"დღეს რუსეთის სამიზნე უკრაინაა, ხვალ უკვე თქვენი ჯერი დადგება" - პუტინი აშშ-ს "იპყრობს"?! - კვირის პალიტრა

"დღეს რუსეთის სამიზნე უკრაინაა, ხვალ უკვე თქვენი ჯერი დადგება" - პუტინი აშშ-ს "იპყრობს"?!

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა კომპანიამ "Gallup" ქვეყნის მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა და "უცნაური" კანონზომიერება დაადგინა. აღმოჩნდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეიტინგმა აშშ-ში მაღლა აიწია და 22 პროცენტს მიუახლოვდა. პუტინმა ხმების უმრავლესობა აშშ-ის "რესპუბლიკური პარტიის" მომხრეებისგან მიიღო.

ამ ციფრებმა ოკეანისგაღმელი პოლიტიკოსები განცვიფრებაში მოიყვანა. ამ შედეგის უმთავრეს "დამნაშავედ" კი დონალდ ტრამპი მიიჩნევა, რომელმაც რუსეთის მიმართ თავისი დაუბალანსებელი გამოთქმებითა და მოქმედებებით თანამემამულეები ერთგვარად დააბნია კიდეც.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტრამპი რუსეთს სიყვარულში ეფიცებოდა. სასურველი სავარძლის დაკავების შემდეგ ტონი შეცვალა და რუსეთის მიმართ სანქციების გაუქმების წინააღმდეგ გაილაშქრა. მოგვიანებით კვლავ შეიცვალა პოზიცია.

გამოცემა "The Washington Post"-ის მტკიცებით, დონალდ ტრამპმა რუსეთთან ეკონომიკის სფეროში, აგრეთვე მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებებისთვის თანამშრომლობის კომუნიკე შეიმუშავა. თეთრი სახლის პრეს-მდივნის შონ სპაისერის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაღრმავება სურს.

"დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი უდიდესი სახელმწიფოა და მისი იგნორირება ჩვენს ქვეყანას არ წაადგება. აშშ-ის წინა ხელისუფლებას პუტინთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა. ბატონ დონალდს სურს, რომ ეს არასასიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს. ამ საქმიდან რა გამოვა ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი უახლოეს მომავალში გადაწყდება".

შონ სპაისერის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების დათბობა სურს. ამ მიზნის მისაღწევად არაფერს დაიშურებს, ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინებს წამყვანი ევროპული სახელმწიფოების ლიდერების აზრს. თუ ამ საკითხში მათ თანხმობას მიაღწევს, ვლადიმირ პუტინთან აქტიურ კონსულტაციებს აუცილებლად დაიწყებს, თუმცა თუ ტრამპის ადმინისტრაციას გადავხედავთ და იმ საკითხთა ნუსხასაც გავიხსენებთ, რაზეც ამ ორი ქვეყნის შეთანხმება გამორიცხულია, გრძელვადიანი, სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთთან, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

გავიხსენოთ ისიც, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, ტრამპმა მისი წინამორბედი ობამა სასტიკად გააკრიტიკა და შეახსენა, რომ რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია სწორედ მისი პრეზიდენტობისას შეძლო.

პუტინი უკრაინის ამჟამინდელმა პირველმა პირმა პეტრო პოროშენკომაც ახსენა. ტელეარხის "112 უკრაინა" ჟურნალისტებთან საუბრისას  პოროშენკომ განაცახდა:

"რუსეთსა და კერძოდ, ვლადიმირ პუტინს უკრაინელი ხალხი ჭირივით სძულს და მისი ფიზიკური განადგურებისთვის ყველაფერს აკეთებს. რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია კვლავ გრძელდება და მას ბოლო არ უჩანს. ვერანაირად ვერ ვხვდები ეს საომარი კონფლიქტი რა გზებით შევწყვიტოთ. პუტინი არანაირ დათმობებზე არ მიდის. მინდა გავაფრთხილო ბელორუსისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები. დღეს რუსეთის სამიზნე უკრაინაა, ხვალ უკვე თქვენი ჯერი დადგება", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთის)