"შეშას და ბლაგვ საგნებს ურტყამდა ყველას" - ხულოს სკოლაში საქმის მწარმოებელმა 5 პედაგოგს სცემა - კვირის პალიტრა

"შეშას და ბლაგვ საგნებს ურტყამდა ყველას" - ხულოს სკოლაში საქმის მწარმოებელმა 5 პედაგოგს სცემა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთ პედაგოგს სცემა და სკოლის ინვენტარი დაამტვრია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულმა პედაგოგმა დავით ხარაბაძემ განუცხადა, პირველ კლასში გაკვეთილს ატარებდა, რა დროსაც ინეზა ხარაბაძე თავს დაესხა და თავში ხელკეტი ჩაარტყა.

„პირველ კლასში გაკვეთილს ვატარებდი, რა დროსაც საქმის მწარმოებელი ინეზა ხარაბაძე შემოვარდა ხელკეტით და თავში ჩამარტყა. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ თვალთ დამიბნელდა და ცუდად გავხდი, წავიქეცი. შემდეგ წამოვდექი და მის შეჩერებას შევეცადე, ხმაურზე შემოვიდნენ სასწავლო ნაწილის გამგე და გვერდით კლასში მყოფი დირექტორი. ეს ყველაფერი პირველი კლასის მოსწავლეების თვალწინ მოხდა, ბავშვებს შეეშინდათ, ზოგი ტიროდა, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, კლასიდან გაყვანის შემდეგ, სკოლის მეორე სართულზე გადაინაცვლა და ვინც შეხვდა ყველას ფიზიკურად გაუსწორდა. სამასწავლებლოში არსებული კომპიუტერები, პრინტერი, სკანერი და სხვა ინვენტარი რაც იყო დაამტვრია.

ფეხის მოტეხილობის გამო ორი თვით ბიულეტენზე ვიყავი გასული, ჩემი არყოფნის დროს გაკვეთილებს ინეზა ხარაბაძე ატარებდა, ბიულეტენიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი კუთვნილი საათები დამიბრუნდა და ვფიქრობ, ამან გააღიზიანა. მეუბნებოდა, მეორე ფეხიც უნდა მოგტეხო, რომ სკოლაში საერთოდ ვერ მოხვიდეო. მიზეზებზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, საათების გამო დამიპირისპირდა“, - აღნიშნა დავით ხარაბაძემ.

სკოლის დირექტორის, ავთანდილ ძირკვაძის განცხადებით, დისციპლინური კომიტეტი დღეს შეიკრიბება და სკოლის საქმის მწარმოებელს, ინეზა ხარაბაძეს სამსახურიდან გაათავისუფლებს.

დირექტორი აცხადებს, რომ ინეზა ხარაბაძე 14 პედაგოგოს დაუპირისპირდა, მათგან ხუთმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

"ის მოულოდნელად, გაკვეთილის მიმდინარეობისას თავს დაესხა პირველი კლასის პედაგოგს დავით ხარაბაძეს. ხარაბაძე ბიულეტენზე იყო გასული. ხელოვნებასა და მუსიკაში ამ პედაგოგის კუთვნილ ოთხ საათს ინეზა ხარაბაძე ატარებდა. პედაგოგი დაბრუნდა და თავისთავად კუთვნილი საათებიც დაიბრუნა. ამას გამო ინეზა ხარაბაძე გაბრაზებულა, მაგრამ ჩემთან არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია. ორი დღე მშვიდად, ჩვეულ რეჟიმში დადიოდა სკოლაში, შემდეგ კი სახლიდან მოტანილი ხელკეტით მივარდა და ფიზიკურად გაუსწორდა მასწავლებელს. კლასში კონფლიქტის შემდეგ ინეზა ხარაბაძე დერეფანსა და სამასწავლებლოში სკოლის 13-14 პედაგოგს დაუპირისპირდა, მათ შორის ხუთმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეხლა-შემოხლის დროს მასწავლებლები ცდილობდნენ ის შეებოჭათ, მაგრამ რაც კი ხელში მოყვებოდა, შეშა იქნებოდა თუ სხვა ბლაგვი საგანი ურტყამდა ყველას. მწყობრიდან გამოიყვანა რამდენიმე ნოუთბუქი, პრინტერი, სკანერი, პროექტორი და სხვა ტექნიკა".

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით