"ბილეთის ყიდვისას, მოგებაზე არასდროს მიფიქრია" - 1 380 345-ლარიანი ჯეკპოტი და ლექტორი, რომელიც სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს - კვირის პალიტრა

"ბილეთის ყიდვისას, მოგებაზე არასდროს მიფიქრია" - 1 380 345-ლარიანი ჯეკპოტი და ლექტორი, რომელიც სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

"ვერ გადმოგცემთ, რა დამემართა, როდესაც გავიგე, რომ ჯეკპოტი მოვიგე"

"მიხარია, რომ მომეცა საშუალება, ეს მოულოდნელად გამოჩენილი თანხა, რაღაც კეთილ საქმეში დავხარჯო"

საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშების გამარჯვებული თინათინ გიორგობიანი, რიგით მე-17 მოქალაქეა, რომელმაც ჯეკპოტი მოიგო. ამჯერად, ჯეკპოტის ოდენობამ 1 380 345 ლარი შეადგინა. გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის განხრით, თინათინ გიორგობიანია, რომელმაც ერთ-ერთ პირველ კომენტარში განაცხადა, რომ მეგობრებთან ერთად აუცილებლად იმოგზაურებდა რომსა და ათენში, თუმცა ქალბატონ თინათინს გაცილებით დიდი გეგმებიც აქვს. ის მოგებული თანხის ნაწილით ქველმოქმედებას გეგმავს, მათ შორის თავის რამდენიმე სტუდენტისთვის სწავლის დაფინანსებასაც აპირებს.

kvirispalitra.ge თინათინ გიორგობიანს დაუკავშირდა:

- ვიდრე ამ თემაზე საუბარს დავიწყებდე, უნდა გითხრათ, რომ თავს ვარიდებდი ამ კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებული დეტალების მოყოლას, მაგრამ "კვირის პალიტრა" ჩემთვის განსაკუთრებულია. ვმეგობრობდი, ჩემს თანაკურსელებთან - ქალბატონ ლალი გუნთაიშვილთან, ნუცა დუმბაძესთან, ნანა ანტონოვასთან, მანანა ჯანელიძესა და მათ თანამოაზრეებთან, ვინც ეს ნათელი საქმე წამოიწყო. ამიტომ, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს თქვენი ჰოლდინგის მიმართ.

რაც შეეხება იმ დღეს, არანორმალური ემოცია მქონდა... ვერ გადმოგცემთ, რა დამემართა, როდესაც გავიგე, რომ ჯეკპოტი მოვიგე. ახლაც, როდესაც გესაუბრებით, ძალიან დაბნეული ვარ და ემოციებს ვერ ვერევი, რადგან ის ბედნიერი დღე მახსენდება... ძალიან დიდი ხანია ვთამაშობ, რადგან ის ახალგაზრდები, ვისაც მოგებულისთვის თანხა თუ საჩუქრები მიჰქონდა, ძალიან მომწონდნენ და სტიმულს მაძლევდნენ. განსაკუთრებით ემოციური იყო რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრა. როდესაც ბილეთს ვყიდულობდი, მოგებაზე არასდროს მიფიქრია, ვფიქრობდი, რომ ამ ორი ლარით, იმ ადამიანებს ვეხმარებოდით, ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა...

- თუმცა, ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ სიკეთე არ დაიკარგა...

- არ ვიცი, შესაძლოა, ასეც იყოს...

- ვიცი, რომ ამ თანხით, აპირებთ, თქვენს სტუდენტებს სწავლა დაუფინანსოთ, რამდენ სტუდენტზეა საუბარი და რა კრიტერიუმით შეარჩიეთ ისინი?

- სამი მაგისტრანტია, ორმა იცის, უკვე ველაპარაკე და ისე ემოციურად შეხვდნენ, ცრემლები ვერ შეიკავეს, მათგან ერთი გოგონაა, მეორე ვაჟი. იმ მესამემ, ჯერ არ იცის. თბილისში არ ცხოვრობს, რეგიონშია და იქ მუშაობს, რათა ლექციებსაც დაესწროს და მაგისტრატურის ფულიც მოაგროვოს. მისთვისაც ეს სიურპრიზი იქნება... ეს ორიც  დილიდან საღამომდე მუშაობს, საღამოს ლექციები აქვთ, დილით კი სამსახურში მიდიან... ამიტომ, გადავწყვიტე, მათ როგორღაც ხელი შევაშველო, მინდა, რომ ისწავლონ...

მუშაობას ყოველთვის მოასწრებენ, მაგისტრატურის პროგრამა კი ძალიან რთულია, ბევრი საგანია და მის ასათვისებლად, ნიჭთან ერთად, დროც საჭიროა. მათ კი, სწორედ უდროობის პრობლემა აქვთ, რადგან, როგორც აღვნიშნე, მუშაობენ. ამაზე ყოველთვის ვნერვიულობდი და ძალიან მიხარია, რომ ერთ დღესაც მომეცა საშუალება, ეს მოულოდნელად გამოჩენილი თანხა, რაღაც კეთილ საქმეში დავხარჯო. კარგი ახალგაზრდები არიან, ორი ჩემი სპეციალობის არის, ერთი ჟურნალისტია და ახლა ჩვენს სპეციალობას ეუფლება.

- თანხის ნაწილის დახარჯვას სამეცნიერო საქმიანობისთვის გეგმავთ, ხომ?

- ბოლო წლებში ნაშრომების გამოცემა რთულია. ასე, წლების განმავლობაში დამიგროვდა რამდენიმე ნაშრომი, რომელიც მინდა, რომ გამოვცე. ეს შეეხება ბერძნულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობებს. ასევე, მომზადებული მაქვს, "ახალი აღთქმა" ბერძნულად და ძველბერძნული ენის ისტორია, რომლის გამოცემასაც უახლოეს ხანებში ვაპირებ...

- ეს თქვენი პირველი მოგება იყო?

- უკვე რამდენიმე წელია ვთამაშობ. ერთხელ მოვიგე, 30 ლარამდე და შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, იყო ჯეკპოტი... რა თქმა უნდა, გავაგრძელებ თამაშს, აუცილებელი არ არის, მოიგო, ახლა ძალიან მძიმე ვითარებაა და ერთმანეთს, როგორც შეგვიძლია, ისე უნდა დავეხმაროთ. ამიტომ, თუნდაც იმ ორი ლარით, თუ ვინმეს გახარებას შევძლებ, ეს ჩემთვისაც სიხარული იქნება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)