"პატიმრობის ყოველი დამატებითი დღე სამარცხვინოა" - გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი გადაიდო - კვირის პალიტრა

"პატიმრობის ყოველი დამატებითი დღე სამარცხვინოა" - გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დაკავებული, ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი 3 თებერვლამდე გადაიდო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კიევში მყოფმა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, პროცესის გადადების მიზეზად მოსამართლემ ის გარემოება დაასახელა, რომ საქალაქო სასამართლოსგან მათთვის შესაბამისი მასალების დროულად მიწოდება არ მოხდა.

სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე უნდა ემსჯელა, რომლის მიხედვითაც, გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატ ქსენია პროკონოვას თქმით, ცერცვაძის კიდევ ერთი კვირით პატიმრობაში დატოვება, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს.

"ამ დროის განმავლობაში ის არ იქნება თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და ვერც საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებს. რა თქმა უნდა, მე იმედგაცრუებული ვარ. შემდეგი სხდომა 3 თებერვალს არის დანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ გია პატიმრობაში კიდევ ერთი კვირა იქნება. მე საქმის მასალების პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოცემის დაჩქარებაზე ვიზრუნებ".

სასამართლოში გია ცერცვაძის მეუღლე და თანამებრძოლები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე უკრაინელი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს პატიმრობიდან 3 თებერვალს გაუშვებენ.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკის პატიმრობაში ყოფნას "სამარცხვინო" უწოდა.

”ვფიქრობ, 3 თებერვალს  გაუშვებენ, მაგრამ პატიმრობის ყოველი დამატებითი დღე სამარცხვინოა. დღეს გამოჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, გაუშვებენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.