"გაუგებარია, რატომ ანთხევთ ბოღმას საკუთარ თანამემამულეებზე" - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"გაუგებარია, რატომ ანთხევთ ბოღმას საკუთარ თანამემამულეებზე" - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ

"როცა მე საქართველოში ჩავედი, ეს იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი დადიოდა ულვაშებით"

ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია Чернівецький Промінь-ის ეთერში საქართველოში მისი მთავრობის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე და უკრაინაში დაგეგმილ და განსახორციელებელ რეფორმებზე ილაპარაკა

"როცა მე საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, ქვეყანას ჰყავდა 100 000 ვიზიტორი, ტურისტიც კი არა. როცა მე დავასრულე ჩემი ვადა, ქვეყანას ჰყავდა 6 მილიონი ტურისტი. როგორ გავაკეთეთ ეს? ჩვენ ვხატავდით ქალაქებს, ვიგონებდით მათ, ისინი არ იყო და ვიგონებდით. მაგალითად, ბათუმი მე პირადად დავხატე და მოვიგონე - რაღაც ვალენსიიდან, რაღაც ბარსელონიდან, რაღაც ნიციდან და ნიუ-იორკიდან. ავიღეთ ელემენტები და ის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია...

უკრაინელები ქართველებზე მეტად შრომისმოყვარენი და კანონმორჩილები არიან, უფრო გახსნილები რეფორმებისთვის, ვიდრე ქართველები იყვნენ მაშინ, როცა ვიწყებდით. ახლა ქართველებმაც ისწავლეს, პოსტსაბჭოთა თაობა შეიცვალა, გაიზარდა. როცა მე საქართველოში ჩავედი, ეს იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი დადიოდა ულვაშებით, აეროდრომი-ქუდებით, იცოდნენ ცეკვა-სიმღერა, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არაფერი შეეძლოთ. ახლა საქართველო არის მაღალტექნოლოგიური ქვეყანა, ქვეყანა სადაც სრულიად არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა ცხოვრობს, სადაც უამრავი საინტერესო ინიციატივა იბადება ეკონომიკის სფეროში, ქვეყანა, რომელიც ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია, მაშინ როცა ახლა უკრაინა ევროპაში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მის ამ შეფასებებს გამოეხმაურა "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც საქართველოს ექს-პრეზიდენტს სოციალური ქსელიდან მიმართა და გააკრიტიკა:

"ამ გაჭირვებულ ქვეყანაში და მავნებელი მთავრობის პირობებში, ძლივს რაღაც სასიხარულო რომ მოხდება - ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ - რატომ უნდა მოგინდეს party pooper-ობა, გაუგებარია.

გაუგებარია როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად.

გაუგებარია, რატომ ანთხევთ ბოღმას საკუთარ თანამემამულეებზე.

გაუგებარია, რატომ აყენებთ შეურაცხყოფას თანამოქალაქეებს, რატომ წარმოაჩენთ მათ ქურდ-ბაცაცებად.

გაუგებარია, რატომ ამტკიცებთ, რომ ევროპელების ამ ნაბიჯით ქართველები ბოროტად ისარგებლებენ.

გაუგებარია, რატომ აზოგადებთ მთელ ერზე იმ დანაშაულს, რასაც კონკრეტული ადამიანები სჩადიოდნენ, სჩადიან და კვლავაც ჩაიდენენ.

ასევე გაუგებარია, რატომ საუბრობ სხვის ქედმაღლობაზე მაშინ, როდესაც თავად, მთელ ერს კარიკატურას უწოდებ, ერს რომლის 95%-მაც ერთ დროს შენ აგირჩია.

ასევე გაუგებარია, რატომ უნდა ანთხიო შხამი, იმის ნაცვლად, რომ გადაწვე და დატკბე იმით, რომ შენმა შრომამ შედეგი მოიტანა - მერე რა, რომ ოპონენტი გიხტება წილში (თუნდაც დაუმსახურებლად), რა გამოდის? ასე ხომ იწვები, რომ ყველაფერს არა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი თავისთვის პოლიტიკური ქულების დასაწერად აკეთებდი?

ზნეობას რომ თავი დავანებოთ და თუნდაც ცინიკურად მივუდგეთ, თვითკონტროლი როგორ უნდა მოგეშალოს ისე, რომ იმასაც ვერ მიხვდე - მთლიანად აცდენილი რომ ხარ ხალხის განწყობას? საიდან ამდენი უკონტროლო გესლი?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ერთ-ერთი კომენტარის პასუხად ჩერგოლეიშვილი თავადვე განმარტავს, ვისი მისამართითაა ეს პოსტი:

"1. სააკაშვილმა თქვა, რომ ყველა "სარჩოს საძიებლად" დატოვებს ქვეყანას (ბურჯანაძემაც იგივე თქვა).

2. მისმა მარიონეტმა და სპიკერმა მაია ორჯონიკიძემ (გაბუნიამ ორჯონიკიძით გახსნა არჩევანი) ლამაზად გაშიფრა ბელადის სიტყვები, განაცხადა რომ ხალხი მაღაზიების გასაქურდად გაიქცევა

3. გრიგოლ ვაშაძემ ისეთი ბოღმით სავსე სტატუსი დაწერა, მე შემრცხვა.

4. ნუ კარიკატურული ქვეყანა რომ იყო საქართველო, მიშა როცა ჩამოვიდა, ეს ალბათ გაიგეთ" - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.