"ესეც ისეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როგორც აქამდე იყო" - ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები 6 თვეში გათავისუფლდებიან - კვირის პალიტრა

"ესეც ისეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როგორც აქამდე იყო" - ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები 6 თვეში გათავისუფლდებიან

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა პროცესი დასრულებულია, ვერდიქტი - გამოტანილი.

თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს სასამართლომ სასჯელის ვადა შეუმცირა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ. შესაბამისად, გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახით, ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ადვოკატების თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ.

ბრალდებულებს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას, გიზო ღლონტსა და ნუგზარ კაიშაურს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. თუმცა, მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

2016 წლის 16 მაისს კი თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

”ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ ამ ადამიანებმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს. საერთოდ, გაუგებრად მიგვაჩნია, როგორ შეიძლება გამოიყენო თანამდებობრივი უფლებამოსილება ბოროტად ჯგუფურად. ბუნებრივია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გავასაჩივრებთ, მაგრამ იმით, რომ ამხელა სასჯელი, რომელიც ტყუილად ჰქონდათ შეფარდებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოიხსნა და გაფლანგვა გაუქმდა, ბუნებრივია, კმაყოფილები ვართ”, - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

როგორც საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ბრალდების მხარე არ ეთანხმება მოსამართლეს მუხლის გადაკვალიფიცირების კუთხით, შესაბამისად, პროკურატურა დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთივე პოლიტიკურია, როგორიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო.

"აბსოლუტურად ისეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როგორც აქამდე იყო ამ პირთა მსჯავრდება, უბრალოდ შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი შემცირდა, ვინაიდან თავად სასამართლოსთვისაც ნათელია, რომ აქ გამამტყუნებელი განაჩენი საბოლოოდ თავს ვერ დაიჭერს. თუ საჭირო გახდება, ევროპის სასამართლოში წავა ეს საქმე და საბოლოდ, იქ გამართლებით დასრულდება. რაღაც შერბილებისკენ წავიდნენ, რომ იქნებ ასე დამთავრდეს ყველაფერი, მაგრამ მე ვიცი მსჯავრდებულების განწყობა. ისინი არ აპირებენ ამასთან შეგუებას, თავი მიაჩნიათ უდანაშაულოდ და სრულიად მართებულად. ასევე, ვიცი ადვოკატების მზაობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდიც ბოლომდე გვერდში ვედგებით, ვიდრე სამართალი არ დადგება ამ საკითხზე და ეს საქმე კვლავ გამამართლებელი განაჩენით არ დამთავრდება", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით