პრეზიდენტმა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.

ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

გამოძიება მათ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირა და სასჯელის სახედ წელიწადი და 6 თვე განუსაზღვრა. მათ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2 თვეში უნდა დაეტოვებინათ.

„საქართველოს პრეზიდენტი ამ ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და შესაბამის ინფორმაციას იღებდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების (ე.წ. კაბელების) საქმის მიმდინარეობის შესახებ. სამწუხაროდ, მთელი პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან წინმსწრებად გამოთქმული შეფასებები ამძიმებდა საქმის ვითარებას და აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე. პროცესის ვერც ერთ ეტაპზე, პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაც სხვადასხვა დროს არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების შეწყალების თაობაზე. იმედი გვაქვს, რომ ისინი უახლოეს საათებში დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ხუთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

ყოფილ მსჯავრდებულებს დაწესებულებასთან მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები დახვდნენ.