"ჩვენ უნდა მოვიტანოთ პარტიული ხმები, თქვენ კი პარლამენტში უნდა იჯდეთ" - კონფლიქტი "ნაცმოძრაობაში" სასამართლოში გადაინაცვლებს?! - კვირის პალიტრა

"ჩვენ უნდა მოვიტანოთ პარტიული ხმები, თქვენ კი პარლამენტში უნდა იჯდეთ" - კონფლიქტი "ნაცმოძრაობაში" სასამართლოში გადაინაცვლებს?!

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირება ყოველდღე ახალ ეტაპზე გადადის. რაც უფრო ახლოვდება პარტიის ყრილობის ჩატარების დრო, მით უფრო ცხარეა კამათი ორ ფლანგს შორის.

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხზე დავა სასამართლოში გაგრძელდეს, თუმცა ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ საქმე სასამართლომდე არ მივა და პროცესი სამართლებრივი დავის გარეშე დარეგულირდება.

სუბარია მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული ფლანგის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური. პარტიის ეს ნაწილი კითხვის ქვეშ თავად ყრილობის საორგანიზაციო კომისიის მუშაობის ლეგიტიმურობას აყენებს და განმარტავს, რომ მისი ლეგიტიმაცია პოლიტსაბჭოს მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ კომისიის ლეგიტიმაციაზე მსჯელობას აღნიშნული ჯგუფი გუშინდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე აპირებდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან აფელირებული ჯგუფის არ მისვლის გამო, პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა.

”მე არაფერს გამოვრიცხავ. აზრთა სხვადასხვაობა განხეთქილებაში გადაიზარდა... მე არ ვისურვებდი, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს და მოვნახავდი რაიმე სხვა გზას, თუმცა მე არ ვწყვეტ. ათეულოებით ადამიანი, რომელთა უკან თავთავიანთი მხარდამჭერები არიან, რა შეთანხმებამდე მივლენ თუ რა გზებამდე, მე ვერ გეტყვით. ჩემთვის არ იქნება ყრილობა ლეგიტიმური. თუ ყრილობა იკრიბება წესების დარღვევით, ბუნებრივია, ეს არალეგიტიმურია”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით კი, სააკაშვილის მხრიდან თანაგუნდელების შეურაცხყოფა პარტიის დაშლის შესაძლებლობას აღრმავებს.

„სამწუხაროდ გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობს დღეს მიხეილ სააკაშვილი, იმ კამპანიის გარდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ ჩვენს წინააღმდეგ, რომ თითქოს გარიგებულები ვართ და გვაყენებენ შეურაცხყოფას, ახლა გადაწყვიტა, რომ იურიდიულ, დემოკრატიულ პროცედურებზეც უარი თქვან. გამოაცხადეს რაღაცა კომისია, რომელიც თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს. ამ ზღვრამდე ამ პროცესის მიყვანა ნამდვილად სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარტიის ერთიანობას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხელ სააკაშვილი გაიაზრებენ თუ რამხელა ზიანს აყენებენ არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ ჩარჩოში. აქ არ არის საუბარი იმაზე,რომ განსხვავებული აზრია პრობლემა, მაგრამ წესების უგულვებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა ეს არის პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს პარტიას. პროცესების ასე განვითარება, როდესაც სააკაშვილის მხრიდან ხდება თანაგუნდელების შეურაცხყოფა, აღრმავებს პარტიის დაშლის შესაძლებლობას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თანაპარტიელები ერთმანეთთან ცხარე კამათს არც სატელევიზიო გადაცემებში ერიდებიან.

”პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა ”360 გრადუსში” აკაკი ბობოხიძე სატელეფონო ჩართვისას, ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე თანაპარტიელ დავით კირკიტაძეს შეეკამათა.

აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობის დაშლა დამანგრეველი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

”რატომ უნდა დავიშალოთ? რატომ გგონიათ, რომ 7 ათასიანი ყრილობა მიიღებს პარტიის დაშლის გადაწყვეტილებას. გადიხართ სადმე?”, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

თავის მხრივ, აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ 7 ათას დელეგატიანი ყრილობის ინიციატორები იურიდიული პრობლემების წინაშე არიან, კერძოდ არაა გაწერილი, როგორ უნდა ჩატარდეს კონფერენციები დელეგატების შესარჩევად და ვინ იწვევს ამ კონფერენციებს. დავით კირკიტაძემ თანაგუნდელს, გარკვეული ადამიანების გამოყოფა შესთავაზა პოლიტსაბჭოს იმ ჯგუფიდან, ვინც არ ეთანხმებოდა 7 ათას კაციანი ყრილობის ჩატარებას. ამ ინიციატივას ბობოხიძემ დემაგოგია უწოდა.

”ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, უნდა გავაკეთოთ მიკროფონები, უნდა მოვიტანოთ პარტიული ხმები. თქვენ კი უნდა იჯდეთ პარლამენტში, უნდა გემსახურებოდეთ თქვენ და თქვენს მეგობრებს მანქანები და ჩვენ, ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივმა უნდა ვიშრომოთ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სხვა. კეთილი ინებეთ, გამოყავით ადამიანები და გავაკეთოთ, მითხარით რამდენ ხმას აიღებდით მიშა სააკაშვილის გარეშე მითხარით ერთი. პრობლემა გაქვთ აქტივისტებთან, პრობლემა გაქვს ხალხთან, მაგრები ხართ ოთახში”, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსის" მიხედვით