზვავი მოჰყვეს და სწორედ ამ მიზნით გადაწვიტა ახლომახლო ტრასის დაზვერვა.

გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მან თოვლში ჩაფლული "ჯიპის" მარკის ავტომანქანა შენიშნა. ბევრი არ უფიქრია, შეჩერდა და მძღოლის დახმარებას შეუდგა. სულ რამდენიმე წუთში, როგორც კი გაწამებულმა "ჯიპის" მძღოლმა მანქანა თოვლიდან ამოიყვანა და საშიშ ზონას მცირედით მოშორდა, მთას თოვლის უზარმაზარი მასა მოსწყდა და გია მუშკუდიანს დაეცა...

დღეს ამ ადამიანს მთელი მესტია გლოვობს. გია მუშკუდიანი გმირია, რომელმაც სხვები გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.

მარინა ჟორჟოლიანი, გია მუშკუდიანის მეზობელი:

- ძალიან მიჭირს გიაზე წარსულში ლაპარაკი. კეთილი და სხვებზე მზრუნველი ადამიანი იყო. არ მიკვირს რომ ასე დაიღუპა, ის ისეთი იყო, ადამიანის გადასარჩენად მართლაც რომ მთებს გადაგამდა, როცა ჩვენს სიახლოვეს ვინმეს უჭირდა, ის პირველი ედგა მხარში. მარტო ნაცნობებს კი არა, უცნობებსაც გულით ეხმარებოდა.

მისი სიკეთე უამრავ ადამიანს ახსოვს მესტიაშიც და ზუგდიდშიც, მიკროავტობუსის მძღოლი იყო, ეს ორი რაიონი კარგად იცნობდა. სიყვარულის გამომჟღავნების გიასნაირი უნარი ძალიან ცოტას თუ აქვს, - მოხუც დედას ისე უვლიდა, როგორც პატარა ბავშვს, გამუდმებით ეფერებოდა... საწყალი ქალი შვილის სიკვდილს მოესწრო, ძნელია მისი ტკივილის ყურება.

სხვის დასახმარებლად გაჩერდა, სხვების სიცოცხლეს გაუფრთხილდა, საკუთარზე კი არც დაფიქრებულა...

სვანეთში ზვავებს ბევრი უბედურება მოაქვს, რაც ჩვენმა ხალხმა იცის და რაც შეიძლება ფრთხილობს. გიამაც ამიტომაც გააჩერა მანქანა. მგზავრებისთვის უთქვამს, წავალ, გზას ვნახავ, გზის გაგრძელება შეიძლება თუ არაო, მაგრამ ცოტა რომ გაიარა, თოვლში ჩავარდნილი მანქანა დაინახა, ის ხომ გაჭირვებაში არავის მიატოვებდა… გაჩერდა და "ჯიპის" მძღოლს დაეხმარა. სწორედ ამ დროს მოსწყდა ზვავი და გიას დაეცა...

- თოვლის მასა ალბათ დიდი იყო, თორემ მიკროავტობუსის მგზავრები და "ჯიპის" მძღოლი მისი ზვავიდან ამოყვანას ხომ შეეცდებოდნენ?

- შიშველი ხელებით დაიწყეს თოვლის თხრა, მაგრამ რას გახდებოდნენ. მაშველიც იყო გამოძახებული, მაგრამ... რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს ადამიანმა რამდენიმემეტრიანი თოვლის ქვეშ, თუკი ვერ ამოისუნთქა. ვიდრე მაშველი მივიდოდა, მესტიისკენ უკრაინელი ტურისტები მოდიოდნენ და თოვლიდან მათ ამოიყვანეს, მაგრამ ყველაფერი უკვე გვიანი იყო...

დათო ნავერიანი, ტრაგედიის თვითმხილველი:

- პატარა ზვავი რამდენიმე ადგილას იყო მომწყდარი და ერთადერთი ხსნა გვქონდა - მაშველების მოსვლამდე გვირაბს უნდა შევფარებულიყავით. გვირაბში რომ შევედით, აი, იქიდან დავინახეთ, რა უბედურებაც ხდებოდა...

სასწრაფოდ გავიქეცით საშველად და იქ მყოფ ხალხთან ერთად, ჩვენც შიშველი ხელებით დავიწყეთ ზვავის თხრა, რომ როგორმე გია ამოგვეყვანა. არავის ვიცნობდი, ვინც იქ იყო, მაგრამ ხალხი სიმწრისგან ტიროდა და გაყინული ხელებით თოვლს გააფთრებული თხრიდა.

არაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ ვერ ვჩერდებოდით ან როგორ შეიძლება გაჩერდე, როცა იცი, რომ შენ წინ ვიღაც კვდება და ვერ შველი. ამ წუთებს ვერ აღვწერ, შეიძლება ასეთ დროს ადამიანი გაგიჟდეს. არ ვიცოდით გია რა ადგილზე იყო და მთელ ზვავს გიჟებივით ხელებით ვთხრიდით.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა მესტიისკენ მომავალი უკრაინელი სნოუბორდისტების ჯგუფი, თან ზვავსაწინააღმდეგო იარაღები ჰქონდათ. პირველ რიგში ელექტრომძებნელით კაცი მოძებნეს თოვლის ქვეშ, მერე პატარა ნიჩბები ამოიღეს და ამ პატარა ნიჩბებით იმუშავეს.

მგლებივით მუშაობდნენ,- ზვავთან არც ერთი არ მიგვიშვეს, ბევრი ხალხი უფრო ხელს შეგვიშლისო, თავად გააკეთეს ყველაფერი. გია ხელებგადაშლილი იწვა თოვლში. მივვარდი, უბეში ხელი ჩავუყავი და ჯერ კიდევ თბილი იყო, მაგრამ პულსი აღარ ჰქონდა. მაინც ვიფიქრე, იქნებ სასწაული მოხდეს და გადარჩეს-მეთქი. ამიტომ დიდხანს ვუტარებდი ხელოვნურ სუნთქვას, არაფერი გამოვიდა. როგორც ჩანს, გიამ სახეზე ხელის აფარებაც ვერ მოასწრო, რომ სასუნთქი სივრცე დაეტოვებინა…

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)