"ევროპაში კი არა, ოჯახში არ ვიქნებით შესაშვები, ჩვენ თუ წესრიგი და სისუფთავე არ გვექნება ისეთი, როგორიც საჭიროა" - კვირის პალიტრა

"ევროპაში კი არა, ოჯახში არ ვიქნებით შესაშვები, ჩვენ თუ წესრიგი და სისუფთავე არ გვექნება ისეთი, როგორიც საჭიროა"

"ქეისები გვაქვს, როცა სკოლას ანგარიშზე აქვს 5000 ლარი და საპირფარეშოს არ აქვს კარი", - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სკოლებში არსებულ ჰიგიენურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამლაგებელმა დღეში რამდენჯერმე უნდა დაასუფთაოს საპირფარეშო. ჯეჯელავა ყვება, რომ არის შემთხვევები, როდესაც საპირფარეშო არ არის დასუფთავებული, რადგან ამბობენ, რომ მილებია გამოსაცვლელი.

მინისტრმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც საპონი კარადის თავზე იყო შემოდებული, ამის მიზეზით დაინტერესდა და უპასუხეს, რომ საპონი კარადაზე იყო შემოდებული, რადგან ”ბავშვი არ მიწვდეს”. ჯეჯელავას ინფორმაციით, სკოლებში ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ორმა დირექტორმა საყვედური მიიღო, თუმცა მინისტრს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

”ეს არის ისეთი პრიმიტიული, ევროპაში კი არა, ოჯახში არ ვიქნებით შესაშვები, ჩვენ თუ წესრიგი და სისუფთავე არ გვექნა ისეთი, როგორიც საჭიროა. რაც შეუძლებელია, გარწმუნებთ არავის ვთხოვთ. შემთხვევების 90%-ში აღმოჩნდება, რომ უფრო კარგად შეიძლება, ვიდრე მანამდე იყო”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრმა სკოლების დამლაგებლების ხელფასებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ სკოლის დამლაგებლების ხელფასი არ არის უფრო დაბალი, ვიდრე სხვა დამლაგებლების ხელფასია და ეს დაახლოებით 150 ლარის ფარგლებშია.

”ნამდვილად ძალიან დაბალი ხელფასია, უფრო მაღალი რომ იყოს ჩვენ ძალიან გვინდა და ამ მიმართულებით აუცილებლად წავალთ. მეორე მხრივ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყველა სამსახურში ამართლებენ თავიანთ ”არამაქსიმალურ თავდადებას არა შესაფერისი ანაზღაურებით”. თუ ჩემი თანამშრომელი (სულ ერთია, 1500-ლარიანი იქნება, 600 ლარიანი, თუ 150 ლარიანი) ამბობს, რომ არ უღირს ამ ხელფასზე მუშაობა, მე ვეუბები, მაშინ გაატარე, ვისაც უღირს. სოფლებში ხშირად ის 150-ლარიანი ხელფასი ძალიან სერიოზული შემოსავალი შეიძლება იყოს ოჯახისთვის, რომელიც თვითკმარია სხვადასხვა მიმართულებით. ხელფასი გაიზრდება, ოღონდ ვინც თვლის, რომ 150 ლარად არ უნდა გააკეთოს თავისი საქმე, იმათთან ვერ ვიმეგობრებთ, ნამდვილად”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

"ინტერპრესნიუსი"