„საქართველოს სამხედრო ისტორია“ - ახალი წიგნი პალიტრა L-ისგან - კვირის პალიტრა

„საქართველოს სამხედრო ისტორია“ - ახალი წიგნი პალიტრა L-ისგან

ხვალ, 24 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ფოიეში წიგნის, „საქართველოს სამხედრო ისტორია“ (ნარკვევები) პრეზენტაცია გაიმართება. წიგნს წარადგენს ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯაბა სამუშია. წიგნი არის დიდი მონოგრაფიის ნაწილი, რომელიც სრულად მიეძღვნება საქართველოს სამხედრო ისტორიას.

”ჩემი წიგნი არის ამ დიდი მონოგრაფიის დასაწყისი და გარკვეული პრეზენტაცია. მასში თავმოყრილია სხვადსახვა ეპოქის მოვლენები მე-9 საუკუნიდან დაწყებული მე-20 საუკუნით დამთავრებული. მათ შორის მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ბიოგრაფიული ნარკევევი გიორგი მაზნიაშვილის ცხორების ნაკლებად ცნობილი ფაქტების შესახებ,” - ამბობს წიგნის ავტორი ჯაბა სამუშია.

ისტორიკოსის განმარტებით, საბჭოთა კავშირის პერიოდში სამხედრო ისტორიის კვლევასა და მის გამოცემას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ახლა კი გამოჩნდნენ ავტორები, რომლებიც ამ მიმართულებას იკვლევენ.

”სამხედრო ისტორიის კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის. ამბობენ ხოლმე, საქართველოს ისტორია მეფეების ისტორიააო. მე კი ვიტყოდი, რომ საქართველოს ისტორია ბრძოლების ისტორიაა. ამჟამად საქართველოს სამხედრო ისტორიაში გარკვეული წარუმატებლობა აქვს ჩრდილოელ მეზობელთან დაპირისპირების კუთხით. ჩვენ კი გვინდა ყველას დავანახოთ, რომ ქვეყნის სამხედრო ისტორიაში მრავლად იყო პერიოდები, როცა ჩვენ ვიგებდით ომს. როცა ქვეყნაში ერთიანობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდაა, ის აუცილებლად მოიგებს ომს. ისტორია ცხოვრების მასწავლებელია და ჩვენ გვინდა, ვნახოთ და გავიაზროთ, რომ ჩვენს ისტორიაშიც იყო დიდი გამარჯვებები და ამ ისტორიით ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ,” - ამბობს სამუშია.

წიგნის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოს ფოიეში გაიმართება 18:00 საათზე. მას სახელმწიფო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების გარდა დაესწრებიან ისტორიკოსები, ეთნოლოგები და სხვა მონათესავე დარგის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ: გიორგი კალანდია, როინ მეტრეველი, გიორგი ალიბეგაშვილი, ზაზა აბაშიძე, თედო დუნდუა და სხვა მომხსენებლები.