ემზარ კვიციანი: "კარგი იქნება, თუ ახლა რუსეთიც ევროპის ჯინაზე ვიზებს გააუქმებს" - კვირის პალიტრა

ემზარ კვიციანი: "კარგი იქნება, თუ ახლა რუსეთიც ევროპის ჯინაზე ვიზებს გააუქმებს"

"კარგი იქნება, თუკი ახლა რუსეთიც ადგება და ევროპის ჯინაზე ისიც გააუქმებს ვიზებს", - ამის შესახებ პატრიოტთა-ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა განაცხადა , რომელიც კოლეგებთან ერთად, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ მიღებაში მონაწილეობდა.

"მიღებულ გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებ. მე მას ტაში დავუკარი და გამიხარდა. გამიხარდა ის, რომ ბავშვები, მშობლებთან ათეული წლები სკაიპით რომ საუბრობენ და მშობლებისათვის სკაიპთან რომ იზრდებიან, დაბრუნდებიან და სამუშაოდ უკან წასვლას შესძლებენ. თუკი ეს ასე იქნება, ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი იქნება, თუკი ახლა რუსეთიც ადგება და ევროპის ჯინაზე ისიც გააუქმებს ვიზებს. ეს ძალიან მაგარი იქნება. ვიქნებით საერთოდ ირგვლივ თავისუფალი - სადაც გინდა წადი და მოდი. მიხარია!", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.

დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.

"ინტერპრესნიუსი"