"ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება"
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ესკალაცია უგულავას წერილით დაიწყო"
გიგი უგულავა ყოველთვის განსაკუთრებულად აქტიური პოლიტიკური ლიდერი იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი პირველივე განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას აპირებს...
მამაუკა არეშიძე:
- გავიხსენოთ ბოლო ხანს უგულავას მიერ ციხიდან გაკეთებული განცხადებები. მან ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ იმ სიტუაციის მომხრე, რაც შეიქმნა "ნაციონალურ მოძრაობაში", არ იყო. მან მიანიშნა, რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ლიდერობას მხარს აღარ უჭერდა. საერთოდ უნდა ითქვას, ის პირები, რომლებიც "ნაცმოძრაობას" წარმოადგენენ და ციხეში მოხვდნენ, მიიჩნევენ, რომ მათ აიღეს მთელი პასუხისმგებლობა თავზე, დაიტანჯნენ პარტიის გამო და ამით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დატოვა და მეტიც, ქვეყნის მოქალაქეობაზეც კი თქვა უარი.
შესაბამისად, "ნაცმოძრაობაში" არა ერთი და ორი სააკაშვილის უკრაინიდან გაცემული ბრძანებებით თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს. სხვათა შორის, გაიხსენეთ, სწორედ უგულავას წერილით დაიწყო დაპირისპირების ესკალაცია "ნაციონალურ მოძრაობაში", იკითხებოდა, რომ გიგა ბოკერიასა და მისი გუნდის აქტიურობის უკან უგულავა იდგა. სწორედ მან პირველმა ესროლა სააკაშვილს ქვა. სასამართლო პროცესზე უგულავამ ბრალი, ფაქტობრივად, აღიარა და ციხიდან გამართლებული კი არა, სასჯელმოხდილი გამოვიდა. მართალია, ციხის კართან ბევრი ილაპარაკა პოლიტპატიმრობაზე, მაგრამ არ მესმის, ადამიანი პოლიტპატიმარი როგორ უნდა იყო, როდესაც 800 კაცს ბიუჯეტიდან არაფერში უხდიდა ხელფასს, რაც თვითონვე აღიარა...
უგულავას ნაბიჯები ჯერ კიდევ ციხიდან მიანიშნებდა იმაზე, რომ ის ემზადებოდა ბრძოლისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, იმ მიმართულებით ვითარდება, რაც "ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერის ინტერესებს ემთხვევა, ანუ "ნაცმოძრაობის" დაშლისკენ.
- ეს უბრალო დამთხვევა გგონიათ?
- "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შანსი "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას ხელიდან რომ გაეშვა, პირდაპირ ვიტყვი, სულელები იქნებოდნენ. აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს საკუთარი ხელითვე აშლევინებენ პარტიას.
რაც შეეხება თავად უგულავას, ის ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურაა, გახსოვთ, ალბათ, ის სტიქაროსანი იყო, შემდეგ საეკლესიო განათლებაც მიიღო, თუმცა, როცა სჭირდებოდა, არად დაგიდევდათ საეკლესიო ნორმებს და ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქის ავტორიტეტის გამოყენებასაც მუდმივად სათავისოდ ცდილობდა. ციხიდან გამოსულმა უგულავამ რწმენასა და მორალზე ისაუბრა... თუმცა, ვინმეს დაავიწყდება 2012 წელს ატეხილი ამბავი, როცა თბილისის მაშინდელმა მერმა საშობაო ეპისტოლე ჩაასწორა, რომლის სრული ვერსია, როგორც მახსოვს, თქვენმა გაზეთმა გამოაქვეყნა?!
- თქვენი აზრით, დღევანდელი მდგომარეობით "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა გარდაუვალია?
- მე ასე მგონია, ამასთან, ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაცია შეუქცევადი პროცესია. გაყოფა არ იქნება ადვილი. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, თუ ვის დარჩება პარტიის სახელი. როგორც ვატყობ, ბრენდის წართმევაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის ნიშანია სერგო რატიანის მოთხოვნა, რომლითაც მან ცესკოს მიმართა და პარტიის საარჩევნო სიიდან რამდენიმე პირის ამოღება მოითხოვა. მოკლედ, სერიოზული ბრძოლა მიდის.
ფაქტია, ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება.
იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ნაცმოძრაობის" ლიდერებს საკუთარი ხელით აშლევინებენ პარტიას!.."