"მიშა გენიოსია... ციხეში არ მიდის არა იმიტომ, რომ ეშინია, არამედ იმიტომ, რომ..." - რას წერს ხატია ბუნიათიშვილი სააკაშვილზე?!
ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებას ეხმაურება:
"თქვენ გადაწყვიტეთ არ იბრძოლოთ.
თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ამ მოცემულობაში გამოგეხატათ თქვენი აზრი, სწორი აზრი, რომელსაც არ მოუსმენენ, რომელიც მოცემულობას არ შეცვლის, რომელიც არ სცდება კონსპექტში ნასწავლ დემოკრატიას, მაგრამ ვერ მოუტანს ხალხს მშვიდობას, საკვებს. ვერც განათლებას.
კონსპექტში ნასწავლი დემოკრატიაც საჭიროებს განვითარებას, ევროპაც საჭორეობს სიახლეს. სიახლეს გენიოსები ქმნიან.
მიშა გენიოსია.
ის დადის იმ ქუჩებზე, სადაც ჯერ ვერ დაიჭერენ. ციხეში არ მიდის არა იმიტომ, რომ ეშინია, არამედ იმიტომ, რომ იცის - ის არის მთავარი სამიზნე. იცის, რომ იდეას ვერ განახორციელებს, თუ თავად არ განახორციელებს.
საკუთარი თავისადმი ფანატიზმი? არა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
ის დადის ქუჩებში სკამის, სტატუსის, თანამდებობის გარეშე დარჩენილი.
სხვაზე მეტს აკეთებს, მასზე მეტს ლაპარაკობენ.
ბიუროკრატიას და წესებს პატივს სცემს, მათზე მაღლა დგას.
ის თავისუფალია.
დადის ცარიელი ჯიბით და მაინც მოიპოვებს საკვებს, რადგან ყველაფერში ნაყოფიერებას ხედავს.
დადის ქუჩებში ხალხთან შესახვედრად, არა არჩევნების წინ, არამედ არჩევნების მოგების და წაგების შემდეგ.
სისასტიკეა ადამიანის მხრიდან ულევი ენერგია, შემოქმედობითობა (და მისი განხორციელების უნარი) სიგიჟედ მონათლო. სასტიკია და თან საცოდავი ადამიანი, რომელიც ცდილობს ეს თავისუფლება გისოსებს უკან მოაქციოს. ზოგი ციხეს უსურვებს, ზოგიც “საგიჟეთს".
დემოკრატია იძლევა თანაბარ პირობებს განვითარების და თავის გამოვლენის, მაგრამ ადამიანები განსხვავებულ პოტენციალს ავლენენ ამ მოცემულობაში. განსაკუთრებული პიროვნების და ნიჭიერების უარყოფა, ან სხვასთან გატოლების მიზნით მისი დაკნინება და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობის დახშობა, დემოკრატიული მიდგომა კი არა, საბჭოური რეპრესიის პირდაპირი ნიმუშია.
მიდი, მიშა, ყველაფერი წინ გაქვს"! (წყარო)