"ჩვენ გამჩენი ღმერთი გვიცავს" - რას ამბობს დაკავებული დეკანოზის მამა გახმაურებული საქმის მოწმეზე - კვირის პალიტრა

"ჩვენ გამჩენი ღმერთი გვიცავს" - რას ამბობს დაკავებული დეკანოზის მამა გახმაურებული საქმის მოწმეზე

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მამის, ავთო მამალაძის განცხადებით, შვილთან დაკავების შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია.

კითხვაზე, ხომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული საფუძველი, რის გამოც დეკანოზი მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას ითხოვს, ავთო მამალაძე აცხადებს, რომ არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მისულა მათთან.

"ჩვენ გამჩენი ღმერთი გვიცავს. აქ არავინ მოსულა. არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მოსულა. ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია, რა არის როგორ მიმდინარეობს, რა ხდება არაფერი არ ვიცი. დაკავების შემდეგ შვილთან არავითარი კომუნიკაცია არ მქონია“, - განაცხადა მამაოს მამამ.

რაც შეეხება დაკავებული დეკანოზის საქმის ერთ-ერთ მოწმე ირაკლი მამალაძეს, ავთო მამალაძის თქმით, მას პირადად არ იცნობს.

"მე პირადად არ ვიცნობ. გიორგი თუ იცნობს, ვერ გეტყვით", - აღნიშნა ავთო მამალაძემ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სამართალდამცავები მათ სახლში არასდროს ყოფილან.

დაკავებული დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხეში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სისხლის სამართლის ადოკატმა ლევან ვეფხვაძემ მოინახულა.

მისი თქმით, თქმით, დეკანოზი შესაბამის კურთხევას ელოდება, რომ გარკვეულ საკითხებზე ისაუბროს. მისივე ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე „საქარველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელთან, ანა ნაცლიშვილთან შეხვედრის სურვილსაც გამოთქვამს.

"დეკანოზმა აღნიშნა, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყენებს დუმილის უფლებას არა იმიტომ, რომ რამე აქვს დასამალი, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდება შესაბამისი კურთხევა. როგორც კი მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს მოჰფინოს ნათელი. გარდა ამისა, მან მზაობა გამოხატა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთოს ამ საქმეში და მას სურვილი აქვს საია-ს თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრის...

დეკანოზმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ სურს მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს მაღალ დონეზე აყვანილი. კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ისევ შეიკავა თავი, რადგანაც პროკურატურიდან ჯერაც არის გაუთქმელობის დავალდებულება, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ეს არღვევს თანასწორობის პრინციპს - საზოგადოებაში მუსირებს აზრი მხოლოდ ბრალდების მხარის და ჩვენ ვერაფერს ვიგებთ დაცვის მხარისგან. სწორი იქნება, თუ პროკურატურა დაცვის მხარეს მისცემს საშუალებას, გაამახვილოს ყურადღება საქმის მასალებსა და დეტალებზე.

ბატონი შოთაძის განცხადებიდან არ იკვეთებოდა, რომ საუბარი იყო პატრიარქზე. უმაღლესი იერარქიის პირზე საუბრისას მოიაზრება მხოლოდ სასულიერო პირი, ამიტომაც არის საჭირო, ადვოკატებს მიეცეთ საშუალება ისაუბრონ, არის თუ არა ბრალის ნაწილში სასულიერო პირზე საუბარი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"