მერაბიშვილსაც გამოუშვებენ?! - კვირის პალიტრა

მერაბიშვილსაც გამოუშვებენ?!

"თუ მერაბიშვილი გამოუშვეს, ეს იქნება ირიბი აღიარება, რომ პოლიტიკური ნიშნით შეიძლება ადამიანის დაპატიმრებაც და მისი გამოშვებაც"

მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" გაყრა ოფიციალურად გამოცხადდა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, გახლდათ ის, თუ ვის მხარეზე და რომელ პარტიაში იქნებოდა პატიმრობაში მყოფი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი.

მართალია "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვანო მერაბიშვილი დარჩებოდა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, თუმცა იმავე დღეს მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობდა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია.

მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა მელიამ კი განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს არ სურს, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე დარჩენა.

რა გეგმები აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, უცნობია, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვოს, ამის მიზეზად კი ის რამდენიმე გარემოებას ასახელებს.

"ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ივანე მერაბიშვილი დატოვებს საპატიმროს. უფრო მეტის თქმა ჩემი მხრიდან იქნება სპეკულაცია, იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. მეორე საკითხი არის რამ იმოქმედა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებებზე? - მართლაც ფაქტია, რომ კრიტიკა იმისა, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა საქართველოში აღიარებულია მრავალი ქვეყნის მიერ. შესაძლებელია,  ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების, ევროსაბჭოს თუ ევროპარლამენტის პოზიცია იყოს ხელისუფლების მოქმედების შერბილების მიზეზი. არის კიდევ ბევრი ფაქტორი, ჩემი აზრით, არ იქნება ახლა უპრიანი ამ გარემოებებზე საუბარი, იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი დღესაც ციხეშია", - განაცხადა წიკლაურმა გადაცემა "პრიორიტეტში".

რამდენად შესაძლებელია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის პატიმრობიდან გათავისუფლება და რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი, საკითხზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:

- სამწუხაროა, რომ ასეთ საკითხებს პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავთ, იმიტომ, რადგან ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პატიმრობა პოლიტიკურია, რაც ძალიან სამწუხაროა.

სიმართლე გითხრათ არ ვფიქრობ, რომ უგულავას ან მერაბიშვილს არ ჰქონდათ კონკრეტული დანაშაული ჩადენილი, ჰქონდათ და როგორც ჩანს, არაერთი.

მაგრამ ჩვენთან ისე ხდება, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში განიხილება და რატომღაც ისეთი განცდაა, რომ სასამართლოში პროცესები პოლიტიკური გადაწყვეტილებით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფოებრივად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთრივ ის, მერაბიშვილს ვიღაცა გამოუშვებს თუ არ გამოუშვებს.

თუ მერაბიშვილი გამოუშვეს ეს იქნება ირიბი აღიარება, რომ პოლიტიკური ნიშნით შეიძლება ადამიანის დაპატიმრებაც და მისი გამოშვებაც. წესით პატიმარი თავისუფლდება ორი გზით, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც პოლიტიკიდან დისტანცირებული უნდა იყოს, ხოლო მეორე გზა არის პრეზიდენტის შეწყალება.

მერაბიშვილის გამოსვლა, არამგონია, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ის ახლა პოლიტიკაში აღარც არის, მოკლედ, აღარც მიწისაა და არც ცისა -  "ნაცმოძრაობის" არცერთ ფრთაზე არ აპირებს აქტიურობას.

როგორც ჩანს, ახალ პარტიაში ამ ეტაპზე მისთვის კარი დახურული არ არის, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის საინტერესო. პრობლემა გახლავთ ის, რომ საზოგადოებაში არის გაცნდა, რომ მერაბიშვილის გამოშვება პოლიტიკური გადაწყვეტილების თემაა, ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, რომლისგანაც როგორც ჩანს, ვერ ვთავისუფლდებით.

-"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, მარინა მოლოდინის განცხადებით, მერაბიშვილს ჯანმრთელობის, კერძოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს, რამდენად შესაძლებელია ეს გახდეს პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი?

- არამგონია, ამას გამოვრიცხავ. გასაგებია, რომ ქართულ პოლიტიკაში ჭორაობა მისაღებია, გასაგებია ისიც, რომ მერაბიშვილი ნამდვილად დრამატული პიროვნებაა და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ამაზე კომენტირება, იქნება მარინა მოლოდინი თუ სხვა, არის ამორალური, რადგან ეს უკვე სცდება მორალისა და ეთიკის ფარგლებს.

- თუ ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან გამოუშვეს, რამდენად სწორი იქნება მისი ასეთი განთავისუფლება იმ დროს, როცა ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს?

- სამართლიანობის აღდგენა დიდი ხანია იქცა ერთ დიდ ფარსად. ვფიქრობ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სამართლიანობაზე აპელირება უკვე გამაღიზიანებლია, მაშინ, როცა სასამართლოში შენ გყავს მურუსიძე, როცა ევა გოცირიძეს წარადგენ ევროსასამართლოში, აქ სამარლიანობაზე ლაპარაკი დიდი ფარსია და მეტი არაფერი.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)