რატომ ხურავს დროებით გადაცემებს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ვასილ მაღლაფერიძე? - კვირის პალიტრა

რატომ ხურავს დროებით გადაცემებს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ვასილ მაღლაფერიძე?

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, საზმაუ-ზე გადაცემები 2018 წლამდე დროებით ჩერდება.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე მაღლაფერიძემ განაცხადა, საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს "საზოგადოებრივ მაუწყებელს".

"ამისთვის საჭიროა 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა, ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა. ამავე დროს ვხსნით კარს, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენ კი არ დაგვისვან მარტო კითხვები, წარმოადგინო თავისი რეკომენდაციები, თავის საექსპერტო დასკვნა. მე ძალიან გამიხარდება, ჩვენ გუნდსაც ძალიან გაუხარდება და ადგილსაც დავუთმობ დიდი სიამოვნებით, თუ მოვისმენთ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ არც გადაცემები შევაჩეროთ, ამ არსებულ თანხებში ყველაფრის ისევ ისე კეთება გავაგრძელოთ, როგორ მოვუმატოთ თანამშრომლებს ხელფასები, როგორ ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, მე ამ პროექტს სიამოვნებით მოვუსმენდი. არა მხოლოდ facebook-ზე ლანძღვის რეჟიმში, არამედ ძალიან საქმიანად და ძალიან ყურადღებით. უნდა იყოს ძალიან დიდი მსჯელობა, ჩვენ ჯერ ეს უნდა გავაცნობიეროთ”, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

გავრცელებულ ინფორმაციაზე GDS-ის თანამშრომლების ნაწილის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადასვლასთან დაკავშირებით, მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.

მისი თქმით, მიღებული არიან მხოლოდ ია ანთაძე, ნოდარ ჭიჭინაძე და პაატა ქურდაძე.

"GDS-დან არავითარი ოთხი თანამშრომელი არ მიმიღია, ეს არის ტყუილი...  აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება“.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით