შეიარაღებული თავდასხმა ვაკეში - საქართველოს ინტერპოლის ბიუროს უფროს ინსპექტორს ცეცხლი გაუხსნეს - კვირის პალიტრა

შეიარაღებული თავდასხმა ვაკეში - საქართველოს ინტერპოლის ბიუროს უფროს ინსპექტორს ცეცხლი გაუხსნეს

გუშინ გვიან ღამით ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების განცხადებით, წუხელ, გვიან ღამით სროლის ხმა იყო. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, ავტომობილს კი ტყვიის კვალი აქვს.

პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმა საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომელზე, როსტომ ლორთქიფანიძეზე განხორციელდა. თავდასხმისას როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პირი. თავად ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრილი არ არის.

საქმეზე გამოძიება თბილისის პროკურატურში როსტომ ლორთქიფანიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის II და III ნაწილებით დაიწყო.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს ღამის საათებში ქ.თბილისში შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავის დაცვის მიზნით როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით მოახდინა გასროლა. შედეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია.

როგორც ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გვახარიამ განუცხადა, 22 წლის პაციენტი კლინიკაში ღამით, 01:30 საათზე, ფილტვისა და თეძოს მიდამოებში ჭრილობებით შეიყვანეს.

"პაციენტი შემოვიდა კომბინირებული დაზიანებებით, ცეცხლსასროლი ჭრილობებით. იყო მარჯვენა ფილტვის მრავლობითი დაზიანება. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ასევე იყო მეორე ცეცხლსასროლი ჭრილობა თეძოს მიდამოებში, რომელიც მიემართებოდა ხერხემლისკენ და გაჩერებულია ხერხემლის სვეტთან. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მისი მდგომარეობა რჩება მძიმე", - აღნიშნა გიორგი გვახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"