"ნიღბიანებმა ცოლ-ქმარს ცემა დაუწყეს, - რაც გაგაჩნიათ, ფულისა და ოქროულობის ჩათვლით, ყველაფერი გამოიტანეთო" - კვირის პალიტრა

"ნიღბიანებმა ცოლ-ქმარს ცემა დაუწყეს, - რაც გაგაჩნიათ, ფულისა და ოქროულობის ჩათვლით, ყველაფერი გამოიტანეთო"

"გაწბილებული მძარცველები ოჯახის დიასახლისს სასტიკად გაუსწორდნენ, საწყალ ქალს თავი რამდენიმე ადგილას აქვს გატეხილი"

გურიაში გასული საუკუნის 90-იანი წლების დაბრუნების ეშინიათ. რეგიონში ძარცვა-ყაჩაღობის შემთხვევები საკმაოდ გახშირდა. რამდენიმე დღის წინ მორიგი შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯირში მოხდა, რა დროსაც თავდასხმის მსხვერპლი ცოლ-ქმარი მხოლოდ შეთხვევის წყალობით გადაურჩა სიკვდილის, - 45 წლის გელა გურგენაძისა და 42 ეკა ჭითაშვილის ოჯახს ყაჩაღები დაახლოებით ღამის ორ საათზე დაესხნენ თავს და ფულის გამოძალვის მიზნით, ცოლ-ქმარი ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული. თავდასხმაზე ოჯახის მეზობლები საუბარს ერთადერთი მიზეზით ერიდებიან, - ყველას შვილები გვყავს, დანაშაული ალაგმვის პერსპექტივა კი არ ჩანს და გვეშინიაო... ამის გამო რესონპდენტის ვინაობის გამხელას ჩვენც მოვერიდეთ:

- იმ დღეს ლანჩხუთის ბაზარში გელამ და ეკამ დაფნა წაიღეს ჩასაბარებლედა. ძალიან მშრომელი ხალხია, შესაბამისად, ოჯახს შემოსავალიც აქვს. ხან თხილს ჰყიდიან, ხან რძის ნაწარმს, ხანაც - დაფნის ფოთოლს... ამ ყველაფერს ქანცის გაწყვეტამდე შრომა სჭირდება და როგორც ჩანს, დაქანცულებს ისე დაეძინათ, ისიც კი ვერ გაიგეს, როგორ შევიდნენ ნაძირალები, როგორც ამბობენ, სამი ნიღბიანი პირი იყო, მათ საძინებელ ოთახში პირველ სართულზე. კიდევ კარგი, შვილები შინ არ ჰყავდათ...

ცოლ-ქმარს ცემა დაუწყეს, - რაც გაგაჩნიათ, ფულისა და ოქროულობის ჩათვლით, ყველაფერი გამოიტანეთო. ალბათ ფიქრობდნენ, რომ ასეთი დაუნდობლობით უფრო მიაღწევდნენ მიზანს. მაგრამ ოჯახის უფროსმა ივაჟკაცა, - უთხრა, ფული ამ ოთახში არ მაქვსო და გარეთ გამოაგდეს, აბა, მოძებნე, სად გაქვსო. ამასობაში გელამ დრო იხელთა, სიბნელით ისარგებლა და ყაჩაღებს გაექცა; გაეკიდნენ, მაგრამ ვერ დაეწივნენ, გელამ ღელეში გაცურა და გასისხლიანებულმა კაცმა მეზობლამდე მიაღწია. მეზობელი, რომელთანაც მივიდა, ყვება, - გელა შემოვარდა წელსზევით შიშველი, სისხლში იყო ამოსვრილი, მხოლოდ თვალები უჩანდა, ყვიროდა, მიშველეთო! მეზობლებმაც თოფს წამოავლეს ხელი და  ხმაური ატეხეს. კიდევ, კარგი ეს მოახერხა და გაიქცა, თორემ 220 ლარის მეტი არ ჰქონიათ ოჯახში, ამას ვინ დაუჯერებდა და ცემაში ამოხდიდნენ სულს.

გაწბილებული მძარცველები ოჯახის დიასახლისს სასტიკად გაუსწორდნენ, საწყალ ქალს თავი რამდენიმე ადგილას აქვს გატეხილი. რამდენიმე დღე რეამინაციაში იყო, ახლა უკვე ჩვეულებრივ პალატაში აგრძელებს მკურნალობას. გელას გაქცევის შემდეგ, მძარცველები შეშინდნენ, ის 220 ლარი, რაც ნახეს, წაიღეს და გაიქცნენ.

არ ვიცი, რა გვეშველება, თუ დროულად არ აილაგმა კრიმინალის თარეში. ზოგიერთი მილიარდებს თბილ სავარძელში ჯდომით აკეთებს, ხალხს კი წვალებით ნაშრომ გროშებსაც ყაჩაღები ართმევენ...

ოფიციალური ინფორმაციით, ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დაკავებულია, საქმის გამოაძიება გრძელდება.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისტვის)