"ქალ­ბა­ტო­ნო, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ თქვენც და თქვენს ქმარ­საც ში­გა გაქვთ" - სასამართლოს კურიოზები - კვირის პალიტრა

"ქალ­ბა­ტო­ნო, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ თქვენც და თქვენს ქმარ­საც ში­გა გაქვთ" - სასამართლოს კურიოზები

სომეხი ადვოკატი და "მიქინძული საქმე"

"პროკურორმა გამომძიებელის დაწყევლისთვის პასუხისმგებლობა დამაკისრა"

ამას წინათ ყოფილმა მოსამართლემ მიამბო - ერთი კაცი სტრასბურგის სასამართლოში ჩიოდა, მარქსის და მარქსიზმის ბრალია, მათხოვრად რომ ვიქეცი ამ ქვეყანაშიო და მარქსის შთამომავლებს ზარალის ანაზღაურებას სთხოვდა. სასამართლომ, რა თქმა უნდა, მიუღებლად ცნო საჩივარი, ვინაიდან ის თავისი არსით სასაცილო იყო... კურიოზების ნაკლებობას არც ჩვენი მართლმსაჯულება უჩივის. წარმოგიდგენთ მხიარულ ეპიზოდებს ქართველი იურისტების ცხოვრებიდან.

თამილა ქუთათელაძე, ადვოკატი:

- სამი წლის წინ ისან-სამგორის პროკურორმა დავით გაგნიძემ გამომძიებელ გიორგი ოთიაშვილის დაწყევლისთვის პასუხისმგებლობა დამაკისრა, არადა, ვინც მიცნობს, დამემოწმება - ასეთი რამ არ მახასიათებს. გამომძიებელი მიჩიოდა, რომ ჩემმა წყევლამ მორალური ზიანი მიაყენა. სასამართლოს წინ ადვოკატები გაიფიცნენ და მოსამართლემ ვერ გაბედა განაჩენის გამოტანა.

თამარ აბესაძე, ადვოკატი:

- ერთ-ერთ ბრალდებულს სამშენებლო ობიექტიდან წამოუღია 17 ცალი (დღეში თითო აგური მოჰქონდა) აგური. მეჩვიდმეტე შესვლაზე დაიჭირეს და თითოეული აგურის მოპარვა 17 ეპიზოდად შეუკრიბეს. სასჯელი საბოლოოდ 21 წელი გამოუვიდა. სასამართლოზე დაცვის მხარე ძალზე სუსტი იყო და ბრალდებულს მოსამართლე ეხმარებოდა, თქვი, რომ ერთი განზრახვით გინდოდა აგურების მოპარვაო, მას კი აჩემებული ჰქონდა, არა, ცალ-ცალკე გამოვიტანე, მარტო კაცი ერთიანად გამოტანას როგორ შევძლებდიო... ბრალდებულს, საბოლოოდ, საპროცესო გაუფორმეს და გამოუშვეს.

დალიდა თათეშვილი, ადვოკატი:

"რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი რაიონის ადვოკატურაში ვმუშაობდი. რაიონში ცხოვრობდა ერთი საკმაოდ ცნობილი ოჯახი, ცოლიც და ქმარიც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ და მთელი რაიონი პატივს სცემდათ, მაგრამ საკმაოდ სოლიდურ ასაკში ქმარი ვიღაც ქალბატონს გადაეკიდა და ოჯახი დაინგრა. სასამართლოში ჰქონდათ დავა სახლის გაყოფაზე. ცოლის ინტერესებს მე ვიცავდი, ქმრის ადვოკატი კი სომეხი ხანშიშესული მამაკაცი გახლდათ, რომელმაც ქართული საკმაოდ კარგად იცოდა და პროცესზეც ქართულად გამოდიოდა. ეს ადვოკატიც (პირობითად - ვართანი) ჩვენივე რაიონიდან იყო და ცოლ-ქმარს იცნობდა. დაიწყო სასამართლო პროცესი. ჩემი კლიენტი ქალბატონი ძალიან ნერვიულობდა, ეთაკილებოდა, ასეთ დღეში რომ იყო და სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს.

- ქალბატონო, რას ნერვიულობთ, ყველამ ვიცით, რომ თქვენც და თქვენს ქმარსაც შიგა გაქვთ, - უთხრა ვართანმა.

- რას მიბედავთ, - გადაირია ინტელიგენტი ქალბატონი.

- რას ამბობთ, ბატონო ვართან, - შევიცხადეთ ჩვენც.

- რას ვამბობ და, სიმართლეს, მაშ, ორივეს შიგ არა აქვთ? - შეგვეპასუხა ვართანი.

- რა აქვთ შიგ, კაცო! - თავი ვერ შეიკავა მოსამართლემ.

- რა აქვთ და წილები, ამ სახლში ორივეს აქვს წილები, სხვა რა უნდა ჰქონოდათ? - მოგვიბრუნდა გაოცებული ვართანი".

ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი:

- ვიცავდი ყაჩაღობაში ბრალდებულს. დაზარალებული ქალბატონი გახლდათ. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დამაგვიანდა, რადგან წინა პროცესი დროულად არ დამთავრდა. ვინაიდან ბრალდებულს ჩემი ფირმის სხვა ადვოკატიც იცავდა, ჩემს მისვლას არ დაელოდნენ და სხდომა დაიწყო. დარბაზში იმ დროს შევედი, როდესაც დაზარალებული ქალბატონი თავის სიტყვას კითხულობდა და წამდაუწუმ გაიძახოდა, მიქინძულია საქმეზეო.

- უკაცრავად, ბატონო მოსამართლევ, რას ქინძავს ეს ქალბატონი? - ვიკითხე გაკვირვებულმა.

თურმე ქალბატონი მიუთითებდა მტკიცებულებებზე, რომლებიც, მისი აზრით, განსასჯელს დანაშაულს ადასტურებდა და რადგანაც ეს მტკიცებულებები საქმესთან ერთად იყო აკინძული, ისიც "აკინძულის" თუ "მიკინძულის" ნაცვლად "მიქინძულიაო" გაიძახოდა.

რამდენიმე პირს ბრალი ედებოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. ყველას გამამტყუნებელი განაჩენი დაუდგინეს. დარბაზში გლოვა-ტირილი ატყდა. ერთ-ერთი ახალგაზრდა მსჯავრდებულის დედამ მოსამართლეს სთხოვა, ერთი სიტყვა მათქმევინეო. მოსამართლე უკვე დარბაზიდან გასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ ქალს უარი ვერ უთხრა და შეჩერდა. დარბაზი გულისამაჩუყებელი სიტყვების მოსასმენად მოემზადა.

- ბატონო მოსამართლევ, ჩემს შვილს სახლში ლოგინში გადატრიალება ეზარებოდა და ეგ ქვეყანას გადაატრიალებდა? - მართლა ერთი სიტყვით დაასაბუთა შვილის უდანაშაულობა ქალმა.

ხალხს წუთით დაავიწყდა ყველაფერი და დარბაზში სიცილმა გადაირბინა.

იხილეთ ასევე: "სვანი პატრული: ოცდაცამეტი, ავტობუსის მძღოლი ვნახეთ და ვერ ანძრევს. მეორე პატრული ეხმაურება - შენ მიეხმარე"!

ნანა ფიცხელაური

გაზეთ "ყველა სიახლის" არქივიდან