ვინ გაუწევს სახელმწიფო სტრუქტურებს საკომუნიკაციო მომსახურებას? - რატომ არ მიიღეს, "ბილაინის" გარდა, სხვა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა?! - კვირის პალიტრა

ვინ გაუწევს სახელმწიფო სტრუქტურებს საკომუნიკაციო მომსახურებას? - რატომ არ მიიღეს, "ბილაინის" გარდა, სხვა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა?!

სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მხოლოდ კომპანია „ბილაინმა“ მიიღო მონაწილეობა.

ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ არ მიიღეს ტენდერში მონაწილეობა ქართულ ბაზარზე არსებულმა სხვა კომპანიებმა?

მით უფრო, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, ვერც „ბილაინი“ აკმაყოფილებს სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობებს.

ამის თაობაზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სპეციალური წერილი შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა, მასში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ტენდერის პირობას მთელი საქართველოს მასშტაბით მესამე თაობის - 3G მომსახურებაზე, „ბილაინი“ ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს.

"კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ შპს "მობიტელი" ("ბილაინი") დღეის მდგომარეობით სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში ვერ აკმაყოფილებს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა განუცხადა.

როგორც ხატია ყურაშვილმა აღნიშნა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობების შესახებ წერილი სამივე მობილურ ოპერატორს გაუგზავნა.

კომპანია „ბილაინის“ გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი კი აცხადებდა, რომ ისინი მზად იყვნენ სახელმწიფოსთვის საუკეთესო მომსახურება გაეწიათ.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მიიღონ ძალიან მაღალი ხარისხის, კვალიფიციური მომსახურება. თუ საჭიროა, დამატებითი რესურსების მობილიზებასაც მოვახდენთ. თუ საჭირო გახდა, ინვესტიციასაც გავაკეთებთ. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ სახელმწიფომ მიიღოს კვალიფიციური და მაღალი ხარისხის მომსახურება”, - აცხადებდა ტყეშელაშვილი.

მისივე განმარტებით, ტენდერის პირობებით არ  იყო მოთხოვნილი, რომ მესამე თუ მეოთხე თაობის მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ყოფილიყო გავრცელებული. მისივე ინფორმაციით, არც ერთ კომპანიას - ”ბილაინს”, ”მაგთიკომსა” და ”ჯეოსელს” მესამე თაობის მომსახურება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს და ტენდერში ეს პირობა რომ ყოფილიყო, მას საქართველოში არსებული ვერცერთი კომპანია ვერ დააკმაყოფილებდა.

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიებს “მაგთის“ და "ჯეოსელს " დავუკავშირდით. კომპანია "მაგთის" წარმომადგენელმა  გვიპასუხა, რომ ისინი ამ საკითხზე ჯერ არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. "ჯეოსელიდან" კი ეს მოგვწერეს:

"კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან ერთი დღის ვადაში მივიღეთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილი. გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული წერილიდან:

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ცნობილი გახდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის პირობების შესახებ. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ აღნიშნული ტენდერით დადგენილი პირობებით ფიჭური სატელეფონო მომსახურების მომხმარებლებისთვის მიწოდების შემთხვევაში, კომისია შეისწავლის კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარი რეგულირების ფარგლებში თქვენზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების, მათ შორის, სატარიფო რეგულირების, დისკრიმინაციის და სუბსიდირების აკრძალვის ვალდებულებების შესაძლო დარღვევის საკითხს, შემდგომი განხილვისა და კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების მიზნით".

ვინაიდან, დროის სიმცირის გამო (კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა 26 იანვარს, საღამოს, ხოლო სატენდერო წინადედების შეტანის ბოლო ვადა იყო 30 იანვარს, დღის პირველ საათამდე) "ჯეოსელი" სრულყოფილად ვერ მოახერხდებოდა კომისიის გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის შესაძლო შედეგების განსაზღვრას, კომპანიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, საკითხის დეტალურად გარკვევამდე თავი შეეკავებინა ტენდერში მონაწილეობის მიღებისგან".

საბოლოოდ, როგორც ცნობილი გახდა,  შპს „მობიტელმა“ („ბილაინი“) სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში ვერ გაიმარჯვა.

ტენდერის შედეგი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ვებგვერდზე მითითებულია, რომ შპს „მობიტელის“ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მოხდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავის მხრივ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ამცნო, რომ კომისიის აზრით, შპს „მობიტელი“ დღეის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში.

ეკა გადახაბაძე