"საქართველოს გადარჩენა ჩვენს გულებში" - ეკლესია კლდეზე - კვირის პალიტრა

"საქართველოს გადარჩენა ჩვენს გულებში" - ეკლესია კლდეზე

პატარა ერთნავიანი ბაზილიკა ისე ბუნებრივად შერწყმია რელიეფს, თავიდან გიჭირს კიდეც, გაარჩიო, სად მთავრდება კლდე და სად იწყება მისი კედლები.

და უნებურად გახსენდება მაცხოვრის სიტყვები, პეტრე მოციქულს რომ უთხრა: "შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე, 16, 18). ეს ტაძარიც სწორედ პეტრე მოციქულს უკავშირდება, უფრო ზუსტად კი, პეტრე მოციქულის იმ ჯაჭვების სახელობისაა, ანგელოზმა რომ გაუხსნა საპყრობილეში მყოფ და შებორკილ თავთა მოციქულს და უვნებლად გამოიყვანა ციხიდან. ამის შემდეგ ამ ჯაჭვებმა მაკურნებელი ძალა მიიღო. დღეს ისინი რომშია დაბრძანებული, სადაც მათ სახელზე აგებულია ეკლესია. მსოფლიოში კიდევ ორი ტაძარია მათი სახელობისა: ერთი - ესპანეთში, რომელიც, ასევე, კათოლიკეთა ხელშია, და ერთიც - საქართველოში - ავჭალის პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის ტაძარი, სწორედ ის, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით.

ამ ტაძრის წინამძღვრის მამა რაფაელის გაცნობამ ჩემი ბავშვობის ოცნება ამისრულა - როგორც იქნა, მოვილოცავდი იმ ეკლესიას, ბავშვობიდან მოყოლებული რომ დამილოცავდა ხოლმე სავალს. რთული გზის უსაფრთხოდ გავლის შემდეგ მის კარიბჭეს მივადექი. ტაძარი - მშვენიერებით, ეზო კი თავისი სილამაზით გაგაოცებთ. მერე მამაოსაც ვხვდები. სწორედ მისი გულისტკივილით ნათქვამი სიტყვების გამო მოვედი აქ - ინტერნეტითა თუ ბეჭდვითი გამოცემებით ჩვენზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდებაო. მრცხვენია, რომ ამაში მეც მიმიძღვის ჩემი წილი - სწორედ ამ წყაროებს ვენდე და მეც არასწორად დავწერე სტატია. ვმადლობ უფალს იმისათვის, რომ ამ შეცდომის გამოსწორების საშუალება მომეცა. მაგრამ, რომ არა ეს უნებლიე, მაგრამ მაინც დანაშაული, ალბათ, ვერ მოვხვდებოდი აქ; ვერ გავიცნობდი ამ საოცარ ადამიანებს, რომლებიც აქ მოღვაწეობენ.... ვერ განვიცდიდი ცხადლივ, როგორ უნდა გადაარჩინო შენი წილი საქართველო. ასეთები ცოტანი არიან და ყოველი შეხვედრა სულს საოცარი ნუგეშით ავსებს.

- მამაო, როდიდან ხართ ამ მონასტერში?

- აქ, წმინდა ბასილი დიდის მონასტრიდან, პატრიარქის კურთხევით, 2012 წელს გადმოვედი. საშინელი მდგომარეობა დამხვდა - აქაურობა, ფაქტობრივად, საღრეობო ადგილად იყო გადაქცეული: ღამის პირველი საათიდან იწყებდა ხალხი მოსვლას. ესენი, ძირითადად, მემთვრალეები იყვნენ, თანამდებობის პირების ჩათვლით. ზოგი რისთვის ამოდიოდა, ზოგიც - რისთვის, ვითომ სანთლის ასანთებად, სინამდვილეში კი უზნეობას სჩადიოდა.. მთელი ორი-სამი წლის განმავლობაში ამ ხალხისათვის ყოველდღე მიწევდა იმის ახსნა, რომ ეს არის ტაძარი და არა - საღრეობო ადგილი და მას გაფრთხილება სჭირდება. სალოცავად ვინც ამოდიოდა, სანთლებს გარედან აკრავდა, უმეტესწილად, კედლებზე; ცხვრები ამოჰყავდათ და პირდაპირ ტაძრის ეზოში კლავდნენ, თავ-ფეხს ეკლესიის გარშემო აწყობდნენ და ამის გამო ბინძურდებოდა ტაძარი, უამრავი ნადირი ირეოდა აქ. რამდენჯერმე პოლიციასაც კი ვთხოვეთ, რომ წესრიგის დამყარებაში დაგვხმარებოდა. დღესაც წარმართობა ბოლომდე ვერ გადავარდა საქართველოდან.

ტაძრის დღესასწაული 29 იანვარსაა. ამ დღეს, უმეტესად, ცუდი ამინდია ხოლმე, თოვლჭყაპი, სიცივე, მაგრამ მაინც უამრავი ხალხი ამოდის ფეხით. ჰოდა, საფეხმავლო გზაზე ვაჭრების რიგი იყო ჩამწკრივებული: ყიდდნენ ყველაფერს: მამალოებს, სანთლებს, საცვლებსაც კი. მათი აქედან გაშვება უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე მომლოცველებისათვის წესრიგის სწავლება. ყოველთვის აგრესია უჩნდებათ, როცა საზოგადოებაში აძლევ შენიშვნას და, როგორც სწორია, იმას ასწავლი. ერთმა კაცმა წელსაც მიანთო სანთელი კედელზე. მოსული იყო ტანით, ეტყობა, ვიღაცის დაცვა იყო. ვთხოვე, სანთელს ნუ მიანთებთ-მეთქი. შენ ვინ ხარ, ჩემი წინაპარი ასე ანთებდაო. მე ვუთხარი: ხალხს დააკვირდი, რამდენი დადის შენ გარშემო, ამათ წინაპრები არ ჰყავთ? რომელი ანთებს შენსავით? გთხოვ, ნუ მოიქცევი ისე, რომ ხალხის თვალში უგუნური გამოჩნდე-მეთქი. გადახედა, გადმოხედა, დაინახა და ჩემი შენიშვნა მიიღო. ჩემს გადმოსვლამდე ტაძარს ყურადღებას აქცევდა ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე, რომელსაც მრავალი შეურაცხყოფის დათმენა მოუხდა აქ წესრიგის დამყარების სურვილის გამო.

როდესაც ავჭალაში წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის მშენებლობა დაიწყო, მაშინ მივედი პირველად ტაძარში და დავიწყე მშენებლობაში მონაწილეობის მიღება მისი ხელმძღვანელობით. ეს ჩემი ძმის დიდი დამსახურება იყო, რომელიც ამ ტაძრის სტიქაროსანი გახლდათ.

მამა რაფაელი- ტაძარი რა მდგომარეობაში დაგხვდათ?

- ბერმა გაბრიელმა, რომელიც ტაძარშია დაკრძალული და გვარად ბერიტაშვილი იყო, როგორც ეს მისი საფლავის ქვაზეა მითითებული, აღადგინა მე-18 საუკუნეში, 1730 წელს. კომუნისტების დროს დაინგრა. მერე ცენტროლიტის ქარხნის მუშებმა, ისევ კომუნისტების დროს, გადაწყვიტეს ამ ტაძრის რესტავრაცია. არ ვიცი, რა მიზეზით... ამოზიდეს კირი, ხარაჩოები ააწყვეს, საქმე დაიწყეს და ვერ დაასრულეს. კირიცა და ხარაჩოებიც უპატრონოდ ეყარა. მერე ავჭალელებმა, ყველა ფენისა და კატეგორიის ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა ამ ტაძრის მშენებლობაში. ზუსტად ამ დროს იყო ახალი ნაკურთხი მამა გიორგი რაზმაძე და ის ცდილობდა ყველანაირად მიექცია აქაურობისთვის ყურადღება, რადგან ისიც ავჭალელია. მან ითავა და მთელი ავჭალა დაუდგა გვერდით. სწორედ ასე მოხდა წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის აგებისასაც. როგორ აღდგა, იცი? ხშირად მხოლოდ მოხარშული კარტოფილი გვქონდა ხოლმე და ხახვი სადილად. მაგრამ იმხელა სიყვარული და სითბო იყო... ეს გაჭირვებულთა აღდგენილია სითბოთი, სიყვარულით და დღეს ღვთის სადიდებლად არის.

დღესდღეისობით მრევლი მიდგას ძალიან გვერდით, ძირითადად, ბავშვობის მეგობრები. ყველას მაგას ვეუბნები - აქ რომ მოდიხარ, ეს არის შენი დიდი ოჯახი. უნდა გიყვარდეს აქაურობა და უფრთხილდებოდე.

- თქვენ მითხარით, რომ ტაძარი ბერმა გაბრიელ ბერიტაშვილმა 1730 წელს აღადგინა. თავდაპირველად ვინ და როდის ააგო ეს ბაზილიკა?

- ინფორმაციებს ტაძრის შესახებ მუდმივად ვეძებთ, მაგრამ დაზუსტებული ცნობები არ გვაქვს. რაც ვიცით, ისაა, რომ დაახლოებით 1730 წელს აღდგა. ამ ბერის მერე არაა ცნობილი, ვინმე თუ წირავდა ან მოღვაწეობდა ამ ადგილას. მე ავჭალელი ვარ, დაბადებული და გაზრდილი ამ უძველეს ადგილას, და ეს ტაძარიც, რომელსაც შემოკლებით პეტრე მოციქულს ეძახდნენ, მამამ შემაყვარა. კომუნისტების პერიოდში იყო გაზრდილი და, ამდენად, მაშინ ეკლესიური არ იყო. საოცრად პატიოსანი ადამიანი იყო და ხშირად მოვყავდი ხოლმე აქ. მამაჩემი ამბობდა ასეთ რამეს: ჩვენს ოჯახს ბეროღიანთ ეძახდნენო. და ასე ხსნიდა ამ გამოძახილს: ზემოდან რომ ჩამოივლიდა იქ მოღვაწე ბერი და დაიძახებდა, პასუხობდნენ, ბერო, კარი ღიაა, შემოდიო. ანუ არ უნდა დასჭირვებოდა ბერს დაძახებაო. უფროსი თაობის წარმომადგენელიც კი ვერ შეგვხვდა ისეთი, რომ მოეთხრო, ვინ იყვნენ აქ მოღვაწე ბერები და მწირველები. გვითხრეს, არქივებში არის მონაცემებიო. მაგრამ ჩვენ ვერ მოვიძიეთ.

1998 წელს ეკურთხა ავჭალაში წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი. რამოდენიმე ხნის მერე დაიდგა აგურის ტრაპეზი, დროებით მოწესრიგდა ტაძარი და მამა გიორგიმ, უწმინდესის კურთხევით, თავადვე აკურთხა. საოცარი დღე იყო. კურთხევისას ნისლი სულ თან დაგვყვებოდა მლოცველებს, როდესაც ტაძარს გარს ვუვლიდით. და, როდესაც ტაძარში შევედით წმინდა ნაწილებით ამ ნაწილების ტრაპეზში ჩასაბრძანებლად, თავისით დაიწყო ნისლმა ტაძარში სარკმლებიდან შემოსვლა. მამა გიორგი ამ წლიდან მოყოლებული ყოველი წლის 29 იანვარს თავად წირავდა, სხვა სტუმარ მამებთან ერთად. სისტემატურად ღვთისმსახურება აღდგა 2012 წლიდან. ის, რომ მე აქ ვცხოვრობ, ჩემთვის ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარია. ამხელა რაღაც მომცა უფალმა, ჯერ მონასტერში წავედი, მერე ისეთ ადგილას დამადგინა, სადაც ასეთი მადლმოსილი ტაძარია და თან ასეთი ღირებული ადგილია ჩემთვის; სადაც ჩემი წინაპარი, მამა გაბრიელი, მოღვაწეობდა.

