ვინ გამოვიდა ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების წინააღმდეგ და რა იყო მათი არგუმენტები?! - კვირის პალიტრა

ვინ გამოვიდა ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების წინააღმდეგ და რა იყო მათი არგუმენტები?!

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს მხარი დაუჭირა. ბრიუსელში გამართულ პლენარულ სხდომაზე ამ წინადადებას 553 დეპუტატი მიემხრო, 66 წინააღმდეგი იყო, 28 პარლამენტარმა კი თავი შეიკავა.

ეს კენჭისყრა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების გზაზე ერთ-ერთი ბოლო ეტაპია და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობის უფლებით, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან ისარგებლებენ. საქართველოს მოქალაქეებს წლის განმავლობაში შენგენის ზონის ქვეყნებში ჯამში 180 დღის გატარება შეეძლებათ.

ევროპარლამენტში გარდა მხარდამჭერი გამოსვლებისა, იყო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საწინააღმდეგო მოხსენებებიც. მათ შორის იყო ბრიტანელი დეპუტატი სტივენ ვულფი, რომლის განმარტებითაც თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხის შემცველია.

"ქალბატონმა მერკელმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როდესაც, შესაბამისი შემოწმების გარეშე, გერმანიის კარი ყველა მსურველს გაუღო. ჩვენ ახლა ვიმკით ამ შედეგებს. ევროკავშირი ცდილობს თავისი გავლენის, თავისი იმპერიის გაფართოებას და ანალოგიურ შეცდომას უშვებს - არ ამოწმებს, ვინ ჩამოვა ევროკავშირში. თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა ძალიან საფრთხის შემცველია. ქართულმა გაზეთმა "რეზონანსმა" დაწერა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე. მოდით, ნუ დავუშვებთ მსგავს შეცდომას, რაც მერკელმა გასულ წელს დაუშვა", - განაცხადა სტივენ ვულფმა.

"არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე, რომელიც მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის პროცესს", - ეს უკვე ევროპარლამენტარმა, ნიდერლანდების წარმომადგენელმა, ვიკი მაიერმა განაცხადა.

ის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა და პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით ევროპა ორგანიზებულ დანაშაულს გაუხსნის გზას.

"ვიზალიბერალიზაციის წინადადება, რომელიც ბრიუსელმა შესთავაზა ქვეყანას, პრობლემას უქმნის ევროპას. ჩვენ ახლა გავუხსნით გზას ორგანიზებულ დანაშაულს ამ ქვეყნიდან და არ გვჭირდება ეს გადაწყვეტილება მსგავს სიტუაციაში. ქართველი კრიმინალები გერმანიაში უფრო და უფრო დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. როდესაც ევროკავშირში ადამიანები ჩამოდიან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამგვარი შესაძლებლობები, ჩემი პარტია (PVV) მხარს უჭერს უსაფრთხოების საკითხს ევროკავშირში და ამიტომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგი ვარ", - განაცხადა ვიკი მაეიერმა.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ საბერძნეთისა და გერმანიის წარმომადგენლებიც.