„ამტელ ჰოსპიტალის“ რენოვაცია დასრულდა, დაგეგმილია ნეონატალური და ოჯახის დაგეგმვის ცენტრის მშენებლობა - კვირის პალიტრა

„ამტელ ჰოსპიტალის“ რენოვაცია დასრულდა, დაგეგმილია ნეონატალური და ოჯახის დაგეგმვის ცენტრის მშენებლობა

Amtel Group-ის ინფორმაციით, „ამტელ ჰოსპიტალის“ სრული რენოვაცია და რეორგანიზაცია დასრულდა. „ამტელ ჰოსპიტალის“ 9 სართულიანი შენობის რეაბილიტაციისა და ჰოსპიტალის თანამედროვე, უახლესი აპარატურის აღჭურვის შესახებ Amtel Group-ის გენერალურმა დირექტორმა დანიელ გუფთამ და „ამტელ ჰოსპიტალის“ კლინიკურმა დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს და განახლებულ შენობაში პრესტურს უმასპინძლეს.

InterPressNews.Ge„Amtel Group-მა 2011 წელს ძველ, ამორტიზირებულ შენობაში განთავსებული პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექვსი კლინიკა შეიძინა. შენობა არ იყო უზრუნველყოფილი ელემენტარული პირობებით, როგორიცაა ცხელი წყალი, გათბობა-კონდიცირების სისტემა. გარდა ამისა, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებისთვის და მოთხოვნებისთვის შეუსაბამო სამედიცინო აპარატურით ფუნქციონირებდა, რის გამოც შეუძლებელი იყო კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურების გაწევა.

Amtel Group-მა 6 წლიანი რენოვაციის გეგმის ფარგლებში, 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა ისე, რომ ჰოსპიტალის ფუნქციონირება არ შეწყვეტილა. რეაბილიტაციის შედეგად, „ამტელ ჰოსპიტალი“ გახდა თანამედროვე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ყველა შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია აქვს. კლინიკაში 22 განყოფილებაა, მათ შორის, 7 ბავშვთა განყოფილება, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით და ფუნქციური ავეჯით. სამედიცინო დაწესებულებაში მისული პაციენტები ურგენტული, გეგმიური და ამბოლატორული მომსახურების სრულ მომსახურებას მიიღებენ. კლინიკაში სულ 210 საწოლია, საიდანაც 65 ბავშვთა პროფილისაა. სამედიცინო მომსახურებას „ამტელ ჰოსპიტალში“ დასაქმებული 160 კვალიფიციური ექიმი ეწევა, 21 მათგანს მინიჭებული აქვს სამედიცინო ხარისხი“, - განაცხადეს „ამტელ ჰოსპიტალში“.

მათივე განმარტებით, კლინიკა, ასევე აღიჭურვა თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეო კონტროლის სისტემებით, მედ-პერსონალის გამოძახების ღილაკით, ინტერნეტითა და IT სისტემით.

InterPressNews.Geროგორც Amtel Group-ის გენერალურმა დირექტორმა, დანიელ გუფთამ განაცხადა, მსგავსი ინვესტიციის განსახორციელებლად აუცილებელი იყო, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგრადობა, რაც საქართველოში დღესდღეობით არსებობს.

„საქართველოში ხელსაყრელი პირობებია ბიზნესის დასაწყებად და მის სამართავად. 30 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ და დღეს ჰოსპიტალი არის უკვე სრულად განახლებული. აღჭურვილობა არის სრულიად ახალი, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი. ჩვენი ბუღალტერიაც გამორჩეულია, რადგან გვყავს საერთაშორისო აუდიტორი. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ გვაქვს ნულოვანი დავალიანება და გვერდით გვიდგას მძლავრი ინვესტორი. ასევე მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულების ლოკაციაც - „ამტელ ჰოსპიტალი“ მდებარეობს ისეთ ადგილზე, სადაც არის ხალხმრავლობა და ნებისმიერი წერტილიდან აქ მოსვლა არის მარტივი. პაციენტებს დამატებით კომფორტს უქმნის ისიც, რომ ჩვენ გვაქვს მულტიპროფილური, ძალიან ფართო სპექტრის მომსახურება“, - განაცხადა დანიელ გუფთამ.

„ამტელ ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორის ლაშა მაჭარაშვილის განცხადებით კი, კორპორატიული სტრუქტურის რეორგანიზაციის და ჰოსპიტალის მენეჯმენტის განახლების შედეგად შეიქმნა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე, ასევე პაციენტისთვის კომფორტული და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფაზე.

„რამდენიმე ასპექტია, რაც „ამტელ ჰოსპიტალს“ მომხიბვლელობას აძლევს. პირველ რიგში გამოვყოფ სამედიცინო პერსონალის კომპეტენციას. ასევე იმას, რომ ჩვენთან მუშაობს სამედიცინო უნივერსიტეტის ორი კათედრა. გვაქვს გამორჩეული პირობები - არის თანამედროვე აპარატურა და გვყავს პროფესიონალი კადრები. აღსანიშნავია ისიც, რომ სერვისი ხელმისაწვდომია საშუალო დონის მოსახლეობისთვის. ჩვენთან მოქმედებს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაზღვევა“, - განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ რენოვაციის დასრულების პარალელურად, Amtel Group-მა დაგეგმა ნეონატოლოგიის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის მშენებლობა, რომელიც „ამტელ ჰოსპიტალის“ მიმდებარედ, ახალ შენობაში განთავსდება. ამ ეტაპზე მიმდინარებს ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები.

InterPressNews.Ge„ჩვენ შევისწავლეთ სამედიცინო ბაზრის ეს სეგმენტი და ვხედავთ, რომ რეპროდუქციისა და ოჯახის დაგეგმვის სფეროში უშვილობის ეფექტურად მკურნალობის ცენტრების რაოდენობა საქართველოში შეზღუდულია. დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო სფეროში ხარისხიანი მომსახურების გაწევის კუთხით ჩვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია დაგვეხმარება მაღალი კლასის რეპროდუქციისა და ოჯახის დაგეგმვის ცენტრის შექმნაში“, - განაცხადა დანიელ გუფთამ.

„ამტელ ჰოსპიტალი“ მდებარეობს მეტრო 300 არაგველთან ახლოს, წინანდლის ქ. #9-ში.

Amtel Group-მა საქმიანობა 1990 წელს დაიწყო. 2005 წლიდან კომპანია რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოში ჩართულია დეველოპერული და უძრავი ქონების მართვის ბიზნესში. კომპანიის პორთფელში წარმოდგენილი პროექტების და ობიექტების საერთო ფართი 1 მილიონ კვადრატულ მეტრს აღემატება.

InterPressNews.GeAmtel Group -ის მიერ განხორციელებული პროექტებია, ბიზნეს-პარკი „ტექნოპარკი ორბიტა“ (დაახლოებით 100 000 კვ. მ), მოსკოვში „Holiday Inn Moscow-Seligerskaya“, ბიზნეს ცენტრი მინსკში - „Hampton by Hilton“, „ А+В კლასის ლოჯისტიკური კომპლექსი“ უკრაინაში, კიევის რაიონში, კურორტი ქალაქგარეთ „Hilton Garden Inn Moscow New Riga“ და „ლოჯისტიკური ცენტრი Klin Logistics“ - მოსკოვის რაიონი.

საქართველოში Amtel Group ფლობს სასტუმრო „Citadines Freedom Square“-ს, „Amtel Hospital“-ს და საკმაოდ პერსპექტიულ მიწის ნაკვეთებს სამომავლო პროექტებისთვის.

(R)