საუკუნის დანაშაული... და 2016 წლის კრიმინალური ქრონიკა - კვირის პალიტრა

საუკუნის დანაშაული... და 2016 წლის კრიმინალური ქრონიკა

წარმოგიდგენთ ამ წლის ყველაზე გახმაურებულ კრიმინალურ ამბებს, რომელთა წარმოუდგენელმა სისასტიკემ საზოგადოება შეძრა.

კანიბალიზმის საქმე

დანაშაული, რომელიც წლის მიწურულს თბილისში მოხდა, წლის კი არა, შეიძლება საუკუნის უბედურებადაც კი მივიჩნიოთ. ეს ამბავი  უფრო საშინელებათა ფილმის სცენარს ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსიდან 76 წლის ქალბატონი ლუბა ყოჩიაშვილი დაიკარგა, რომელსაც მეუღლე და ნათესავები 19 ოქტომბრიდან ეძებდნენ. მისი სახლიდან დაუხმარებლად გასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგან ქალს ოპერაცია ცოტა ხნის გაკეთებული ჰქონდა და ლოგინიდან ადგომაც კი უჭირდა.

სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ ომარ ყოჩიაშვილს მეუღლე სახლში რომ არ დახვდა, ჯერ მეზობლებთან მოიკითხა, მერე შვილს დაურეკა, მაგრამ მანაც უთხრა, რომ არაფერი იცოდა... ამის შემდეგ მამაკაცმა ცოლის გაუჩინარების შესახებ პოლიციას აცნობა. როცა სამართალდამცავებმა ქალის დასახიჩრებული და დანახშირებული ცხედარი გლდანში, ძველი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე იპოვეს, ეს ამბავი მაშინვე არ გაუხმაურებიათ.

დაკითხეს ყოჩიაშვილის მეუღლე და ქალიშვილი. სწორედ მამამ მიანიშნა, რომ ცოლის გაუჩინარებაში ქალიშვილის მონაწილეობაზე ეჭვობდა. ძალოვანებმა ირმასა და მისი მეგობრის ბექა შენგელიას დაკითხვის შემდეგ, მათი თვალთვალი დაიწყეს. ფარული მიყურადების ჩანაწერებში ჩანს, როგორ სიცილ-ხარხარში ჰყვებიან, რა საშინელებაც ჩაიდინეს - როგორ მოკლეს უმწეო მოხუცი... ამბობენ იმასაც, როგორი სულელები არიან პოლიციელები, ვერ გვიჭერენო.

გამოძიების ცნობით, ლუბა ყოჩიაშვილი ირმამ და მისმა მეგობრებმა მისივე ბინაში მოკლეს. ქალი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდგომ გაგუდეს, ბოლოს დანით მიაყენეს ჭრილობები. ცხედარი დიდ ჩანთაში ჩადეს და სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან გაიტანეს. იმ მხრიდან ვიდეოკამერები არ არის. ცხედარი მანქანით ირმას შეყვარებულის, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში მიიტანეს. გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ ბინაში დაანაწევრეს ცხედარი, შემდეგ ორ ჩანთაში გადაანაწილეს და გლდანის მე-8 საპყრობილის ახლოს, გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ამოთხრილ ორმოში ჩააგდეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს… ბრალდებულმა  ბექა შენგელიამ კი აღიარა, რომ ქალის გულ-ღვიძლი შეწვა და შეჭამა.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულები არიან: მოკლული ქალბატონის 18 წლის ქალიშვილი ირმა ყოჩიაშვილი, მისი შეყვარებული, 23 წლის ბექა შენგელია და 17 წლის ნინა ჩ. მათთან ერთად დააკავეს ბექა შენგელიას მამიდაშვილი დათა კვარაცხელია და შენგელიას თანაკლასელი ავთანდილ ამირანაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი.

ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება გრძელდება. (იხილეთ: კანიბალიზმის საქმე)

მკვლელობა და თვითმკვლელობა

16 იანვარს, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ძალოვანებმა გაუჩინარებული პროკურორის, ვახტანგ ქირიას ცხედარს მიაგნეს. მას ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბინა, სადაც ცხედარი იპოვეს, რადიო "საქართველოს ხმის" დამფუძნებელ ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. გამოძიებამ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილად ბიძინა კუჭავა დაასახელა. ძალოვანთა ინფორმაციით, იგი ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. სამართალდამცავებმა ჯიპი, რომელშიც ეჭვმიტანილი იჯდა, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გააჩერეს. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელების დანახვისთანავე კუჭავამ იარაღი ამოიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კუჭავას ოჯახი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ იგი მოკლეს... (იხილეთ: "10 საათი ხდებოდა, რომ დარეკა, - ძველით ახალ წელს ხვდებით, თუ იძინებთო" - რას ჰყვება ვახტანგ ქირიას შვილი)

პილიტიკოსზე თავდასხმის მოტივი დღემდე უცნობია (?!)

წლის ერთ-ერთი გახმაურებული კრიმინალური ამბავი პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა იყო. 26 თებერვალს, საბურთალოს "საძმოს" სასაფლაოზე, ლევან მიქელაძის საფლავთან , "თავისუფალი დემოკრატების" იმჟამინდელ გენერალურ მდივან ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს დაესხნენ თავს. მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით ქვემო კიდურებში დაჭრეს.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა გახსნა და თავდასხმაში ბრალდებული, ლევან მექვაბიშვილი ბორჯომში დააკავა. რამდენიმე თვის შემდეგ, სასამართლომ ლევან მექვაბიშვილი დამნაშავედ სცნო ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ალექსი პეტრიაშვილისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. (იხილეთ: ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს)

თუმცა თავდასხმის მოტივი საზოგადოებისთვის დღემდე ბუნდოვანია.

დედა-შვილის მკვლელობა

22 თებერვალს, ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, დედა და შვილი დახოცეს. მკვლელმა ნონა რომანიძეს ცივი იარაღით 29 ჭრილობა მიაყენა და არც პატარა მარიამი დაინდო - გოგონას 16 ჭრილობა ჰქონდა. კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე თვის შემდეგ შსს-მ საქმე გახსნა და მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. 27 წლის გიორგი ხაბელაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ცნობით, ის ბინაში ყაჩაღობის მიზნით შევიდა, სადაც მისი ინფორმაციით, 7.000 აშშ დოლარი ინახებოდა. (იხილეთ: "რომ შეგვეძლოს, ჩავქოლავდით!")

წლის გახსნილი საქმე

ჯერ კიდევ 2 წლის წინ, საზოგადოება შეძრა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილმა დედა-შვილის მკვლელობამ, თუმცა საქმე 2016 წელს გაიხსნა.

2014 წლის 17 დეკემბერს თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში, საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს. 49 წლის ნატო კვეზერელს საძილე არტერია გადაჭრილი ჰქონდა. როგორც გაირკვა, ქალი სამზარეულოში მოკლეს და მკვლელმა ის შემდეგ სააბაზანოში შეათრია. სამზარეულოში მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი, საჭმელი და სუფთა თეფშები ელაგა, ვახშმობა ვერ მოესწროთ. ნატო კვეზერელის შვილი კი გაუჩინარდა. გურამ კვეზერელის ცხედარი 2016 წლის 20 აპრილს კოჯორში მიწაში ჩაფლული იპოვეს. უფრო ზუსტად კი...

გამოძიების ინფორმაციით, 2-მა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა. ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.

იმავე დღეს, აღნიშნული პირები, განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის, მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის სახლში.

ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მკვლელობაში ბრლადებულები გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე არიან. ეს უკანასკნელი საქართველოში დააკავეს. გიორგი ყუფარაძე კი, საბერძნეთში. (იხილეთ: "დიახ, მკვლელობა დამიკვეთეს...")