რა დაწერა "ფეისბუკში" მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ? - კვირის პალიტრა

რა დაწერა "ფეისბუკში" მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ?

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს მხარი დაუჭირა. ბრიუსელში გამართულ პლენარულ სხდომაზე ამ წინადადებას 553 დეპუტატი მიემხრო, 66 წინააღმდეგი იყო, 28 პარლამენტარმა კი თავი შეიკავა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კენჭისყრიდან მოკლე ხანში "ფეისბუკის" ოფიციალურ გევრდზე გამოაქვეყნა მისი ინაუგურაციის ვიდეო და რუსულ და უკრაინულ ენებზე დაწერა: "13 წლის წინ, პირველად ასე ავწიეთ ევროპის დროშა დსთ-ში. სხვათა შორის ჩემ ინაუგურაციაზე პოროშენკო წარმოადგენდა უკრაინას".

"ვულოცავ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს.

ეს არის თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ევროპულ ოჯახში დაბრუნებით ასრულდა ქართველი ხალხის მრავალი თაობის ურყევი ნება. ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე გადაიდგა 2003 წლიდან, მაშინ, როდესაც იმედგაცრუებულმა ხალხმა კვლავ ირწმუნა ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრების პერსპექტივა.

ვარდების რევოლუცია იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც შეუქცევად პროცესად აქცია ქართველი ხალხის თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვა.

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა უპირველესად ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისათვის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში და თავისუფლად იმოგზაურონ ევროპულ სახელმწიფოებში.

ამასთან, ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გაღარიბებულმა მოსახლეობამ ყოველდღიური სარჩოს საძიებლად დატოვოს ქვეყანა.

ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის მმართველობიდან ჩამოშორება, რათა წარმატებული და განვითარებული საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

მჯერა, საქართველო გამოიყენებს ამ უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის გაძლიერებისთვის, დემოკრატიული განვითარებისათვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის", - დაწერა სააკაშვილმა