"მეუღლეს სასამართლოზე შევხვდები, თვითმფრინავის ბილეთი სააკაშვილმა ამიღო" - კვირის პალიტრა

"მეუღლეს სასამართლოზე შევხვდები, თვითმფრინავის ბილეთი სააკაშვილმა ამიღო"

უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის მეუღლე ტატიანა მესხი რამდენიმე საათში კიევში გაემგზავრება. როგორც ცერცვაძის მეუღლემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ბოლო ინფორმაცია, რომელიც მეუღლის მეგობრებისგან, უკრაინიდან მიიღო არის ის, რომ გია ცერცვაძეს უკრაინის პროკურატურა გაათავისუფლებს და რუსეთის ფედერაციისთვის მისი გადაცემის საკითხი არ განიხილება.

”კიევში მივემგზავრები, ჩემ მეუღლეს სასამართლოზე შევხდები და უშუალოდ მისი ადვოკატისგან შევიტყობ ყველა ინფორმაციას. გუშინ ვერც მოვასწარი მიხეილ სააკაშვილისთვის მადლობა გადამეხადა, რომელმაც თვითმფრინავის ბილეთი ამიღო და ჩემი გამგზავრება უზრუნველყო. ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რაიმე განცხადებას მაინც გააკეთებდნენ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი განცხადება არ ყოფილა, რის გამოც გული ძალიან მწყდება”, - განაცხადა გია ცერცვაძის მეუღლე ტატიანა მესხმა.

მისივე განმარტებით, უკრაინაში გაფრენისას სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს გია ცერცვაძე დაახლოებით 20 წუთით შეაყოვნეს, თუმცა საბოლოოდ გამგზავრების უფლება მისცეს.

”ზოგადად ასეა - როდესაც უკრაინაში მიემგზავრებიან ბიჭები ან იქიდან ბრუნდებიან, აეროპორტში ყოველთვის აყოვნებენ მესაზღვრე ოფიცრები. ჩემი ქმრის შემთხვევაშიც რამდენჯერმე ასე მოხდა. ბოლოსაც, როცა გია მიემგზავრებოდა უკრაინაში, თითქმის 20 წუთით შეაყოვნეს. მე ტელეფონზე ვესაუბრე და სიცილით მითხრა, რომ ალბათ რაღაც სიაში იყო მოხვედრილი. ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდით, რომ შესაძლოა ძებნილთა შორის ყოფილიყო. ვიფიქრეთ, რომ ეს ის სია იყო, რომლითაც აკონტროლებენ უკრაინაში წამსვლელებს და იქიდან დაბრუნებულებს”, - განმარტა გია ცერცვაძის მეუღლემ.