დავით ნარმანია - არ მაინტერესებს, ირაკლი აბესაძე რას მიიჩნევს - კვირის პალიტრა

დავით ნარმანია - არ მაინტერესებს, ირაკლი აბესაძე რას მიიჩნევს

ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, რითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის კომპენსაციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

დავით ნარმანიას თქმით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება საკითხზე ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მიიღეს.

”თბილისის მერიამ სტიქიის ზონაში მოხვედრილ ყველა მესაკუთრეს მისცა შესაბამისი კომპენსაცია. ზოგიერთ შემთხვევაში გაკეთდა ტერიტორიის ჩანაცვლებები. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რათა მესაკუთრეს ტერიტორია ნაწილობრივ ჩანაცვლებოდა და სხვაობა, შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით ყოფილიყო დაფარული. წესს ჰქვია ასეთი სახელი, თორემ ეს არ ყოფილა გადაუდებელი აუცილებლობა. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის გამავლობაში ვიხილავდით ამ საქმეს და მხოლოდ შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერი ფიქრობს, რომ „რაღაც განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არ მომხდარა“.

დავით ნარმანიამ ასევე კომენტარი გააკეთა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის მიერ პროკურატურაში ამ საქმეზე საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით.

”მეც ძალიან ბევრი კითხვები მაქვს ირაკლი აბესაძესთან, როდესაც ის იყო თბილისის მერის მოადგილე, ან მანამდე ქალაქის იურიდიული სამსახურის უფროსი. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს აბესაძეზეც გადაგზავნილი. არ მაინტერესებს, აბესაძე რას მიიჩნევს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თმით, ქონების მართვის სამსახური გასცემს ინფორმაციას დეტალებზე, იყო თუ არა ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გაცემული კომპენსაციის ვადები დაცული.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.

"ინტერპრესნიუსი"