"ბრალდება აბსურდულია და სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა" - რა უთხრა ბრალდებულმა დეკანოზმა სახალხო დამცველს? - კვირის პალიტრა

"ბრალდება აბსურდულია და სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა" - რა უთხრა ბრალდებულმა დეკანოზმა სახალხო დამცველს?

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ციანიდის ქონას არ ადასტურებს. როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებული მოძღვარის თქმით, ჩხრეკის დროს მას ხელჩანთაში ციანიდი ვერ აღმოუჩინეს.

მისი თქმით, უამრავი კითხვის ნიშანია და აუცილებელია აღნიშნული საქმის დამოუკიდებელი გამოძიება.

"კითხვის ნიშნები არის უამრავი, ამიტომაც არის აუცილებელი ამ საქმის დამოუკიდებელი გამოძიება. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვის მხარეს უნდა მიექცეს შესაძლებლობა, დაიცვას კონკრეტული ბრალდებული, რათა ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც მათ ეს უფლება წართმეული აქვთ. ბრალდების მხარეს აქვს სრული უფლება ისაუბროს საქმის დეტალებზე და დაცვის მხარეს რაღაცის თქმის უფლება არ გააჩნია. ეს სერიოზული დარღვევაა და ვფიქრობ, ეს დარღვევა ძალიან მალე გამოსწორდება. იმედი მაქვს, დანარჩენ კითხვის ნიშნებსაც მალე გაეცემა პასუხი. ძალიან ბევრი მიმართულებით ისიმის კითხვის ნიშნები, როგორც პროცედურულ, ასევე იმ დეტალებზე, რომელიც საქმეშია და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს ამ საქმის გამოძიებას", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურორის გადაწყვეტილებით, მამა გიორგი მამალაძეს შეზღუდული აქვს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, მათ შორის კორესპოდენციის მოთხოვნა და წერილების გაგზავნა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მამა გიორგის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას პირობებთან დაკავშირებით რაიმე საჩივარი გუშინდელი შეხვედრის დროს არ გამოუთქვამს.

ომბუდსმენმა მამა გიორგი მამალაძის დაკავების დროს დაფიქსირებულ გარკვეულ ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესუალურ დარღვევებში იგულისხმება ისიც, რომ დაკავებისას მას დარეკვის უფლება არ მიეცა. სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს, რომ დარღვეულია მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რაც საქმეზე ინფორმაციის ცალმხრივ გავრცელებაში გამოიხატება.

"როდესაც პროკურატურა საუბრობს საქმის გარემოებებზე და დეტალებზე, ხოლო ადვოკატსა და თავად ბრალდებულს კი გაუთქმელობის პირობაზე აქვთ ხელი მოწერილი და შეზღუდული აქვთ საქმეზე საუბრის საშუალება, ამით, რა თქმა უნდა, მხარეთა თანასწორუფლებიანობა დარღვეულია. ასევე სახეზეა უდანაშაულობის პრეზუმციის დამრღვევი განცხადებები, რომელმაც ფაქტობრივად, წალეკა გუშინდელი დღე. პროკურატურის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, მინისტრების და მათ შორის პრემიერ-მინისრტრის მხრიდანაც იყო განცხადებები, რომელიც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას", - განაცხადა სახალხო დამცევლმა

ობუდსმენის თქმით, მამა გიორგი მამალაძემ, მასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს.

"საკმაოდ დამშვიდებული იყო. გამოამჟღავნა ბრძოლისუნარიანობა. ამბობს, რომ აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას და მჭირდება ყველა ადამიანის დახმარება, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცოო. სურს აირიდოს საკითხის პოლიტიზება და მაქსიმალურად მალე გაირკვეს საქმეზე სიმართლე. თქვა, რომ ბრალდება აბსურდულია და სავარაუდოდ, დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა ეს მის წინააღმდეგ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე ბრალდებული რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან უკვე გადაყვანილია ე.წ. მატროსოვის ციხეში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე ექიმები მუდმივ მეთვალყურეობას ახორციელებენ.

როგორც ცნობილია, დაკავებულ დეკანოზს გუშინ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით