"შვილი - ოთახში, დედა კი კართან ნახეს გარდაცვლილი, როგორც ჩანს, დახმარების თხოვნას ცდილობდა" - კვირის პალიტრა

"შვილი - ოთახში, დედა კი კართან ნახეს გარდაცვლილი, როგორც ჩანს, დახმარების თხოვნას ცდილობდა"

31 იანვარს, ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მეზობლებმა 80 წლამდე ასაკის ჯანიკო სარჯველაძე და მისი 50 წლის ვაჟი, ამირან გორგაძე გარდაცვლილი იპოვეს. დედ-შვილის ერთდროულად გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა, მით უფრო, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა-შვილს ელექტროენერგია ჩაჭრილი ჰქონდა, ვერ თბებოდნენ და გაიყინენ.

საბოლოოდ ყველა კითხვას პასუხს ექსპერტიზა გასცემს, თუმცა ახლობლების თქმით, გავრცელებული ვერსია დედა-შვილის გაყინვის თაობაზე აბსურდულია.

ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და როგორც აჭარის შესაბამის სტრუქტურებში აცხადებენ, ამ სტატუსის მატარებლებისთვის არსებული თითქმის ყველა სახის დახმარებით სარგებლობდა.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დედა-შვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პასუხები ჯერ უცნობია.

დავუკავშირდით გარდაცვლილების ახლობელს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცაღა მომხდარზე გვესაუბრა:

- ჯანიკო ბოლო ხანს ბევრს ავადმყოფობდა, ორი ბიჭი ჰყავდა, ორივე ფსიქიკური პრობლემებით. თავის დროზე კარგი და ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, თუმცა მერე მათი ცხოვრება ერთბაშად აირია, - ჯერ ქმარი გასცილდა და ორი შვილი შერჩა მარტოხელა ქალს გასაზრდელად. შვილები რომ გზაზე დაეყენებინა, ბევრს შრომობდა, მათ შორის ფიზიკურადაც. მუშაობა ადამიანს არ კლავს და ისიც ყველაფერს გაუძლებდა, მის შვილებს რომ არ დამართნოდათ საშინელება, - ჯერ იყო უფროსი ვაჟი, ამირანი გააგზავნა ჯარში და იქედან საშინელი ფსიქიკური პრობლემებით დაბრუნდა, ამ დროს მეორე ვაჟი ჯერ ისევ სკოლაში სწავლობდა, მალევე მასაც შეერყა ფსიქიკა.

საბრალო კარგა ხანს ცდილობდა, ამ ამბავს გამკლავებოდა და შვილებისთვის მარტოს მოევლო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ბიჭების მდგომარეობა რთულდებოდა, მით უფრო მეტად ძნელი ხდებოდა მათი სახლში ერთად ყოფნა, - ერთმანეთი ამოიჩემეს და საშინლად ჩხუბობდნენ. ისე წავიდა საქმე, რომ თუ ერთი ძმა სახლში იყო, მეორე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რომ ერთმანეთი არ დაეხოცათ. ამ ბოლო დროსაც ასე იყო, - ამირანი გამოვიდა ფსიქიატრიულიდან, მოვიდა სახლში, ეჩხუბა ძმას და საწყალმა დედამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ახლა შალვა წაიყვანეს ფსიქიატრიულში. ერთი კია დედას არ ერჩოდნენ, მეტიც უვლიდნენ, ეხმარებოდნენ როგორც შეეძლოთ.

დედისთვის ამის ყურება წარმოიდგინეთ რა მძიმეა, მისი მდგომარეობა ბოლო ხანს განსაკუთრებულად გაურესდა, ძალიან დაუძლურდა, საწოლიდან უჭირდა ადგომა... ის ერთადერთი იყო, ვინც მეზობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობდა, ბიჭები ყველას თავს არიდებდნენ, ხალხის შიში ჰქონდათ. ნათესავებთანაც არ უნდოდათ კონტაქტი, ერთ-ერთს ისიც უთქვამს, მაგათ ჩვენი ბინა უნდათ, სახლიდან გაგვყრიან და მიისაკუთრებენ აქაურობასო, ამიტომაც სულ ჩაკეტილები იყვნენ, მეტიც გასაღებს ერთმანეთსაც კი უმალავდნენ. არ არის გამორიცხული, რომ როდესაც ამირანი ავად გახდა, დედამ სცადა დახმარებისთვის მეზობლების დაძახება, მაგრამ გასაღები ვერ იპოვა, ისე კიდევ ხმა ვერავის მიაწვდინა.

- გავრცელდა ვერსია, რომ დედა-შვილი გაიყინა, რადგან არც ბუნებრივი აირი ჰქონდათ და არც ელექტროენერგია...

- შუქი მართლაც ჰქონდათ გამორთული, ვერ გადაიხადეს და არც დენის გამორთვის ამბავი შეატყობინეს არავის, ვინც დაეხმარებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მაწუხებს ეს ამბავი, რომ გარდაცვლილებზე რაღაც ვერსიები გავრცელდა, ეს არასწორია.

როგორც გითხარით, ბიჭები თითქმის არავისთან კონტაქტობდნენ, თუმცა უფასო სასადილოში დადიოდნენ და ბოლო დღეებში რომ არ გამოჩნდნენ, მეზობლებმა იეჭვეს რაღაც და მაშველები გამოიძახეს, რომელთაც კარი შეანგრიეს და შიგნით ეს საზარელი სურათი ნახეს...

- რა შეიძლებოდა გამხდარიყო მათი გარდაცვალების მიზეზი?

- ამას ექსპერტიზის პასუხამდე ვერავინ იტყვის, მაგარამ დედა-შვილი ცალ-ცალკე იყო. შვილი განაპირა ოთახში, დედა კი კართან ნახეს გარდაცვლილი. როგორც თქვეს, შვილს უკვე ხრწნის ნიშნები ჰქონდა, დედა კი, შედარებით გვიანდელი გარდაცვლილი იყო. ყველაზე საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ამირანი უცაბედი შეტევით არის გარდაცვლილი, მით უფრო, რომ ჯანიკოს დისშვილი ამბობს, ბოლოს რომ ვნახე, მუცელში რაღაცას იტკიებდაო. დედა ელოდა, ეძახა და რომ ვეღარ გააგონა, სიარული უჭირდა, მაგრამ საწოლიდან წამოდგა და შვილის ძებნა დაიწყო. მერე შვილი რომ ასეთ დღეში ნახა, სავარუდოდ, კარისაკენ წავიდა, მაგრამ იქ გასაღები არ იყო და კარი ვეღარ გააღო, რომ ვინმესთვის საშველად დაეძახა... განა რამდენის გაძლება შეუძლია ადამიანს, შესაძლოა ელდისგანაც გარდაიცვალა საწყალი...

"ენერგოპრო ჯორჯიაში" დაადასტურეს, რომ აბონენტს ერთთვიანი დავალიანების გამო 26 იანვარს მართლაც გაუთიშეს ელექტრონერგიის მიწოდება.

ჯანიკო სარჯველაძეს და ამირან გორგოძეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში დაკრძალავენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკრძალვის ხარჯებს ბათუმის მერია დაფარავს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)