შსს-მ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა - კვირის პალიტრა

შსს-მ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა

2016 წლის 3 ოქტომბერს ინტერნეტში ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი სავარაუდოდ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის მიმდინარეობდა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობდნენ, რის კონტექსტშიც მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს "სავარჯიშო ბალიშად" მოიხსენიებდა, სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით შექმნილ ვითარებას კი "კატასტროფას" უწოდებდა. (იხილეთ: „სრული კოლაფსია, არ ყოფნის ხალხი" - ნიკა გვარამიას ინტერნეტში კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაუვრცელეს)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის, საუბარს უწყვეტ რეჟიმში ასახავს, მასში დაფიქსირებული ხმები კი ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით.

მათივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული.