"რუსთავი 2"-მა უპატიებელი შეცდომა დაუშვა. ჩემი სახელისა და გვარის გაშვება არ შეიძლებოდა" - რას ამბობს დაკავებული დეკანოზის საქმის მოწმე?! - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-მა უპატიებელი შეცდომა დაუშვა. ჩემი სახელისა და გვარის გაშვება არ შეიძლებოდა" - რას ამბობს დაკავებული დეკანოზის საქმის მოწმე?!

"ჩვენ ვიცით, ვინ ჩაწერა ეს ფარული მასალა, რომელზეც საუბრობს პროკურატურა და რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მამა გიორგის წინააღმდეგ. ეს არის ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. წყაროს ცნობით, სწორედ მან ჩაწერა ეს ფარული ჩანაწერი. არ არის გვარების დამთხვევა, მას ნათესაური კავშირი აქვს თავად გიორგი მამალაძესთან", - განაცხადა "რუსთავი 2" -ის გადაცემა "არჩევანში" მისმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ.

ირაკლი მამალაძენ დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა. მან "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა, რომ გაუხმაურებლობის შესახებ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და ამიტომ დეტალებზე ვერ ილაპარაკებს.

"რას ნიშნავს მე ჩავწერე ვიდეომასალა, ვინ ამტკიცებს ამას, ძალიან მაინტერესებს. რა ვიდეომასალა ჩავწერე? მე ვარ ერთ-ერთი მოწმე ამ საქმეში და გაუთქმელობაზე მაქვს ხელწერილი დაწერილი. მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს საზოგადოება გამოძიებიდან გაიგებს" , - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან არავითარი ნათესაური კავშირი არ აქვს.

"გაოგნებული და გაოცებული ვარ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების მოქმედებით. 3 დღეა ჩემთან კონტაქტი აქვს ნოდარ მელაძეს. ე.წ. "წჰატს უპ." - ით. მან იცოდა, რომ მე მოწმედ ვიყავი ამ საქმეში დაკითხული", ეს კი მამალაძემ "აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

"მას არ უნდა გაეთქვა ეს საიდუმლო, გამომდინარე იქიდან რომ მე ვესაუბრებოდი როგორც წყარო. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი. "რუსთავი 2"-მა უპატიებელი შეცდომა დაუშვა. ჩემი სახელისა და გვარის გაშვება არ შეიძლებოდა. ოფიციალურ მასალებშიც კი არ ფიგურირებს ჩემი სახელი და გვარი. აქედან გამომდინარე ჩემი სახელი და გვარი არ იცოდა ადვოკატმა. ეს იცოდა ნოდარ მელაძემ. მან მიზანმიმართლად, სიხარბით ექსკლუზივის მიმართ თუ არ ვიცი, მე , მთავრი მოწმე დამაყენა უდიდესი საფრთხის წინაშე.

პირდაპირ ვაცხადებ, მე რომ ხვალ რაღაც მომივიდეს და ის წნეხი, ის ზეწოლა, რომელიც უკვე დაიწყო ჩემზე. ეს არის ამ ტელეკომპანის დამსახურება".

იხილეთ ასევე: "ყველაფერი უნდა განვიხილოთ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლის კონტექსტში"