"ფილმში არ ჩანს პოზიცია ეს ბიჭები გმირები იყვნენ, თუ პირიქით..." - ილიკო სუხიშვილი მამა თეოდორეს როლში და "მძევლები" "ბერლინალეზე"
"მძევლები" ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა და ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. რეზო გიგინეიშვილის ახალი ნამუშევარი "ბერლინალეზე" გამართული მსოფლიო პრემიერის შემდეგ მოგზაურობას უკვე სხვა ქვეყნებში დაიწყებს. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე "მძევლები" შემოქმედებითმა გუნდმა წარადგინა. ჩვენებას ფილმის რეჟისორი, მსახიობები, პროდიუსერები და სცენარისტი ესწრებოდნენ...
ამბავი, რომელიც ფილმის სცენარს საფუძვლად დაედო, მაყურებელთა უმეტესობისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ისტორია 1983 წელს საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს...
ფილმში თინას როლს მსახიობი თინა დალაქიშვილი ასრულებს, გეგა კობახიძის როლს კი ირაკლი კვირიკაძე. მთავარ როლებს ასევე ასრულებენ გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, ბექა ლემონჯავა, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი.
ფილმზე სასაუბროდ დავუკავშირდით ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების ერთ-ერთი წარმომადგენლის, გეგა კობახიძის მშობლებს, ნათელა მაჭავარიანსა და მიშა კობახიძეს, მაგრამ საუბარზე ორივემ უარი გვითხრა... მიშა კობახიძემ გაგვანდო, რომ მას არ სურდა ამ ამბავზე ფილმი როდესმე გადაეღოთ, რადგან ეს ყველასთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. როგორც გვითხრა, ამგვარი ფილმის გადაღების იდეა ადრეც არსებობდა, რაც მასაც შესთავზეს, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.
დავით ევგენიძე:
- როგორც მოსალოდნელი იყო, ფილმმა ჩვენში დიდი ინტერესი გამოიწვია, ეს ხომ ქართველების მოუშუშებელი ტკივილია! მითუმეტეს ჩემთვის, გეგა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, იმ დილას, ის მე და ირაკლი ჩარკვიანმა სახლში დატოვეთ, დღემდე მიჭირს მისი წარსულში მოხსენიება. ვიტყოდი, რომ გეგა ეს მე ვარ და რა თქმა უნდა, ვიღებ პასუხისმგებლობას თვითმფრინავში დაღუპული ადამიანების ოჯახების წინაშე, ეს საოცრად მტკივნეული და სამწუხაროდ, გამოუსწორებელი ტრაგედიაა.……მინდა, ფილმს და პირადად, ჩემს უახლოეს ადამიანს, რეჟისორ რეზო გიგინეიშვილს წარმატება ვუსურვო! ფილმზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ამასობაში საკუთარ თავში განასხეულა ბიჭებიც და დაღუპულებიც!
ფილმის დასრულებული ვერსია არ მაქვს ბოლომდე ნანახი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ეპიზოდებზე ვცადეთ მე და რეზომ ერთად მუშაობა. თუმცა ჩემი სუბიექტურობის გამო წარმოუდგენელი იყო ობიექტურად დამენახა ფილმის ეპიზოდები... დარწმუნებული ვარ, ფილმი სწორედ გააზრებული, გულში გატარებული და ტკივილიანი იქნება, კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ მთელ ჯგუფს! ეს ხომ საქართველოს წარმატებაც იქნება.
კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ვაშაძე:
- "ბერლინალეს" ფარგლებში ფილმის პრემიერამ ძალიან კარგად ჩაიარა... უამრავი მაყურებელი დაესწრო, დარბაზი მთლიანად სავსე იყო. დასრულების შემდეგ ძალიან დიდი ოვაციები იყო მაყურებლის მხრიდან... სავარაუდოდ, ამ ისტორიის შესახებ საზღვარგარეთ ძალიან ცოტა რამ სმენიათ და ამიტომ უცხოელი მაყურებლისთვის ფილმი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ის ფაქტი, რაც საბჭოთა კავშირში 1983 წელს მოხდა, ფილმის მეშვეობით დღეს მთელ მსოფლიოს მოივლის. რეჟისურის მიხედვით ფილმში არ ჩანს პოზიცია ეს ბიჭები გმირები იყვნენ, თუ პირიქით... მაყურებელს ეძლევა საშუალება ეს თვითონ გადაწყვიტოს. ჩემი აზრით, ფილმი მთლიანად იმ სისტემაზეა, რომლის მსხვერპლიც საბჭოეთში ყველა იყო. როდესაც ფილმი საქართველოს კინოთეატრებში გამოვა, ამას ყველა დაინახავს.
- ფილმში თამაშობს ილიკო სუხიშვილი, მუსიკა კი კინოსურათისთვის დაწერა გია ყანჩელმა და ნიკოლოზ რაჭველმა...
- ილიკო სუხიშვილი მამა თეოდორე ჩიხლაძის როლს ასრულებს, რომელიც მაშინ ბიჭებთან ერთად, დახვრიტეს... დიდი როლი არ არის, მაგრამ დოკუმენტური კადრები მაქვს ნანახი და ილიკო ზუსტად გადმოსცემს იმ გმირის სახეს, რომელსაც თამაშობს... გია ყანჩელისა და ნიკოლოზ რაჭველის წვლილი ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ძალიან ემოციურ ფონს უქმნის ფილმს მუსიკა.
- ქართველი მაყურებელი როდის იხილავს ფილმს?
- ქართული პრემიერა ზაფხულის ბოლოს იგეგმება, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო გაყიდვებზე. ბრიტანეთის ერთ-ერთმა მსხვილმა სადისტრიბუციო კომპანიამ Westend Films აიღო ფილმზე საერთაშორისო დისტრიბუციაზე პასუხისმგებლობა. ის გეგმავს სტრატეგიას, ფილმი ეკრანებზე სხვადასხვა ქვეყანაში როდის გამოვა. ცხადია გარანტირებულია, რომ მას არაერთი ქვეყნის მაყურებელი იხილავს.
- პირად საუბარში ბატონმა მიშა კობახიძემ გაგვანდო, რომ მას არ სურდა ამ თემაზე ფილმი გადაეღოთ...
- ძალიან რთულია მიშა კობახიძის აზრს დაუპირისპირდეს ადამიანი. თუმცა კინო იმისთვის არსებობს, რომ საინტერესო ამბების ეკრანიზაცია მოხდეს. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე უნდა იყოს ღია საუბარი, რადგან საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ერთი აზრი ჩამოყალიბებული... არ გამოვრიცხავ ფილმი სხვებმაც გადაიღონ, რადგან ამოუწურავი თემაა. კინოსურათს რომ ვუყურებდი, მივხვდი, რომ საათნახევარი და ორი საათი ძალიან ცოტაა იმისთვის, ამხელა ისტორია გადმოსცე.
(ფოტოები აღებულია ფბგვერდი - ჯინსების თაობა)
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)