პლებისციტი ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად - რის დარქმევას აპირებს თიბილოვი სამაჩაბლოსთვის?! - კვირის პალიტრა

პლებისციტი ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად - რის დარქმევას აპირებს თიბილოვი სამაჩაბლოსთვის?!

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს - 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.

ჯერ კიდევ 2015 წელს თიბილოვმა განაცხადა, რომ სურს ე.წ. რესპუბლიკას "ისტორიული სახელწოდება - ალანია დაუბრუნოს".

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ლიდერის ე.წ. ბრძანებაში აღნიშნულია კითხვის ფორმულირება, რომელსაც რესპუბლიკის მოსახლეობამ უნდა უპასუხოს: "თანახმა ხართ, თუ არა კონსტიტუციის პირველი თავის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო - სუვერენული, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის საფუძველზე. სახელწოდება - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ალანიის სახელმწიფო ერთი და იგივეა".

დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, "ქვეყანა" უნდა ატარებდეს მათ სახელს, ვინც ის შექმნა. მისი თქმით, "უნდა აღორძინდეს ალანიის ძველი სახელწოდება".

"ინტერპრესნიუსი"