რატომ უთხრა უარი ლიტვის გენპროკურატურამ რუსეთს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსის გადაცემაზე?! - კვირის პალიტრა

რატომ უთხრა უარი ლიტვის გენპროკურატურამ რუსეთს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსის გადაცემაზე?!

2016 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ მაისურაძე ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მაისურაძე ვილნიუსში კიევიდან ჩაფრინდა. სამართალდამცველებმა ის ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით გაიცა.

უცხოური სააგენტოების ინფორმაციით, საბუთების შემოწმებისას, ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო, რომლებიც ტერორიზმს უკავშირდება.

ვილნიუსის საოლქო სასამართლომ 4 დეკემბერს მაისურაძის 10 დღით დაკავების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 7 დეკემბერს კი ის გირაოს გადახდის შედეგად გაათავისუფლეს. მაშინ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ არ ფლობდნენ მონაცემებს მაისურაძის ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირის შესახებ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლიტვურმა მხარემ რუსეთისგან მაისურაძის ექსტრადაციის შესახებ თხოვნა გასული კვირის ბოლოს მიიღო. „ზურაბ მაისურაძის საქმეზე შეკრებილი დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ თხოვნა პირის გადაცემის შესახებ წარმოდგენილი იყო პოლიტიკური მოტივებით და რუსეთის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკით საქართველოსთან მიმართებაში“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება მაისურაძის გადაცემაზე უარის შესახებ. ლიტვის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება ვილნიუსის საოლქო სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომელსაც სამშაბათს მაისურაძესთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნის მოქალაქე ან უცხოელი შესაძლებელია არ გადაეცეს სხვა სახელმწიფოს, თუკი პირი იდევნება პოლიტიკური მოტივებით.

ზურაბ მაისურაძის სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს მაღალჩინოსნების ორგანიზებით, საქართველოში ჩამოჰყავდათ ჩეჩნები, იარაღს უფორმებდნენ და ჩეჩნეთში გადასასვლელად დერეფანსაც ჰპირდებოდნენ. (იხილეთ: "უკრაინაში სააკაშვილის შეიარაღებული რაზმების რიგებში იყო" - რატომ დააკავეს ლიტვაში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი)

"ინტერპრესნიუსი"