"ჩემი მეუღლე ორსულადაა... თუ მშობიარობის დროს რაიმე არასწორად წავიდა, თქვენ დაგადანაშაულებთ" - გუკა და მაია რჩეულიშვილები პატიმრობაში რჩებიან - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლე ორსულადაა... თუ მშობიარობის დროს რაიმე არასწორად წავიდა, თქვენ დაგადანაშაულებთ" - გუკა და მაია რჩეულიშვილები პატიმრობაში რჩებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ცენტრ პოინტის" საქმეზე გუკა და მაია რჩეულიშვილების სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლო სხდომაზე მაია რჩეულიშვილისთვის და გუკა რჩეულიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავდნენ.

დაცვის მხარე მაია რჩეულიშვილისთვის 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას და საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას ითხოვდა, გუკა რჩეულიშვილისთვის კი 150 ათასი ლარიან გირაოს. თუმცა მოსამართლე მაია შოშიაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გუკა და მაია რჩეულიშვილებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა ძალაში დატოვა. პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლეს გუკა რჩეულიშვილმა მიმართა.

”ციხეში ყოფნა არანაირი პრობლემა არ არის ჩემთვის, თუმცა რამე რომ არასწორად წავიდეს ჩემი მეუღლის მშობიარობის დროს, თქვენ დაგადანაშაულებთ”, - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

მანამდე ბრალდებულმა რეპლიკის დროს მოსამართლეს სიტყვით მიმართა და სთხოვა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა შეეცვალა გირაოთი, რადგანაც მისი მეუღლე ორსულადაა და სურდა მეუღლის გვერდით ყოფილიყო.

”ჩემი მეუღლე ორსულადაა, მეოთხე მშობიარობაა. არ მეთაკილება და გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გამათავისუფლოთ, რათა მის გვერდით ვიყო”, - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა სასამართლო პროცესზე საკუთარი რეპლიკის დროს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით