ზეწოლა მოსამართლეებზე თუ "ნაცმოძრაობის" მორიგი პოლიტიკური თამაში?! - კვირის პალიტრა

ზეწოლა მოსამართლეებზე თუ "ნაცმოძრაობის" მორიგი პოლიტიკური თამაში?!

რამდენიმე დღის წინ, საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემა Українська революція-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მოიპოვეს მიმოწერა, რომელიც ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის გენპროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის შედგა. ვებსაიტმა სააკაშვილი-საყვარელიძის სტენოგრაფიული ჩანაწერი ორ ენაზე - რუსულად და ქართულად გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული მასალის დასაწყისი ეხება ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეს, რომელშიც სააკაშვილი ინტერესდება, როგორ მიმდინარეობს ცერცვაძის გათავისუფლებაზე მუშაობა და რა წინსვლა აქვს ამ საკითხში საყვარელიძეს. ამის შემდეგ, საყვარელიძე საუბარში ორ გვარს ახსენებს, რომელთაც "თბილისში ამანათები გაეგზავნათ". მოხსენიებული პიროვნებები, სავარაუდოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე არიან, რომლებიც "რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავენ.

"ბიჭები ჩამოვიდნენ თბილისიდან. მოკლედ, იმ ალავიძეს და ქათამაძეს გაეგზავნათ ამანათები და ჩაიბარეს, იქ როგორც ვთქვით, დავუდასტურეთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი იმედი, მომავალი გარანტირებული გაქვთ ყველანაირად ასეც და ისეც, კარიერულად ერთი მინისტრად, მეორე თავმჯდომარედ და რაღაც განსაკუთრებული კი არ გევალებათ მოკლედ თემა უნდა ააფეთქოთ-თქო. ზეწოლის, თვალთვალის, დატერორების და დაშინების რეჟიმში გვამყოფებენ და აღარ ავიტანთ ამასთქო. ოდნავ გაახმოვანეთ და ან თუნდაც გარეთ გამოაჟონინეთ მაგ ინფორმაციას და დანარჩენს გვარამია მიხედავსთქო. მაგათი ამბავი ზოგადადაც ხომ ხედავთ წასულიათქო. თან გმირები და ხელშეუხებლებიც გამოხვალთთქო. მერე ტელეფონითაც მივანიშნე, რომ ჩვენ ვართ რომ არ შეშინებულიყვნენ. გვარამიასაც ყველანაირად ეიმედება და თავისი ხაზით კონტაქტზეა. რაც მთავარია, ორივენი ამ უნიათოების მთავრობას ვერ იტანენ და ჩვენი მომხრეები არიან. უყურებენ ჩამოეშალათ თავზე სასამართლოც და ისედაც ანგრევენ ქვეყანას", - ვკითხულობთ სტენოგრაფიულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, საყვარელიძის სიტყვებს.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ორ დღეში,  ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც ”რუსთავი 2”-ის საქმეს განიხილავენ, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ამ ფაქტზე 14 იანვარს დაიწყო და უკვე ჩაატარეულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, როემლიც კვლავაც გრძელდება.

უწყებაში ასევე განმარტეს, რომ გამოძიების ფარგლებში შესწავლილი და გამოკვლეული იქნება ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე ორი დღის წინ გამოქვეყნებული სტენოგრაფიული ჩანაწერი, რომელიც პორტალის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილსა და დავით საყვარელიძეს შორის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, საყვარელიძე სწორედ აღნიშნულ მოსამართლეებს ახსენებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ”რუსთავი 2-ის” საქმეს განიხილავენ, ზეწოლას სწორედ სუს-ის ახორციელებდა და ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის გადაყენებას ითხოვს.

”გაირკვა, რომ 14 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენდა ზეწოლას მოსამართლეებზე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ეს კონკრეტული საქმე არის არც მეტი და არც ნაკლები ”რუსთავი 2-ის” საქმე. ამ უწყებას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური. ბიძინა ივანიშვილს სურს, როგორც ასეთი გააუქმოს სახელმწიფო. ყოველივე ამის შემხედვარე დაუშვებელია დუმილი. გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, რომ ბატონი გომელაური უნდა გადადგეს, რადგან ის არის მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის მხრიდან. მას არანაირი უფლება არ აქვს იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე”, - განაცხადა მელიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის საქმის მოსამართლეებს სთხოვდნენ, პროკურატურაში შეტანილი განცხადება ან უკან გაეტანათ, ან ის სუბიექტები შეეცვალათ, რომლებსაც ზეწოლაში ადანაშაულებენ. როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლეების წინააღმდეგ დანაშაულებრივ საქმიანობაში პრეზიდენტის გარდა, ყველა სახელისუფლებო შტოა ჩართული.

„საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს საქმე შემთხვევასთან, როდესაც უმაღლესი ინსტანციის - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ამხელენ სისტემას შიგნიდან, ამხელენ ხელისუფლებას შიგნიდან და აცხადებენ მათზე მიმდინარე უხეში ზეწოლის შესახებ.

"ჩვენ აბსოლუტურად შეგნებულად არ ჩავატარეთ არც ერთი ბრიფინგი და არ გავაკეთეთ არც ერთი განცხადება, ვიდრე არ დასრულდებოდა ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო კენჭისყრა, ვინაიდან, ვიცით, რომ ევროპარლამენტი ძალიან სენსიტიურია ისეთი თემების მიმართ, რომელიც ეხება მედიის და სასამართლოს თავისუფლებას და ვიცით, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ბევრჯერ გახდა გადამწყვეტი და მათ შორის ამ მიზეზით არაერთხელ გადაიდო კენჭისყრა ევროპარლამენტში. დღეს, როცა ეს პროცესი დასრულებულია, ჩვენ ამ განცხადებას ვაკეთებთ და გავასაჯაროვებთ რამდენიმე ინფორმაციას: პირველ რიგში, გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან - რატომ არ მოიქცა ის ისე, როგორც მოიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროვება? - ეს კითხვა რიტორიკულია, რამდენადაც ჩვენ ვიცით პასუხი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე. ის არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ. მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა, რომ ან გაეტანათ განცხადება, ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები - დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე ან ის ადამიანები, რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები", - განაცხადა გვარამიამ.

გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყება „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე სუს-ის მხრიდან ზეწოლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას „არასერიოზულს“ უწოდებს.

„ასეთი განცხადებები არასერიოზული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებზე გია ვოლსკი გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რაც, პოლემიკისა და ჯანსაღი ოპონირების ნაცვლად მიმართულია, საბოტაჟის რეჟიმისკენ.

„მნიშვნელოვანია, ყველა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიეწოდოს, მაგრამ საგანგებოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისმა საგამოძიებო სტრუქტურებმა იმოქმედონ ვინაიდან, ეს საკითხი, რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს, პირველ რიგში, ეხება ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნული სტაბილურობის საკითხებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ თუნდაც, საგამოძიებო სტრუქტურების მეშვეობით თავი უნდა დაიცვას ასეთი შემოტევებისგან, მითუმეტეს, ჩვენ სააკაშვილის გეგმების თაობაზე ვიცით, რომ არ იყოს არანაირი პოლემიკა, ბჭობა, ჯანსაღი ოპონირება და იყოს მხოლოდ საბოტაჟის რეჟიმი, მათ შორის მოსამართლეებზე ზეწოლა შეიძლება განვიხილოთ ამ სტრატეგიული გეგმის, როგორც ერთი ნაწილი. მოსამართლეს საერთოდ, იმუნიტეტი საკმაოდ მაღალი აქვს, მისი დაცულობა მაღალია და მასზე შეხება არის საკმაოდ სერიოზულად დასჯადი დანაშაული“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით