"ეს მე არ მეხება" - დაკავებულ დეკანოზს პატრიარქის კი არა, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობა ედება ბრალად?! - კვირის პალიტრა

"ეს მე არ მეხება" - დაკავებულ დეკანოზს პატრიარქის კი არა, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობა ედება ბრალად?!

მეუფე პეტრე პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მიმართ პრეტენზიების გამოთქმას განაგრძობს. ამჯერად მან განცხადებები გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

მან ასევე ისაუბრა მეუფე იაკობზე და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ის "უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების".

"შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ეძახის "ოქროს თევზს". ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული.

რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის ძალიან პატრიოტი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ, ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე. ჩემი პირადი აზრია, რამეთუ ვიცი მისი გულისხმიერება და სიყვარული სამშობლოს და ეკლესიის მიმართ", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, მას მოუსმენია ისეთი ინფორმაციაც, რომ საქართველოში ქალბატონი, რომელიც არ არის არც ბიზნესმენი და არც ბიზნესმენის მეუღლე, არის ყველაზე დიდი უძრავი ქონების მქონე და მდიდარი და ეს არის შორენა თეთრუაშვილი. თუმცა, რა სიდიდის ქონებაზეა ლაპარაკი, მეუფის თქმით, ეს მისთვის უცნობია.

ბერლინში მყოფმა შორენა თეთრუაშვილმა მის წინააღმდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე მცირე კომენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.

"ეს მე არ მეხება, ვიღაც სხვა ადამიანზე ლაპარაკობს ეტყობა", - განაცხადა თეთრუაშვილმა.

რაც შეეხება მიტროპოლიტიის განცხადებას იმის შესახებ, რომ შორენა თეთრუაშვილს საპატრიარქოში "ოქროს თევზები" ჰყავს, მდივან-რეფერენტმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა - "ვაი, საყვარელო".

საინტერესოა ერთი დეტალიც, როგორც ცნობილი გახდა, ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ წაყენებულ ბრალში ფიგურირებს არა პატრიარქის ან სხვა სასულიერო პირის, არამედ შორენა თეთრუაშვილის სახელი.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს მთავარი პროკურატურა, ხალხი შეიყვანოს შეცდომაში და რატომ ქმნიან აჟიოტაჟს, თითქოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

"ასი პროცენტით დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ დაკავებული მამა გიორგი მამალაძის მიმართ ბრალში არ ფიგურირებს ის ვერსია, რაც გააჟღერა გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს მთავარი პროკურატურა, ხალხი შეიყვანოს შეცდომაში და რატომ ქმნიან აჟიოტაჟს, თითქოს, პატრიარქის მოწამვლის მცდელობას ჰქონდა ადგილი. გიორგი მამალაძეს, ოფიციალურად, ბრალად ედება, ვითომდა, მან შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა სცადა. ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, სადაც პირდაპირ არის დაფიქსირებული შორენა თეთრუაშვილის გვარი. ანუ, სიმართლე არის ის, რომ არათუ მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე, არამედ, დაბალი იერარქიის მღვდელზეც კი არ არის ლაპარაკი. მე ეს ინფორმაცია მაქვს სანდო წყაროდან, ეს გახლავთ ოფიციალური ვერსია და სხვათა შორის, დღეს, როდესაც სახალხო დამცველმა მოინახულა ბრალდებული მამალაძე, მან კომენტარისას გაამყარა ეს ვერსია, რომ საერთოდ არ არის საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე", - განაცხადა ადვოკატმა.