"საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს" - აფხაზების პირველი კომენტარი ვიზალიბერალიზაციაზე - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს" - აფხაზების პირველი კომენტარი ვიზალიბერალიზაციაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძეს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უვიზო რეჟიმით „ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებიც შეძლებენ სარგებლობას“.

„აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ თვლის ხაზი გაუსვას იმას, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე შეიძლება ვრცელდებოდეს და არანაირად არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ჯანელიძის განცხადებას განვიხილავთ, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში „ჩართვის“ მორიგ უხეშ მცდელობას. აშკარაა, რომ ე.წ. „ნეიტრალური პასპორტების“ იდეის სრული მარცხის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს აფხაზეთის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სახით. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს მცდელობა მარცხს განიცდის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ზემოხსენებულიდან გამომდინარე აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობა აფხაზეთის მოქალაქეები საკუთარი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენოს, უპერსპექტივოა. თუ საქართველოს ხელისუფლება გულწრფელად წუხს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების საკითხით, მათ უარი უნდა თქვან ჩვენი მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე, რომლებსაც თბილისის გამო უარს ეუბნებიან ევროკავშირში შესვლაზე“, - აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გამოეხმაურა.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერს, რაც დე ფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში ამბობს არა აფხაზეთი, არამედ სწორედ პუტინის რეჟიმი.

"მოვისმინე განცხადება. ისინი არ აცხადებენ ამას, ამას აცხადებს პუტინის ოკუპანტური რეჟიმი და მეტი არავინ. ამიტომ ჩვენ ამის მიუხედავად ვაგრძელებთ იგივე ნაბიჯების გადადგმას, რასაც ვაკეთებდით აქამდე", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"