პრემიერისა და შს მინისტრის პირველი კომენტარი გია ცერცვაძის საქმეზე - კვირის პალიტრა

პრემიერისა და შს მინისტრის პირველი კომენტარი გია ცერცვაძის საქმეზე

რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მითუმეტეს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე.

„აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძის უფლებები დაცული იყოს.

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ თემის სენსიტიურობიდან და მისი სირთულიდან გამომდინარე, საჯაროდ ვერ ვახერხებ და არ შემიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება. მე ვერაფერს მოგახსენებთ გარდა იმისა, რაც შს სამინისტრომ უკვე გაავრცელა. ერთი მინდა გითხრათ, რომ შს სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ჩვენ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, მაგრამ ასე საჯაროდ ეს თემა ვერ იქნება განხილული",- განუცხადა ჟურნალისტებს მღებრიშვილმა.

შს მინისტრი არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ მოხდა ცერცვაძის საზღვარზე გატარება.

"კონკრეტულ პასუხებს თქვენ ჩენგან ვერ მიიღებთ ამ ფორმატში, ვინაიდან თემის სენსიტიურობიდან და სირთულიდან გამომდინარე ასე საჯაროდ კომენტარებს ვერ გავაკეთებ",- დასძინა შს მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით