"მოკვლით მემუქრებოდა და დავასწარიო..." - ტრაგედიით დასრულებული კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი და დაობლებული ბავშვები - კვირის პალიტრა

"მოკვლით მემუქრებოდა და დავასწარიო..." - ტრაგედიით დასრულებული კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი და დაობლებული ბავშვები

"როგორც ჩანს, რცხვენოდა და არასდროს წუწუნებდა, ქმარი ცუდად მექცევა და მცემსო, ან შეიძლება ეშინოდა კიდეც" - ოჯახურ ძალადობას შეწირული კიდევ ერთი ოჯახი

"ქმარს რომ გაშორებოდა, ვინ მიიღებდა, ახალგაზრდა ქალი სად წასულიყო 3 ბავშვით?!"

საქართველოში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობების სტატისტიკა მართლაც რომ სავალალოა. მარტო 2016 წელს

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე 17-ზე მეტი მკვლელობა მოხდა, არაერთ ადამიანს ოჯახის წევრმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. ძალადობის 700-მეტი ფაქტია აღნუსხული. 14 ქალია მოკლული მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ.

მსხვერპლით დასრულდა კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი მარნეულის სოფელ თაზაქენდში, სადაც 24 წლის ფურქან ქერომოვამ 33 წლის მეუღლე, რუსლან ქერიმოვი საძინებელ ოთახში კეფაში ნაჯახის დარტყმით მოკლა; შემდეგ კი დედამთილ-მამამთილს შეატყობინა, რომ მათმა შვილმა თავი მოიკლა. მომხდარზე საქმე 11"-108 მუხლით აღიძრა, რაც ძალადობის ნიადაგზე მომხდარ მკვლელობას გულისხმობს და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოფიციალური ვერსიით და თანასოფლელების მონაყოლითაც, ქმარი ცოლზე ძალადობდა, ყველაფერი კი ასეთი ტრაგედიით დასრულდა.

ქერიმოვებს 3 შვილი ჰყავს, მათგან უფროსი 6 წლის არის. სოფელში მომხდარზე ცოტას ლაპარაკობენ. სოფლის რწმუნებულის, მახერ ბალაქიშიევის განცხადებით, ცოლ-ქმარი ჩვეულებრივად ცხოვრობდა და არც ერთ მათგანზე ცუდის თქმა არ შეუძლია. ჩვენი რესპონდენტის ცნობით კი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რუსლან ქარიმოვი ცოლს თავად ემუქრებოდა მოკვლით:

- ვერ ვიტყვი, რუსლანი ცუდი კაცი იყო-მეთქი, მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ დალევა უყვარდა, ნასავამს კი რთული სიმთვრალე ჰქონდა. სახლში დაბრუნებული ჩხუბს იწყებდა და ცოლსაც სცემდა. ფურქანი ბევრ მეზობელს უნახავს ნაცემი, სახეს იფარავდა ხოლმე, რომ დალურჯებული ადგილები სხვას არ დაენახა. როგორც ჩანს, რცხვენოდა და არასდროს წუწუნებდა, ქმარი ცუდად მექცევა და მცემსო, ან შეიძლება ეშინოდა კიდეც.

ცოლ-ქმარი რუსლანის დედა-მამასთან ერთად ცხოვრობდა; ამბობენ, რომ კაცი ცოლს ეჭვიანობის გამო სცემდა. უფრო ეჭვიანი და სასტიკიც მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთში წავიდა სამუშაოდ, სადაც რამდენიმე თვე დარჩა. დახლოებით 15 დღის ჩამოსული იყო, როცა ეს უბედურება დატრიალდა.

იმ დღეს მეზობელთან დაულევია და სახლში მთვრალი დაბრუნებულა. დილას კი გავიგეთ, რომ გარდაიცვალა, თუმცა პირველად ისე ითქვა, თითქოს თავი მოიკლა.

- ეს ვინ გითხრათ?

- ყველა ასე ამბობდა ამ ოჯახში, თუმცა, როცა ოჯახის წევრები პოლიციამ დაკითხა, ქალმა მაშინ აღიარა, - მე მოვკალიო...

უთქვამს, ქმარი მოკვლით დამემუქრა, არ ვიცოდი, რატომ მიპირებდა მოკვლას, მაგრამ ამას გააკეთებდა, ამიტომაც ნაჯახი საძინებელ ოთახში წინასწარ შევიტანე და დავასწარიო. ტრაგედია დაახლოებით, ღამის 2 საათზე მოხდა...

- რუსლანის მშობლებს ამ დროს საეჭვო ხმაური არ გაუგონია?

- ვერ გაიგონებდნენ, რადგან ცოლმა ქმარი სახლის მეორე სართულზე მოკლა, რუსლანის დედ-მამას კი პირველ სართულზე ეძინა. ამბობენ, რომ ფურქანმა ქმარს ნაჯახი მხოლოდ ერთხელ ჩაარტყა, ისე, რომ თმაში ნაჯახის ჩარტყმის ადგილი არც ჩანდა თურმე; შემდეგ სისხლი ყველგან მოწმინდა, მერე კი ჩავიდა დედამთილ-მამთილთან და უთხრა, - თქვენმა შვილმა თავი მოიკლაო.

- საშინელი ტრაგედიაა; მაგრამ ქალი თუკი ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში იყო, რატომ არ გაშორდა ქმარს?!

- ქმარს რომ გაშორებოდა მერე ვინ მიიღებდა, ახალგაზრდა ქალი სად წასულიყო 3 ბავშვით?! რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში იყოს, ჩვენთან დედ-მამა შვილებიან ქალიშვილს უკან არ მიიღებს, ის ბოლომდე უნდა დარჩეს ქმართან და იქ იცხოვროს.

იხილეთ ასევე: "ბავშვები სროლის ხმაზე ოთახში შევიდნენ და მომაკვდავ დედას წაადგნენ" - საზარელი მკვლელობის დეტალები

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)