- რამ გადაგაწყვეტინათ მონასტერში წასვლა?

შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია: ღვთის სიყვარულმა. 23 წლისა ვიყავი, როცა მონასტერში წავედი. მონასტერი არის აკადემია, სადაც ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს, ყველაფერს სულ სხვანაირი თვალითა და კუთხით უყურებს, რომელსაც სულიერი ხედვა ჰქვია. მადლობა ღმერთს, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მონასტერში, ჩვენი მამებისაგან გამოცდილებით გადმოცემული.

- მამა რაფაელ, ახლა თავად წმინდა თავთა მოციქულ პეტრეს ჯაჭვებზე გვიამბეთ.

- საინტერესო ის არის, რომ ამ ჯაჭვებს საგანგებოდ აუგო ტაძარი ქალაქ რომში იმპერატორ თეოდოსი უმცროსის ქალიშვილმა, ევდოქსიამ. ეკლესიამ კი მათი ხსენების დღედ 29 იანვარი დააწესა - სწორედ ის დღე, როდესაც ანგელოზმა თავთა მოციქული ჯაჭვებისაგან გაათავისუფლა და საპყრობილიდან დაიხსნა. რატომ განადიდა ეკლესიამ ისინი ასე? რომში ხომ პავლე მოციქულის საფლავთან მისი სასწაულმოქმედი ჯაჭვებიც ინახება, რომლითაც იგი იყო შეკრული თავისკვეთის დროს, მაგრამ მათ მოსახსენებლად არ დაწესებულა დღე, არც ტაძარი აუგიათ მათს სახელზე. იმიტომ, რომ პეტრე მოციქულის ჯაჭვებს თავად ანგელოზი შეეხო, როდესაც მას ამ საკრველთაგან ათავისუფლებდა. ამის მერე შეიძინეს მათ სასწაულმოქმედებისა და კურნების ძალა და მადლი.

- ზოგიერთ საიტზე ეწერა, რომ მამა გიორგი რაზმაძე აწარმოებდა მოლაპარაკებას ვატიკანთან. ამის შემდეგ მას ჯაჭვის სამი რგოლი გადასცეს და თქვენი მონასტრისთვისაც გადმოუცია.

- ეს არაა სწორი ინფორმაცია. მე არ მაქვს იმ ჯაჭვის რგოლები. მამა გიორგიმაც რაც ჩამოაბრძანა, არის არა უშუალოდ წმინდა პეტრეს ჯაჭვიდან, არამედ ის ჯაჭვია, რომელიც საქართველოდან წასვლისას წაიღო თან და ამ სიწმინდეს მიადო.

მადლობა უფალს, შარშან ბავშვობის მეგობრებმა წამიყვანეს იტალიაში ამ ჯაჭვების მოსალოცად. იქ გავიცანი ჩვენი წარმომადგენელი ვატიკანში და ვკითხე, თუ შეიძლება, ლუსკუმა რომ გახსნან, რომ ვემთხვიო-მეთქი?! - რას ამბობ, მამაო, ამ ლუსკუმას მხოლოდ რომის პაპი ხსნის წელიწადში ერთხელ, ტაძრის დღესასწაულზეო. განსაკუთრებული დაცვა, კამერები... სამთხვევად არ უშვებენ სხვას არავის და ჯაჭვებს ვინ მოგვცემს ჩვენ?! ასე რომ, მე არ მაქვს ეს ჯაჭვები...

- მამა რაფაელ, ზოგიერთს ბერმონაზვნობა ცხოვრებისაგან გაქცევა ჰგონია, ზოგს-საზოგადოებისათვის ზედმეტი ტვირთი, ზოგიერთს კი - ძველი დროის გადმონაშთი, რომელსაც დღევანდელ რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

- "იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე."

