"ადამიანი არის ცუდად... ექიმებს პასუხი არ აქვთ" - რატომ ვერ მოხერხდა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა? - კვირის პალიტრა

"ადამიანი არის ცუდად... ექიმებს პასუხი არ აქვთ" - რატომ ვერ მოხერხდა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა?

"როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე"

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა 27 თებერვალს დილის 11:00 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. დეკანოზის დაკითხვა დღესაც უნდა განახლებულიყო, თუმცა მისი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზის დაკითხვა მისი შეუძლოდ გახდომის გამო ჯერ ვერ მოხერხდა.

”ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს დაკითხვა უნდა შემდგარიყო. ჩვენ ჩვეულებრივად გამოვცხადდით. გვქონდა შეხვედრა მამა გიორგისთან. გარკვეული დროის შემდეგ, მამა გიორგიმ თავი შეუძლოდ იგრძნო. შესაბამისად, ის გაიყვანეს საკანში, ველოდებოდით პასუხს თუ რა ხდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც უკვე ადგილზე იყვნენ როგორც პროკურორი, ისე ადვოკატები, მეორეჯერ მოვითხოვეთ მამა გიორგის ნახვა, ექიმის განცხადებით, ის ისევ შეუძლოდ გრძნობდა თავს. როდესაც პირადად შევედი მთავარ ექიმთან, ოთარ ტრაპაიძესთან, ვკითხე მდგომარეობა, მან თქვა, რომ მამა გიორგის სიცხე ჰქონია 35, 4 და წნევა 98.60. პირად საუბარში მითხრა, რომ მიზანშეწონილია დაისვენოს და მერე მისცეს ჩვენება. ამის თაობაზე შევედი პროკურორთან და მოვითხოვე მტავარი ექიმის შემოსვლაც, რომელმაც უცებ შეცვალა ის, რაც პირადად მითხრა და სიტყვა დასვენება გადაიყვანა შესვენებაში. როცა მეორეჯერ შეამოწმეს მამა გიორგი ოქმში დაფიქსირდა ისიც, რომ მამა გიორგის გულისრევა ჰქონდა... ადამიანი არის ცუდად, რისგან არის ცუდად, ექიმებს პასუხი არ აქვთ”, - განაცხადა ადვოკატმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში.

”დღეს გამოვცხადით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით. ბევრი შეკითხვა გვქონდა დასასმელი და გვქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდით ამომწურავ პასუხებს - ასე ვიყავით შეთანხმებული თავად ადვოკატებთან და ბრალდებულთან. იმის გათვალისწინებითაც, რომ მიდიოდა ბრალდებები, თითქოს ჩვენ ვაჭიანურებდით პროცესებს, როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რასაც ვგეგმავდით დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა", - ამის შესახებ უკვე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში, მამალაძის დასაკითხად იმყოფება.

მისივე თქმით, პროკურატურამ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელშიც წერია, რომ ექიმებმა ორჯერ გასინჯეს ბრალდებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმაშია.

”მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით და მიზეზებით ჩაშალა დაკითხვის პროცესი”, - აღნიშნა პროკურორმა.