ფშატი - თქვენი ჯანმრთელობის ელექსირი
შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ ხე-მცენარე ფშატი, რომელიც საქართველოშიც გვხვდება, განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
როგორც ირკვევა მედიცინაში იყენებენ როგორც მის ნაყოფს, ასევე ფოთლებსაც.
ფშატი - ვერცხლისფერ-მოთეთრო ჩვილყლორტებიანი ხეა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 3-7 მეტრს აღწევს, თუმცა მისი დეკორატიულ მცენარედ გამოყენებისას, ბუჩქის ფორმასაც აძლევენ.
ფშატი ჭალის მცენარედ მიიჩნევა და ნესტიან ადგილებში იზრდება, თუმცა მას დიდი სიმშრალის ატანაც შეუძლია. ადვილად მრავლდება როგორც თესლით, ასევე ფესვის ნაბარტყით. მსოფლიოში ფშატის 50-70 სახეობა არსებობს, რომელთა საერთო გვარი "მწვანე ზეთისხილის" სახელით არის ცნობილი.
მის სამშობლოდ აზიის სუბტროპიკული რეგიონები მიიჩნევა, თუმცა ასევე გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიის ჩრდილოეთით, ფილიპინებში და ევროპაშიც კი. ფშატი ზოგან ეგზოტიკურ მცენარედაც მიიჩნევა. მისი ნაყოფის რბილი შიგთავსი 40% -ზე მეტ შაქარს და 10% -ზე მეტ ცილებს შეიცავს, ასევე მასში მოიპოვება ნახშირწყლები, კალიუმისა და ფოსფორის მარილები.
რაც შეეხება ფშატის სამკურნალო და სასარგებლო თვისებებს, იგი მიიღება ენტეროკოლიტის დროს, რომლის მიღების შემდეგ უმჯობესდება ავადმყოფთა მომნელებელი ორგანოების ფუნქცია და საერთო მდგომარეობა. მას გააჩნია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული ფუნქციაც პირის ღრუს დაავადებების დროს. ფშატის კიდევ ერთი აღსანიშნავი თვისება ისაა, რომ თუკი მას რძეში შევურევთ, ძალიან სასარგებლო ნაყენს მივიღებთ, რომელიც რევმატოიდული ართრიტისა და სახსრების ტკივილის დროს უებარი წამალია. მისი ფოთლები სამკურნალო ზეთსა და E -C ვიტამინებს შეიცავს.
ფშატი ძალიან კარგია მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ასევე ამცირებს მალარიის გავრცელების რისკს და ხელს უწყობს შარდმდენი სისტემის მოწესრიგებას. გარდა ჩამოთვლისისა, მისი მიღება აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულსისხლძარღვთა სისტემის, კოლიტისა და ბრონქიტის პრობლემები აქვთ.
ამ უკანასკნელი პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი: აიღეთ დაახლოებით, 6 გრამის ოდენობის გამხმარი ფოთლები, მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ 20 წუთი გააცივეთ და ჭამამდე 15- 20 წუთით ადრე 1/3 ჭიქა მიიღეთ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ფშატის გუმფისს (მაღალმოლეკულური ნახშირწყლები, გამოიყოფა მცენარის დაზიანებული ან დაავადებული ქერქიდან) გამოყენებენ საქსოვ წარმოებაში, წებოს მოსამზადებლად, ლაქსაღებავების დასამზადებლად. ფოთლებსა და ქერქს ტყავის შავფერად ან ყავისფრად შესაღებად ხმარობენ.
მოკლედ, ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და უმნიშვნელო მცენარე ძალიან სასარგებლო ყოფილა ჩვენი ორგანიზმისთვის. ფშატი საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია, ყველაზე ხშირად კი ქართლსა და კახეთში ვხვდებით.
მოამზადა გიორგი მოსაშვილმა