სახარება დაიწერა როგორც მონაზვნებისთვის, ისე ერის ხალხისთვის. სულიერი კანონი დაწერა ღმერთმა და დადო. იმას ვერ გადაახტები შენ, ვერც შეცვლი და ვერც გვერდს აუვლი. სულიერ კანონს აქვს ასეთი თვისება, რომ მას მაინც შეგასრულებინებს ღმერთი. ვისაც რას მოპარავ, იმავეს დაკარგავ; რამდენსაც გაიღებ მოწყალებით, იგივე დაგიბრუნდება; ვისაც რას მიაგებ, იმავეს მოგაგებენ და ა.შ. ჩვენ, ადამიანები, ამას ვერ გავექცევით.

შევასრულებთ? - ღმერთს მადლობა და მივიღებთ მისგან წყალობას. არ შევასრულებთ? - ჩვენს თავებს დავაბრალოთ. ბოლოს ყველა ღმერთთან ვართ მისასვლელები. ჩვენს ცხოვრებაში ამდენი განსაცდელი იმიტომ არსებობს, რომ, თუ ადამიანს არ ეტკინა სული და ხორცი, ღმერთამდე არ მიდის, იმიტომ, რომ მას საკუთარი ვნებები უშლიან ხელს. მონაზვნობის არსი იმიტომ არ ესმით, რომ რწმენაში არ არიან ძლიერები და თავიანთი თვალით არ უნახავთ, რას გადიან და განიცდიან მონაზვნები. გაუცნობიერებლად ლაპარაკობენ. ამბობენ, გაიქცა, პრობლემას გაერიდა. მონაზვნობა, იცი, რა არის? (იღიმის) ღვთის სიყვარულისთვის, ღვთის გულისთვის საკუთარი თავის უარყოფა, ღვთის მცნებების სწორად დაცვა და ვაჟკაცურად ბრძოლა საკუთარ მანკიერებებთან. აი, ამ სენაკის კარს რომ შეიკეტავ და შენს თავთან, ღმერთსა და ეშმაკთან რომ დარჩები განმარტოებით, აი, ესაა მონაზვნობა. დადექი და ებრძოლე ამდენ მანკიერებას და შეიცანი საკუთარი თავი...

- ხშირად მესმის, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრია. თქვენ როგორ გესმით საქართველოს გაბრწყინება?

- მე მესმის ისე, როგორც უწმინდესი ამბობს: საქართველოს გადაარჩენს თითოეული ჩვენგანი. მამა გაბრიელმა გადაარჩინა თუ არა საქართველო? გადაარჩინა. გაანათა ამ საუკუნეში და საქართველოს მისცა ნუგეში?! მისცა! ერთმა ადამიანმა! და ვინ იყო? ბერი. იძახე, ბერები ასეთები არიან, ისეთებიო, მაგრამ ბერი იყო. ასეთები იყვნენ იოანე და გიორგი - ბეთანიელი მამები. ასეთი კიდევ უამრავი გვყავს ჩვენ ჩვენს დროში, რომელთაგან ბევრი არაა ცნობილი საზოგადოებისათვის...

შენ რომ დედა ხარ და შენს ოჯახს მიხედავ, შენი ღირსეული დედობით რამდენ ოჯახს დაეხმარები და მაგალითს მისცემ ამით?! ხშირად მოდიან ხოლმე და მეკითხებიან, საქართველო როდის გადარჩებაო? რა გვეშველებაო? აქ, გზაზე, რამდენიმე ადგილასაა ტრაფარეტები, ნაგავი არ დაყაროთო, რომ ახსენებენ ამომსვლელებს.

პროფესორი კაცი მოვიდა და ბოდიშის მოხდით მითხრა, არაა საჭირო ამდენი ტრაფარეტი, ქართველ კაცს არ სჭირდება, თვითონ უნდა ხვდებოდეს, იმიტომ, რომ შეგნებული ერი ვართო. მაგრამ, დღესდღეისობით, თუ არ ასწავლე და ცხვირწინ არ ჩამოუკიდე, ვეღარ ხვდება, ჩვენდა სამწუხაროდ.

ნაგვის დაყრა-არდაყრა მთავრობამ უნდა გვასწავლოს? რომ არ უნდა დავაბინძუროთ, ნედლი ხეები რომ არ უნდა მოვჭრათ, სხვამ უნდა გვასწავლოს? ეს ხომ ჩვენი ზნეობაა?! გადარჩება საქართველო იმით, რომ ადამიანი თავის დაცემულობას შეიგრძნობს და ღმერთისკენ გაიხედავს. ტაძრები და მონასტრები მარტო მამებისა და მრევლის საშენებელი არ არის, თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ შენმა წინაპრებმა დატოვეს, მათ ააშენეს და ისინი ლოცულობდნენ იქ.

ჩვენ რომ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარს ვაშენებდით, მაშინ ჯერ კიდევ არ დავდიოდით ტაძარში, აღსარებას არ ვამბობდით და არ ვეზიარებოდით. არა, ისე ვაშენებდით - საკუთარ მოვალეობად მიგვაჩნდა, თან გვეამაყებოდა, თან გვსიამოვნებდა. მერე გადავდგით ეს ნაბიჯები - აღსარება, ზიარება. მამაოსაც კი არ ვიცნობდით - გამარჯობა და მორჩა. მაგრამ, ვეხმარებოდით. იმიტომ, რომ უფროსებმა ასე გაგვზარდეს. საერთო საქმე რომ იყო, ყველა ვიღებდით მონაწილეობას. დღეს ეშმაკმა დაგვაცალკევა. ყველა ჩვენს ოჯახებში ჩაგვკეტა, ყველა მატერიალურში გამოგვკეტა. რამდენჯერ მანქანა გამფუჭებია, გადმოვსულვარ და ვაწვები, ხალხის ნაკადი მიდი-მოდის. ერთს არ გაუჩერებია, რომ მომხმარებოდა. კარგი, ვთქვათ, სიტყვაზე, უვარგისი მამაო ვარ, მაგრამ ადამიანი ხომ ვარ? რა მოხდა მერე, რომ ადამიანს დაეხმარო - არა როგორც მამაოს, არამედ, როგორც ადამიანს?!

საქართველოს გადარჩენა ჩვენს გულებში.

ორჯერ მომიწია ქვეყნის დატოვება. რომ გავფრინდი, ვიგრძენი, რომ რაღაც დიდ საგანძურს ვტოვებდი. ისე მომენატრა საქართველო, ისე მომენატრა, რომ ჩამოვედი, ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები. ვერ მივხვდი, რა განცდა იყო ასეთი, რომ ასე თავისით მეტირებოდა. მერე მივხვდი, რომ, რანაირი ცოდვილებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი სამშობლო მაინც ძალიან დიდი საჩუქარია ღვთისა. და მას გაფრთხილება სჭირდება.

ჩვენი საუბარი დასრულდა. უკან დაბრუნებულს ბიჭები შემომხვდნენ - ვეებერთელა ლოდს ეჭიდებოდნენ, რომ კარგა მოძველებული მანქანის ძარაზე დაედოთ - ტაძრის მშენებლობისათვის გვჭირდებაო, - მიხსნის ბესარიონი, რომელმაც უკან წამომიყვანა. თან ამატებს - ეს საწყალი მანქანა, ერთხელაც იქნება, ხარივით ჩაიჩოქებსო. დაღლილი ბიჭები მანქანაში ჩავისხით და მთიდან დავეშვით. - თქვენ ჟურნალისტი ხართ? ჩვენზე დაწერთ? - მეკითხება ერთი. მეორე მიტყდება, რომ არც წყალია მონასტერში, არც ელექტროენერგია. - არც გექნება, სანამ თვითონ არ გამოიყვან! - დინჯად პასუხობს მესამე. და მე კიდევ ერთხელ ვხედავ თვალნათლივ, როგორ უნდა მოუარო და გადაარჩინო შენი წილი საქართველო.

მარიამ ბურჯანაძე