გია ცერცვაძე თავისუფალია - კვირის პალიტრა

გია ცერცვაძე თავისუფალია

საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომლის ექსტრადირებასაც რუსეთის ფედერაცია უკრაინისგან ითხოვდა, თავისუფალია. „ლიგა.ნეტ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მისი ადვოკატი ქსენია პროკონოვა წერს.

„გიას ათავისუფლებენ. პროკურატურის გადაწყვეტილებაა. ეს არის დროებითი პატიმრობის მოხსნა. რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვაზე ჩვენ ვილაპარაკებთ საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შემდეგ“, - წერს პროკონოვა.

გია ცერცვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ „ფეისბუკის პირად გვერდზე გია ცერცვაძის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: როგორც დაგპირდით - გია ცერცვაძე თავისუფალია. უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს. მათ შორის - თუკი ისინი თავისი ქართველები არიან“.

გია ცერცვაძის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც. უწყების ინფორმაციით, უკრაინელი კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადაციო წარმოებაც.

„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ როგორც უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გია ცერცვაძის მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები“, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.