"წულუკიანს ეგონა, თავის მოადგილეს ისეთივე წარმატებით დანიშნავდა მოსამართლედ სტრასბურგში, როგორც ეს ადეიშვილმა მოახერხა" - კვირის პალიტრა

"წულუკიანს ეგონა, თავის მოადგილეს ისეთივე წარმატებით დანიშნავდა მოსამართლედ სტრასბურგში, როგორც ეს ადეიშვილმა მოახერხა"

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა. შეგახსენებთ, წარდგენილნი იყვნენ: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი, რომელთა შერჩევასას, თავის დროზე, საქართველოშიც დიდი კრიტიკა მოჰყვა.

ხელისუფლების ოპონენტთა თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნდა აიღოს, რომელმაც შეუფერებელი კანდიდატები წარუდგინა სტრასბურგს, თუმცა თვითონ წულუკიანი კანდიდატურების ჩავარდნას ოპოზიციას და ომბუდსმენს აბრალებს.

"ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა "ნაციონალური მოძრაობა", უფრო სწორად მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი. ისინი ყოველთვის მუშობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ იშიმშილებდნენ, თან ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა სამწუხაროდ იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს ეს სია უკან დაბრუნებოდა".

რაც შეეხება სამომავლო პროცედურებს, იუსტიციის მინისტრის თქმით, მან ჯერ არ იცის, როგორ დაგეგმავს ახალი კონკურსის ჩატარებას და აცხადებს, რომ ახალი სია ალბათ წლის განმავლობაში შედგება.

წულუკიანის ბრალდებებს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც.

უჩა ნანუაშვილი:

"მინისტრის განცხადება არასწორია, შეიძლება ითქვას, ეს არის ცილისწამება...  წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი, ასევე დაასახელოს ინფორმაციის წყარო, რომ თითქოს მე ჩავაგდე კონკრეტული სია და ქვეყნებს მოვუწოდებდი ამ სიის წინააღმდეგ მიეცათ ხმა.

სახალხო დამცველმა მანამდე არაერთხელ აღნიშნა იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც ამ პროცესში არსებობდა. ჩვენთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ მოხდა ერთი კანდიდატის ჩანაცვლება მეორით. უფრო მაღალი ქულის მქონე კანდიდატის ჩანაცვლება უფრო დაბალი ქულის მქონე კანდიდატით. კითხვის ნიშნები არა ერთხელ დაისვა, თუმცა პასუხი აქამდე არ მიგვიღია".

რა შეიძლება გამხდარიყო მოსამართლეთა ქართველ კანდიდატურებზე უარის თქმის მიზეზი? -  ვესაუბრებით იურისტ ლია მუხაშავრიას, რომელსაც საკმაოდ მრავალწლიანი ურთიერთობები აკავშირებს სტრასბურგის სასამართლოსთან:

- 20-30 წლის წინ, როდესაც ევროპის საბჭოს წევრები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გახდნენ, მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის პროცედურა არ იყო ისეთი გართულებული, როგორიც მოგვიანებით გახდა. ეს სწორედ იმან გამოიწვია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან წარგზავნილმა მოსამართლეებმა, რომელთაც პრაქტიკულად მთავრობა ნიშნავდა, გამოავლინეს მიკერძოება და დამოკიდებულება იმ მთავრობაზე, რომელმაც წარადგინა. ამის გამო, ევროპის საბჭო ძალიან სერიოზულად ეკიდება იმ საკითხს, თუ ვინ გახდება მოსამართლე.

შევეჩვიეთ, რომ ჩვენთან მოსამართლე უნდა დაინიშნოს პარტიული ნიშნით, რომ ის უნდა იყოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში ასე არაა და ამ 3 კანდიდატის ჩავარდნა ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. თუმცა, ვფიქრობ, ხელისუფლება ჭკუას არ ისწავლის...

საწყენია, რომ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, ვინც უშუალოდ პასუხისმგებლები იყვნენ ამ კანდიდატების წარდგენაზე, ამ ყველაფერს ზაზა ხატიაშვილს აბრალებენ, თითქოსდა მან ჩააგდო კანდიდატების დანიშვნის საკითხი, რაც სიმართლე არ არის. საქართველოში ჩატარებული პროცედურა, რომლითაც ეს 3 კანდიდატი სხვა მრავალი კანდიდატისგან გამოარჩიეს, აშკარად უკანონო და უსამართლო იყო.

ერთი უბედურებაა, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა გამართულად არ მუშაობს და მას რეფორმა სჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, გადატვირთულობის გამო, ევროსასამართლოც ძალიან აჭიანურებს საქმეთა განხილვას და ეს არის კატასტროფა იმ ადამიანებისთვის, რომელთა უფლებებიც დაარღვიეს.

წულუკიანს ეგონა, თავის მოადგილეს ისეთივე წარმატებით დანიშნავდა სტრასბურგში, როგორც ადეიშვილმა მოახერხა, როცა ნონა წოწორია დაინიშნა საქართველოდან მოსამართლედ, მაგრამ, საბედნიეროდ, დრო და დამოკიდებულება შეიცვალა და ევროპის საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს ისე არ უყურებენ, როგორც საქართველოში. ეგება ეს ამბავი ჭკუის სასწავლებელი იყოს იმათთვის, ვისაც ეს ეხება...

იქნებ გაიგონ, რომ იოლი არ არის გაიყვანო შენი კანდიდატი, მაშინ როცა ის არ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის იმ სტანდარტს, რაც დადგენილია ცივილიზებულ სამართლებრივ სახელმწიფოში.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი ნაცნობობის საშუალებითაც მივაწოდე სტრასბურგში ინფორმაცია და ავუხსენი, რომ არ შეიძლებოდა ამ 3 კანდიდატურიდან რომელიმე ყოფილიყო დანიშნული, რადგან ევროსასამართლოს საქართველოს მოქალაქეთა თვალში რეპუტაცია ისედაც შერყეული აქვს იმიტომ, რომ საქმეების განხილვა და გადაწყვეტა ჭიანურდება.

დარწმუნებული ვარ, ამაში გარკვეულ როლს ქალბატონი ნონა წოწორია ასრულებს, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე არ არის და კვლავინდებურად ადეიშვილის მოადგილედ რჩება. თუ მომავალი 3 კანდიდატიც არ იქნება ღირსეული და სათანადო კრიტერიუმით აღჭურვილი, დარწმუნებული ვარ, მათი კანდიდატურებიც ჩავარდება".

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)