საქართველო ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში - რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს ევროპარლამენტი? - კვირის პალიტრა

საქართველო ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში - რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს ევროპარლამენტი?

12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

დღეს კი, 2 თებერვალს ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს უყრის.

"დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ევროკავშირის საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნლოვანი დადასტურება ევროკავშირის საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლო და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება მხარდაჭერის იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც არიან ევროპარლამენტში.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ევროპარლმენტარს, რომელიც დღევანდელ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ასევე მინდა ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ძალიან დიდი წარმატების შენებაში, გადავუხადო უდიდესი მადლობა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და ყველას ვინც ამ ძალიან შრომატევადი პროცესის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა და დღეს მართლაც დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ევროპარლამენტის წევრის, საქართველოს საკითხის მომხსენებელის მარია გაბრიელის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე დღეს ევროპარლამენტისგან პოზიტიურ სიგნალს ელოდება.

ეს არის ძალიან პოზიტიური სიგნალი. კოლეგებისგან ველი ძლიერ მხარდაჭერას. ჩემი, როგორც მომხსენებლის მიზანია, მოვიპოვო ოფიციალური ხელმოწერა პირველ ან ორ მარტს და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების გამოქვეყნება ოფიციალურ ჟურნალში რაც შეიძლება სწრაფად - 10 მარტამდე. ამის შემდეგ მხოლოდ 20 დღე მოგვიწევს ლოდინი უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლამდე, თუმცა განვაგრძობ მოთხოვნას, რომ ეს მოხდეს მარტის ბოლომდე. თქვენმა ქვეყანამ გაატარა ძალიან დიდი და რთული რეფორმები, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის დამსახურებული უვიზო მიმოსვლა. უვიზო რეჟიმი ნიშნავს ადამიანებს შორის კავშირების გაძლიერებას, ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისა და ტურისტებისთვის კარის გაღებას. ეს ასევე არის ღია კარი ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს საერთო გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება და საქართველომ დაამტკიცა, რომ ის მართლაც სტაბილური პარტნიორია. უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა და უვიზო რეჟიმი არის ამის წინაპირობა“.

დღეს დაგეგმილი კენჭისყრა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის, სერგეი სტანიშევის შეხვედრაზე.

"ბრიუსელში 2 თებერვალს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენა გაიმართება და დარწმუნებული ვართ ევროპული პარლამენტი ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრისას დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ევროპარლამენტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

"ველოდები კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს - ვიზალიბერალიზაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ევროპის სოციალ-დემოკრატიული ოჯახის ლიდერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური და სოციალური დღის წესრიგი, რაც ევროპაშია, იყოს მთავრობის საქმიანობის ფოკუსში. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სამუშაომ, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს ფუნდამენტური უფლებაა და მივესალმები, რომ ეს პოლიტიკა ახლაც გრძელდება. იმედი მაქვს, ის გაფართოვდება და განათლების, სოციალური დაცვის და სხვა სფეროებსაც მოიცავს", - აღნიშნა სერგეი სტანიშევმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით