ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.

დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

2017 წლის 12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

2 თებერვალს კი, ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭი უყარა.